„როცა ბიზნესი გაქვს, მხოლოდ შემოსავალზე არ უნდა ფიქრობდე“

ბიზნესლედი
10.05.2016 18:00
611

 „ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რა ბედნიერებაა, საკუთარი ბიზნესით ხარ დაკავებული და ნეტა რამე პრობლემა ან სადარდებელი თუ გაქვსო. ამ ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ მოდის და დიდ შრომასთანაა დაკავშირებული" -  გვიყვება კლინიკა „დერმას“ ერთ-ერთ დამფუძნებელი, დირექტორი და იურისტი, 27 წლის სალომე სურგულაძე.


- სალომე
, ბიზნესის სფეროში როგორ აღმოჩნდით?
- დედა, ირინა გორგოძე, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დერმატო-კოსმეტოლოგია. ამ სფეროში მას 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ქალბატონი მანანა შალიბაშვილი მთავარი ლაზერო-თერაპევტია და მასაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს. საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეაც აქედან გაჩნდა. 

- ბიზნესის საწყის ეტაპზე რა სირთულეებს წააწყდით?
- როცა ბიზნესში ჩავერთე, 4 წლის წინათ, საკმაოდ პატარა ვიყავი. პროფესიით იურისტი გახლავართ და ჩემთვის ბიზნესის მართვა საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა, თუმცა, როცა ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის, მისი წინ წამოწევა საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ გამოცდილი ექიმების დამსახურებით ამ ყველაფერს კარგად გავართვით თავი. როცა „დერმა“ ფეხს იდგამდა, უამრავი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა. კონკურენციის პირობებში არაერთი დეტალია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში კი ის, რომ შენს მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შესთავაზო.

- ეს რას გულისხმობს?
- მომხმარებლისთვის მისაღები ფასებიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს ის ნიუანსია, რომელსაც სწორად თუ არ გათვლი, შეიძლება მომხმარებელი დაკარგო. 4 წელია, ბაზარზე ვართ. იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა, რომ ჩვენი პაციენტი ფასის გამო სხვაგან წასულა, თუმცა უკან აუცილებლად დაბრუნებულა, რაც ძალიან მახარებს.

- კლინიკა ,,დერმას“ რა მიღწევები აქვს?
- კლინიკის მიღწევად პირველ რიგში შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გვყავს უამრავი კმაყოფილი და ერთგული კლიენტია. გარდა ამისა „ქართული ბრენდის დღეზე“ „ახალი ქართული ბრენდის“ ნომინაცია მოგვანიჭეს, რაც ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
- აქცენტს გავაკეთებ იმაზე, რომ კლინიკა „დერმას“ პროფესიონალი ექიმები ემსახურებიან. გარდა ამისა, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის უახლესი აპარატურა გვაქვს. პროდუქცია ისრაელიდან შემოგვაქვს. კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და კოსმეტოლოგიის დაბალი ხაზი არ გვაქვს. ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო კი დაუღალავი შრომა, პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი და გაფართოვების მუდმივი მცდელობაა. ყოველთვის ვფიქრობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, დავნერგეთ ახალი პროცედურები, ვამატებთ ახალ სერვისებს, რადგან ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი და სრული სერვისი შევთავაზოთ. კლინიკა ,,დერმას" ძირითადი მიმართულებაკოსმეტოლოგიური პროცედურები და ლაზერული ტექნოლოგიებია, თუმცა სხვა მომსახურეობებიც დავამატეთ, როგორიც არის სპა-პროცედურები, ავტორუჯი და სულ რაღაც ორი თვეა სილამაზის სალონიც გავხსენით. 

- რა არის ბიზნესლედის აუცილებელი თვისება?
- პუნქტუალურობა, პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული აუცილებლად გათავისებული უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, თვითდაჯერებული და არამერყევი ხასიათის უნდა იყოს. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რა ბედნიერებაა, საკუთარი ბიზნესით ხარ დაკავებული, ნეტა რამე პრობლემა ან სადარდებელი თუ გაქვსო. სიმართლე გითხრათ, არ ვბრაზდები, რადგან ამ ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ მოდის და დიდ შრომასთან არს დაკავშირებული.იმას ვერ ხვდებიან, დღე-ღამის განმავლობაში რამდენ რამეზე მიწევს ფიქრი.

- როცა იურიდიულზე სწავლობდით, ფიქრობდით, რომ ბიზნესის სფეროში აღმოჩნდებოდით?
- ოჯახის წევრები ექიმები მყავს, რის გამოც სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინოზე ჩავაბარე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არ იყო და იურისტი გავხდი. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და ამიტომ იურიდიულზე სწავლის პერიოდში, ყოველთვის ვოცნებობდი, საჯარო სამსახურში მემუშავა. ვფიქრობდი, რომ  სისხლის სამართლის მიმართულებით წავიდოდი, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. სისხლის სამართლის ნაცვლად, ჩემი საქმიანობა სამოქალაქო სფეროს დავუკავშირე.ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიზნესის სფეროში აღმოვჩნდი.

- იურისტს ბიზნესლედის ამპლუის მორგება არ გაგიჭირდათ?
- არა, ბიზნესლედის სტატუსი იმდენად კარგად მოვირგე, საჯარო სამსახურზე მას შემდეგ აღარც მიფიქრია. „დერმაში“ იურიდიულ საკითხებს მე თვითონ განვაგებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს ნამდვილ პროფესიას არ ჩამოვშორებულვარ. გამოდის, დამფუძნებელიც ვარ, დირექტორიც და იურისტიც.

- სამი სტატუსი საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. თავს როგორ ართმევთ?
- გეთანხმებით, საკუთარ თავს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრე. მთელი დღე დაკავებული ვარ, მაგრამ რას ვიზამთ. ორი შვილი მყავს და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დროს ისე ვანაწილებ, რომ შვილებთან ურთიერთობის დეფიციტს არ განვიცდი. არ არსებობს, სახლში ისე დავბრუდე, რომ სამსახურში საქმე დაუსრულებელი დავტოვო.

- საკუთარ თავს რას ვერ აპატიებდით?
- სახლის პრობლემა სამსახურში რომ მოვიტანო და თანამშრომლებზე ეს ცუდად აისახოს, ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ბევრისგან მსმენია, ისეთ სამსახურში ვმუშაობ, მისვლა არ მინდაო. მე კი მიხარია, რომ ჩემი თანამშრომლები „დერმაში“ თავს კომფორტულად გრძნობენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან სამართლიანი ვარ. შეიძლება შენიშვნა მივცე ვინმეს, მაგრამ ეს არაკორექტული არასდროს იქნება.

- სამსახურსა და ოჯახს გარეთ როგორია ბიზნესლედის ცხოვრება?
- იმდენად ვიღლები, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთადაც იშვიათად ვერთობი. ჩემთვის განმუხტვის საუკეთესო საშუალება შვილებთან ერთად საღამოს გატარებაა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ძალიან მინდა, ქველმოქმედებას მივყო ხელი. პატარ-პატარა საქველმოქმედო პროექტებს ახლაც ვახორციელებ, მაგრამ ამის აფიშირება არ მიყვარს. ვიწყებ პროექტს, რომლის საშუალებითაც გაჭირვებულ ოჯახებს ყოველთვიურ დახმარებას გავუწევთ. როცა ბიზნესი გაქვს, მხოლოდ შემოსავალზე არ უნდა ფიქრობდე.

- ბიზნესლედის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე ვიზუალია. გადატვირთული გრაფიკის ფონზე გარეგნობაზე ზრუნვას როგორ ახერხებთ?
- გარეგნობაზე ზრუნვას ძალიან ცოტა დროს ვუთმობ. ვარჯიში დავიწყე, რადგან მივხვდი, რომ ჩემთვის სპორტული ცხოვრება აუცილებელია. როცა კომპანიის სახე ხარ, ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდე, მით უმეტეს მაშინ, როცა კლინიკას წარმოადგენ. „დერმაში“ ჩემი საყვარელი პროცედურა ავტორუჯია, რაც საკმაოდ უსაფრთხო გახლავთ. ვერ გეტყვით, რომ გამუდმებით პერანგითა და კლასიკური შარვლით დავდივარ... ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ამიტომაც ყოველდღიურ ჩაცმულობაში უპირატესობას სპორტულ სტილს ვანიჭებ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე