ავთანდილ სვიმონიშვილი: ბიზნესში ემოციური გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია!

ბიზნესმენი

28 ივლისი 14:00, 2015 წელი
101

მან აგრარული ქვეყნის აგრარულ სექტორში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია შექმნა. სამინისტროდან ბიზნესსექტორამდე კი დაბრკოლებებით სავსე და რთული გზა გაიარა. დღეს რუბრიკის სტუმარია ს/ს „მარგებელის“ დამფუძნებელი ავთანდილ სვიმონიშვილი.

დღეს ჰოლდინგი „მარგებელი“ საქართველოს ბაზარზე მოღვაწე ოთხ უმსხვილეს კომპანიას აერთიენებს - „წყალი მარგებელი“, „ენგადი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, „მარნეული აგრო“. 
ყველაფერი კი „ნაბეღლავით“ დაიწყო...
ჯერ კიდევ 1905 წელს მდინარე გუბაზოულის ნაპირზე აღმოაჩინეს მინერალული წყალის საბადო უნიკალური სამკურნალო თვისებებით და გემოთი.
1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდა „ნაბეღლავს“.
1998 წლიდან სს „წყალი მარგებელმა“ ძველი ქარხნის რეკონსტრუქციის შემდეგ განაახლა ჩამოსხმა და
გახდა ლიდერი მინერალური წყლის ბაზარზე. 



- ბატონო ავთანდილ, ბანალურია ერთგვარად, მაგრამ მაინც - რა იყო მანამდე, როგორ დაიწყეთ საკუთარი ბიზნესის კეთება?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მანამდე ბიზნესთან საერთოდ შეხება არ მქონია. მანამდე საავტორო გერმანული გიმნაზია მქონდა და მჭიდრო კავშირში ვიყავით შვეიცარიელებთან - არსებობს საქართველო შვეიცარიის მეგობრობის საზოგადოება. მათ თავად გამოთქვეს დახმარების სურვილი. გახსოვთ, მაშინ საშინელი პერიოდი იყო. ჰუმანიტარული დახმარება და ტვირთი რამდენ ხანს გვეყოფოდა - ჰოპ, უცებ ავითვისებდით და ეგ იყო. გვინდოდა, სოფელი ადგილზე დაგვემაგრებინა და იმ სიბნელეში ქვეყნისთვის რამე გაგვეკეთებინა.
ეს წყალი ძალიან მოეწონათ ევროპელებს. თავიდან ძველისძველი ქარხანა გვქონდა, საბჭოთა დროინდელი. მერე ჩატარდა რეკონსტრუქცია, შემოვიტანეთ ავსტრიული, გერმანული, იტალიური ხაზები. ამჟამად EBRD-ის გრძელვადიანი კრედიტი გვაქვს აღებული „ნაბეღლავის“ გარანტიით. გარანტიის გარეშე, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს მოგცემს.


- ძნელი იქნებოდა იმ ყიამეთში...
- რთული იყო, გენერატორით ვმუშაობდით... პირველი ხუთი წელი სრულ ზარალზე მივდიოდით. ადგილობრივებიც ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ყველაფერს. ათას ბოთლს თუ გავყიდდით, ზეიმი გვქონდა, დიდ ამბად მიგვაჩნდა. ჩვენი ხელით გავაკეთეთ რემონტი, ჩვენ თვითონ ვისხედით მანქანებზე, დავათრევდით ბოთლებს, ვარიგებდით წყალს... რეალიზაციაც გვიჭირდა, ხალხს ფული არ ჰქონდა. მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ კონკრეტული მიზანი გაქვს, მას შრომით და ნებისყოფით აუცილებლად მიაღწევ. მე პირადად, ბიზნესში ემოციური გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია! 


- „ნაბეღლავი“ რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც?
- ლამაზი კუთხეა, უნიკალური თვისებების წყალი, ჩემი მეუღლეც გურიიდანაა... ჩვენს ევროპელებს ისე მოეწონათ „ნაბეღლავი, ყოველგვარი თავდებისა და გარანტიის გარეშე მოგვცეს თანხა. მათგან არცერთია ბიზნესმენი - ერთი ფსიქიატრია, მეორე მუსიკოსი... ბიზნესი 50 000$-ით დავიწყეთ. მაშინ ეს დიდი თანხა იყო.


- ამ ბიზნესამდე რა იყო?
- საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, 150 ლარი მქონდა ხელფასი. ეს სამსახური ერთ პრივილეგიას მაძლევდა - ტალონებით არ ვმდგარვარ პურის და კარაქის რიგში. მაგრამ დამღალა გამუდმებულმა შიდა ინტრიგებმა და ერთმანეთის ჭამამ.  ავდექი და წამოვედი. ჩემი ოჯახის წევრებსაც ისე ჰქონდათ მობეზრებული, გული არავის დასწყვეტია.


- ამბობდით, ფინანსური რისკების გარეშე ბიზნესი წარმოუდგენელიაო.
- ასეა. მთელი ეს პერიოდი სულ ვალები და კრედიტები გვაქვს. არც გვეშინია. თავიდან პატარა იყო წარმადობა, მაგრამ ოჯახი ძალიან მედგა მხარში. ადგილობრივებმაც იმდენად კარგად აითვისეს საქმე, დღემდე არცერთი უცხოელი არ მყავს საწარმოში. ეტყობა, ნიჭიერი ხალხია ეს გურულები (იცინის). დღესდღეობით „ნაბეღლავი“ ბევრ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის - ირანში, თურქეთში, შტატებსა და კამბოჯაშიც კი. 


- თქვენ ქართლელი ხართ და მეუღლე გურული გყავთ. ერთმანეთს როგორ უგებთ?
- სხვათა შორის, თავიდან გურულების ხასიათის და იუმორის გაგება ცოტა მიჭირდა, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. მე დინჯი ქართლელი ვარ, ისინი ჩქარები არიან. ამ მხრივ მიხოც დედის მხარეს წავიდა (მიხო სვიმონიშვილი, სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრი, ბატონი ავთანდილის შვილი. რედ.)


- მიხოს პოლიტიკაში წასვლას როგორ შეხვდით?
- მე თუ მკითხავთ, მიხო პოლიტიკაში არც ყოფილა. მიხო იყო მინისტრი, თანაც ცოტა ხანს და არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში. მახსოვს, 90-იანებში, როგორც კი საწარმო გავხსენით და მილიდან კვამლი ამოვიდა, თუ ვინმე იყო - უშიშროება, ფინანსური, შსს, ადგილობრივი თუ ცენტრალური - ყველამ ჩვენთვის მოიცალა. მაშინვე მოგვადგნენ. რთული წლები გამოვიარეთ და სულ ბრძოლა გვიხდება. ჩვენი შვეიცარელი მეგობრები ძალიან გვიმაგრებდნენ ზურგს. დარწმუნებული ვარ, რომ მიხო პოლიტიკაში არ დაბრუნდება, საკმაოდ კარგად ვიცით შიდა ინტრიგები და თამაშები.


- როგორი იყო მიხო ბავშვობაში?
- ძალიან მშვიდი, კარგად სწავლობდა. გაცვლითი პროგრამით წავიდა გერმანიაში. 15 წლიდან გერმანიაში დიდ სამშენებლო კომპანია „აიზენბერგში“ მუშაობდა. შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში ჩააბარა, ასევე გაიარა უმაღლესი საბანკო სკოლა.
სხვათა შორის, მისი მინისტრობა არაფრით დამხმარებია. ქვეყანა აიკლეს, ყველაფერი მაგათიაო, ამბობდნენ. ჩვენ როგორც დავიწყეთ ბიზნესი, ისევე ვაგრძელებდით. მინისტრი სვიმონიშვილი ხან რის შესყიდვას მაძალებდა გლეხებისგან, ხან რისას (იცინის). ამჟამად მრავალშვილიანი ოჯახის მამაა, საოცრად ენერგიული ადამიანია, უსაქმოდ ვერასდროს ჩერდება. უცხოეთში გატარებული წლები ძალიან დაეხმარა, უფრო დამოუკიდებელი და ორგანიზებული გახდა. არასდროს მინანია, ამხელა გზაზე რომ გავუშვი. ხუთწლიანი სასწავლებელი ოთხ წელიწადში დაამთავრა, რათა დროზე ჩამოსულიყო - ეს პრეცედენტი იყო გერმანიაში. არადა სტიპენდიაც ჰქონდა და კარგ პირობებშიც ცხოვრობდა. არაჩვეულებრივად ფლობს გერმანულ ენას და ძალიან გვეხმარება თავისი ბიზნესკონტაქტებით.