რა სამკაულს ატარებს „ზარაფხანას“ დირექტორი?

ბიზნესმენი

11 აგვისტო 14:00, 2015 წელი
88

ქართულ კომპანია „ზარაფხანას“ ორი წელიწადია, დავით ხაჩიძე უდგას სათავეში. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, დიდი პატივია, ამ რთულ საქმესა და სილამაზეს ემსახურებოდე...


„ზარაფხანის“ ისტორია 1939 წელს იწყება თბილისის ოქრომჭედელთა ჰამქრის თაოსნობით, რომლებიც ლესელიძის ქუჩაზე თბილისის საიუველირო ფაბრიკას აარსებენ. 
2005 წელს საწარმო კერძო საკუთრება ხდება და ქართული საიუველირო ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნება-განვითარებას ისახავს მიზნად.
კომპანიას ამჟამად დავით ხაჩიძე ხელმძღვანელობს:
- ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად და ბანალურად დაიწყო. იმხანად ვაკანტური იყო დირექტორის პოზიცია, მეც თავისუფალი ვიყავი, სამეთვალყურეო საბჭოსაც მოეწონა ჩემი კანდიდატურა და გავხდი დირექტორი. მანამდე ბევრგან მიმუშავია - „თელასში“, „უშბაში“, „საქართველოს ბანკში“...
არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც იშვიათია კომპანია, რომელსაც ამხელა წარმოება და გაყიდვების მიმართულება ერთად აქვს. ამასთანავე, ეს არ არის კონვეიერი, სერიული ნაკეთობაც კი ორი ერთნაირი არ არსებობს. ვაწარმოებთ სამკაულებს, სუვენირებს, რელიგიურ ნივთებს, მედლებს, სახელმწიფო ჯილდოებს. ეს არ არის ყოველდღიური მოხმარების საგნები, ეს ხელოვნების ნიმუშებია. საიუველირო წარმოება ურთულესი და საინტერესო პროცესია, სულ სხვა სამყაროა, უამრავ რაღაცას სწავლობ. რამდენიმე მოდელი პირადად ჩემი იდეით შეიქმნა და ყველას ძალიან მოეწონა. ამის გამო დღემდე დიდი სიამაყის გრძნობა მაქვს. სამხატვრო ჯგუფის ხელმძღვანელზე აღარაფერს ვამბობ - მას საოცარი, სასწაული იდეები მოაქვს.




- თქვენსა და სამხატვრო ჯგუფს შორის აზრთა სხვადასხვაობა ხშირად არის?
- ძალიან და ამიტომ იქმნება ასეთი სილამაზე. ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რაც ყველას აღაფრთოვანებს. საბოლოოდ მივდივართ კონსენსუსამდე. ამაზე ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“ მახსენდება ხოლმე (იცინის). მცირე ხნის წინ შევქმენით ულამაზესი კოლექცია თამარ მეფე, რომელსაც საოცარი რეზონანსი მოჰყვა. კოლექციაში ქართველებისთვის გამორჩეული მეფე ქალის პირადი სამკაულების ასლებია წარმოდგენილი. სამხატვრო ჯგუფმა, ხელოვნების მუზეუმთან ერთად, საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით იმუშავა. გავაკეთეთ სამაჯურები, სატიტულო ბეჭდები, ბეჭდები, გულსაკიდი, საყურეები, სამაჯური... განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თამარის გულსაკიდი ჯვარი, რომელიც მარგალიტებითა და აქატით არის გაწყობილი. ზუსტი ასლი მხოლოდ ჯვარია. მანამდე შევქმენით სამკაულები ვანისა და მცხეთის არქეოლოგიური მონაპოვრის მიხედვით.


- უცხოელებს, ალბათ, ძალიან მოსწონთ ქართული საიუველირო ნაკეთობები?
- კი, ნამდვილად. სტანდარტული სამკაულების ყიდვა ყველგან შეიძლება, ამიტომ მათთვის უფრო საინტერესოა ისტორიული სამკაულები, თუნდაც თამარის. ძალიან ბევრი ჩვენი სუვენირი, მაგალითად - ლომი, პრეზიდენტის, პრემიერისა და ბევრი ცნობილი ადამიანის ოთახებს ამშვენებს. ჩვენი შექმნილი სამაჯური შერონ სტოუნს აჩუქეს, რომელიც ამ ნაკეთობით აღფრთოვანდა. მალე ქართული საიუველირო ნაწარმი პირველად გავა ექსპორტზე! ვაპირებთ ბაქოში ბრენდმაღაზიის გახსნას და ამ მიმართულებით გაფართოებას. „ზარაფხანის“ ბოლო კოლექციაა ფერები, რომელიც ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით არის შესრულებული. ეს შედარებით მცირებიუჯეტიანი პროექტია.


- მამაკაცები იძენენ სამკაულებს?
- უფრო იშვიათად. უცხოეთში ძალიან პოპულარულია სახელობითი ბეჭდები, მაგრამ ქართველ კაცებს დიდად არ უყვართ. უფრო საქორწინო რგოლს ატარებენ (ეღიმება) ან სამაჯურებს. თუმცა, მინდა გითხრათ, გემოვნებას ნამდვილად არ უჩივიან და სწორედ ამის გათვალისწინებით გვაქვს შექმნილი კოლექცია „მამაკაცებისთვის“.


- პირადად თქვენ ატარებთ სამკაულებს?
- ყველას უკვირს, მაგრამ არ ვატარებ, ვერ ვეგუები ზედმეტ აქსესუარებს - აქ მოსვლის შემდეგაც კი. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გემოვნება მაქვს, ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, მეუღლისთვის რამე მეჩუქებინა და არ მოსწონებოდა. ჩუქებით კი ხშირად ვჩუქნი - მიზეზითაც და უმიზეზოდაც... სამკაულები არასდროს მაინტერესებდა, არც საიუველირო წარმოებაზე მიოცნებია (იცინის), მაგრამ რაც აქ დავიწყე მუშაობა, ყველაფერი შეიცვალა... ძალიან უინტერესო და უღიმღამო ადამიანი უნდა იყო, რომ ამ საქმემ არ მოგხიბლოს. არ მიყვარს მარტივი რაღაცები.


- მკაცრი უფროსი ხართ?
- მე არ ვარ ხელმძღვანელი, რომელიც მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებს, თუმცა ვარ ობიექტური, კრიტიკული როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართაც. უბრალოდ, სხვაგვარად ვერ იქნები წარმატებული. რაც შეეხება ჩემს სიმკაცრეს,  ამის შესახებ სჯობია, ჩემს თანამშრომლებს ჰკითხოთ (ეღიმება).