დიმიტრი ავეტისოვი: ბიზნესი დიდი თამაშია, რომლის ანგარიში პირდაპირ შენს საბანკო ანგარიშზე აისახება

ბიზნესმენი

25 აგვისტო 14:00, 2015 წელი
56

წარმატებული რომ იყო, ან ფული გჭირდება, ან ნაცნობობა, ან დაუღალავი შრომა. ჩვენ, მესამეს გარდა, არჩევანი არ გვქონდა, – ამბობს კომპანია „სარეკლამო ჯგუფის“ დამფუძნებელი დიმიტრი ავეტისოვი, რომელიც 15 წელია, ამ სფეროშია.

- დღეს ჩვენ სარეკლამო საწარმო უფრო გვაქვს, ვიდრე სააგენტო. მთელი სული და გული ჩავდეთ ამ საქმეში. საწარმო სააგენტოსგან იმით განსხვავდება, რომ ვაკეთებთ ყველაფერს და ნაკლებად  ვართ აუტსორსინგით დაკავებული. ჩვენ კრეატიულ, არაორდინარულ შეკვეთებს ვიღებთ. დამკვეთს ძალიან როცა უჭირს და რაღაც უფრო რთულია მოსაფიქრებელი, ძირითადად, მაშინ მოგვმართავენ ჩვენ (იღიმება). უკვე 15 წელია, რაც ამ ბიზნესში ვარ. რაც სკოლა დავამთავრე, მას შემდეგ სულ ვმუშაობ. თავიდან სარეკლამო აგენტი ვიყავი და ჩემი ხელფასი 15 ლარიდან იწყებოდა პროცენტული ანაზღაურებით. შემდეგ სტამბაში წავედი დამხმარედ, მერე ოფისში გადამიყვანეს დიზაინერად... კარგა ხანს ვიყავი მარკეტინგის მენეჯერიც და თან დიზაინერი. შემდეგ მეგობრებთან ერთადაც გავხსენი სარეკლამო ფირმა. მართალია, სამი წლის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ დღემდე ვმეგობრობთ. მაინც მინდოდა, ცალკე, საკუთარი საქმე მქონოდა.


- ასე პატარა ასაკში ბევრი არ იწყებს მუშაობას. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ - ოჯახური პირობებიდან გამომდინარე თუ, უბრალოდ, დამოუკიდებლად ცხოვრება გინდოდათ?
- რას ამბობთ, ვნანობ, კიდევ უფრო ადრე რომ არ დავიწყე (იცინის). ძალიან ძლიერი მისწრაფება მქონდა, დამოუკიდებლად ავსულიყავი მწვერვალზე. თუმცა, მუშაობა ცოტა ადრე რომ დამეწყო, სკოლას ასე კარგად ვერ დავამთავრებდი. მშობლები თავიდან ცოტა სკეპტიკურად მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, მაინც სხვა დრო იყო - სიბნელე, გაურკვევლობა, არეულობა... ეშინოდათ. ახლა ყველაფერში მხარს მიჭერენ. 


- განვითარების გრძელი და რთული გზა გაგივლიათ...
- დიახ, ასეა. ოფისისთვის პირველი ავეჯი ბარტერით შევიძინეთ, კომპიუტერი განვადებით გამოვიტანე, ქირის პირველი თვეების ფული მეგობრებში ავაგროვეთ. მინიმალური „სტარტ აპი“ გვქონდა. პირველი ოთხი წელი მართლა დღე და ღამე ვმუშაობდით, თავი დავაკალით, წუთით არ შეგვისვენია. წარმატებული რომ იყო, ან ფული გჭირდება, ან ნაცნობობა, ან დაუღალავი შრომა. ჩვენ, მესამეს გარდა, არჩევანი არ გვქონდა (ეღიმება). ხუთი წლის თავზე კარგად დავდექით ფეხზე და ნდობა დავიმსახურეთ. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციები და დიდი კომპანიები, ასევე სახელმწიფო უწყებები. მაგალითად, 26 მაისის ღონისძიების გაფორმება თავდაცვის სამინისტრომ მთლიანად ჩვენ გვანდო. ჩვენ, სარეკლამო კონსტრუქციების გარდა, გვაქვს სტამბის პრინტმომსახურება, კორპორაციული ავეჯის დამზადება, ივენთების მომსახურება-დეკორირება. ძალიან მინდა, ტურისტული სააგენტო და ღვინის ტურები გავაკეთო - ეს იდეის დონეზე.


- რა იყო თქვენს საქმეში ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი?
- 2008 წლის ომი! ძალიან უკან დაგვწია. რამდენიმე თვე გაჩერებულები ვიყავით. არადა საქართველოში არაჩვეულებრივი ბიზნესკლიმატი იყო, ეს სფეროც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. იმ პერიოდში ერთადერთი, რასაც ვბეჭდავდით, იყო სტიკერები ტრანსპორტისთვის, წარწერით: „სტოპ რაშა!“ (იცინის).


- უახლოესი გეგმები?
- მივდივარ სტამბულში, აზიის უდიდეს სარეკლამო გამოფენაზე და მინდა, ტექნოლოგიური სიახლეებით დავბრუნდე. სხვათა შორის, თებერვალში ამერიკაში ვიყავი  და ვფიქრობ, მალე ყველაფერი მულტიმედიური გახდება. გამაოცა ამერიკის ცხოვრების ტემპმა, ძალიან ჩქარია და ჩემია ეს ტემპი. აქ არავის არსად ეჩქარება, არ იცის ხალხმა დროის ფასი. თუმცა საკმაოდ ჩქარი ხალხი ვართ.


- აზარტული ხართ?
- აზარტული? ბიზნესი მთლიანად თამაშია და ამ თამაშის ანგარიში პირდაპირ შენს საბანკო ანგარიშზე აისახება! თუმცა აზარტული თამაშები ნაკლებად მხიბლავს. ჩემი ბიზნესი ჩემი შვილივითაა - დღესდღეობით, სამწუხაროდ, ერთადერთი შვილივით.


- იღბლიანი ხართ?
- საოცრად! სულ მაქვს ზევიდან დახმარების იმედი, რაღაც ძალა მმფარველობს. ამიტომ არასდროს ვვარდები პანიკაში. რა ფორსმაჟორიც უნდა იყოს, მშვიდად ვარ, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად, საოცრად ოპტიმისტი ვარ და ცხოვრებას მსუბუქად ვუდგები. 


- არასოდეს ყოფილხართ უმუშევარი?
- არასდროს! პირიქით, როცა ვისვენებ, უხერხულობის განცდა მაქვს ხოლმე. ამიტომაც შეუძლებელ ვადებში ვაკეთებთ ყველაფერს, არანორმალური რეჟიმი გვაქვს.