დავით ასათიანი: ერთია, იყო კარგი იურისტი და ინტელექტუალი, მეორეა, იყო კარგი ადვოკატი, რომელსაც ენდობიან

ბიზნესმენი

1 სექტემბერი 14:00, 2015 წელი
135

თუ შენი ორიენტირი მუდმივად მოგება და შემოსავალი იქნება, პროფესიონალი ვერასდროს გახდები! – ამბობს იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატების“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი დავით ასათიანი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა. რატომღაც, პრაქტიკული საქმიანობა უფრო მხიბლავდა, ვიდრე კათედრაზე სამეცნიერო მოღვაწეობა. უკვე 15 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ.
ვფიქრობ, გარკვეულწილად გამიმართლა, რადგან ეს პერიოდი სასამართლო სისტემის რეფორმას დაემთხვა და ახალ სამართლებრივ რეალობაში მომიწია პრაქტიკის დაწყებამ.
იცით, ფაქტობრივად, კურიოზული იყო ჩემი შესვლა პროფესიულ სფეროში. უნივერსიტეტის აუდიტორიიდან პირდაპირ სასამართლოს დარბაზში აღმოვჩნდი. მანამდე სასამართლოს შენობაშიც კი არ ვყოფილვარ. ჰოპ და უცებ მხარის ადვოკატი გავხდი! ეს იყო ჩემი პირველი პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა. სხვათა შორის, მაშინ ჩემი კლიენტი უცხოური კომპანია იყო  და დღემდე მიკვირს, როგორ მანდეს ასეთი სერიოზული საქმე გამოცდილების არმქონე, ახალგაზრდა იურისტს! არ ვიცი, რა დაინახეს ჩემში. ამ ისტორიას ჩემს კოლეგა ამერიკელ და ევროპელ ადვოკატებს რომ ვუყვები, არ სჯერათ. იქ ადვოკატი 30-35 წლამდე, გამოცდილი ადვოკატის დახმარების გარეშე, მნიშვნელოვან პროცესზე ვერ მოხვდება.
1999 წლიდან ამ საქმიანობას ვეწევი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საადვოკატო სფერო მთლიანად კომერცია ან ბიზნესია.
თუ შენი ორიენტირი მუდმივად მოგება და შემოსავალი იქნება, პროფესიონალი ვერასდროს გახდები!
მართალია, უამრავ კომპანიასთან გვიწევს თანამშრომლობა, რადგან ჩვენ ძირითადად ბიზნეს, კომერციული სამართლის მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ადვოკატობა ცოტა უფრო სხვა რამ არის, ვიდრე უბრალოდ ბიზნესკომპანიის ქონა და სამართლებრივი სერვისების მიწოდება. მთავარია კლიენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება და დაცვა, საქმის სიყვარული და მართლმსაჯულების ხარისხი.
ადვოკატის პროფესია პრესტიჟულია და შემოსავლიანი, თუმცა ამ სფეროში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია.
ჩვენს სფეროში ნდობა და გამოცდილება გადამწყვეტი საკითხია, კლიენტი კონკრეტულ სახელს და გვარს ირჩევს. ეს, დაახლოებით, იმის მსგავსია, ექიმი აკეთებს ოპერაციას თუ მისი ასისტენტი.
ერთია, იყო კარგი იურისტი და ინტელექტუალი, მეორეა, იყო კარგი ადვოკატი, რომელსაც ენდობიან. 
როცა ვიწყებდი, მეც მქონდა სირთულეები. საწყის ეტაპზე იყო შეცდომებიც, დღეის გადმოსახედიდან - ღიმილისმომგვრელი შეცდომებიც, თუმცა ისეთი საბედისწერო შეცდომა არ დამიშვია, რაც ჩემს პროფესიულ კარიერაზე გავლენას მოახდენდა.
დღეს ადვოკატის სტატუსის მქონე 4000 პირია საქართველოში, მათგან ბევრი ღირსეული პროფესიონალია და კონკურენციაც მძაფრია. აქტიურად ვითარდება ახალი მიმართულებები, მათ შორის, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, მედიაცია, ვიწრო სპეციალიზაციის დარგები, რაც ახალგაზრდა ადვოკატებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გამოცდილება და თავი დაიმკვიდრონ პროფესიაში. იგივე სამედიცინო სამართალი, პაციენტთა უფლებები, სადაზღვევო სამართალი... მოკლედ, უამრავი პერსპექტივაა ახალი თაობის ადვოკატებისთვის.
- გაქვთ წარმატების მზა ფორმულა?
- ალბათ მზა ფორმულა არ არსებობს, ყველას წარმატების საკუთარი ფორმულა აქვს. მიმაჩნია, რომ ადვოკატის პროფესიაში მთავარია პროფესიის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და პროფესიული პატიოსნება.


- შევარდნაძის დროს მოგიწიათ მუშაობის დაწყება. რთული დრო იყო და ალბათ საინტერესოც. თქვენი გზა როგორ ვითარდებოდა... იყო ზეწოლის მცდელობები?
- მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობები სულ არის და ეს არამარტო პოლიტიკოსებისგან მომდინარეობს. ზეგავლენა შეიძლება მოდიოდეს ბიზნეს და მედიაჯგუფებისგანაც. სასამართლო დამოუკიდებლობისათვის გასაკუთრებულად სახიფათოა გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის გავლენა, რაც სტერეოტიპებით აზროვნების შედეგია. მე ნამდვილად გამიმართლა იმაში, რომ ძალიან კარგი თანამოაზრეების გუნდი გვყავს, საქმიანობის ყველა მიმართულებით.


- და იღბალიც თქვენ მხარეს აღმოჩნდა?
- შეიძლება ასეც ითქვას. მე არ ვმუშაობ ამბიციებით რაიმე კონკრეტულ შედეგზე - მაგალითად, დიდი კაპიტალი რომ დავაგროვო ან ყველაზე სახელგანთქმულ ადვოკატად მაღიარონ. ასეთი ხედვა და სწორება არ მაქვს. ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე, მართლა ასეა. ალბათ, რაც ამ საქმეში დამეხმარა, ადამიანებთან ურთიერთობის სწორად აწყობის უნარია. ვერ ვიტყვი, რომ ყველასთან, ვისთანაც ვურთიერთობ, ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ არ მახსენდება ადამიანი, ძალზედ მცირე გამონაკლისების გარდა, საერთო ენა რომ ვერ გამომენახოს. ვცდილობ, ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბრო, რაც, პირველ რიგში, მათი ინტერსების და თავისებურებების გააზრებას გულისხმობს. ზოგადად, საკუთარ წარმატებაზე ძალიან მოკრძალებული შეხედულებები მაქვს.


- რისკიანი და ექსტრემალი ხართ?
- ზომიერად, უფრო - არა. თუ ჩემს ჰობის - ცხენოსნობას ჩავთვლით ექსტრიმად. ცხოვრება საქართველოშიც და ჩვენს პროფესიულ სფეროშიც ისედაც დატვირთულია რისკებითა და ექსტრემალური სიტუაციებით. ასე რომ, დამატებითი ადრენალინი აღარ არის საჭირო. ისედაც არაფრისთვის მრჩება დრო. დასვენების პერიოდშიც კი ტელეფონზე და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე ვარ მიჯაჭვული. თუ სადმე, პლაჟზე დაინახეთ ადამიანი საცურაო კოსტუმში, ტელეფონით და ლეპტოპით, იცოდეთ, რომ ის ადვოკატია (იცინის).


- გაქვთ სურვილი, რომელიმე თქვენმა შვილმა თქვენი გზა გააგრძელოს?
- შვილები დაწყებით კლასებში სწავლობენ და ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. საერთოდ, არ ვაპირებ მათ არჩევანში დირექტიულად ჩარევას. საბოლოო ჯამში, ყველა პიროვნება თვითონ ირჩევს თავისი ცხოვრების გზას და აქ უხეში ჩარევა უშედეგოა.


- მეუღლეც ამავე სფეროში მუშაობს?
- მეუღლეც იურისტია, ცოტა ხანს მუშაობდა ამ სფეროში, თუმცა მერე გადავწყვიტეთ, რომ ერთ სახლში ორი იურისტი მეტისმეტია და ოჯახის მენეჯერის პოზიციაზე გადავიდა, საშინაო საქმეების ადმინისტრირებითაა დაკავებული (იღიმის)...


- კარგი იუმორი გქონიათ, ღმერთმანი.
- გმადლობთ. მსოფლიოს ყველაზე უნიკალური იუმორის მქონე ქალაქში - ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. სხვაგვარად არც გამოვიდოდა.