რა მანქანით დადის „ტოიოტა ცენტრის“ დამფუძნებელი?

ბიზნესმენი

27 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი
75

საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი ამ საქმეს 17 წელია, სვანური შეუპოვრობითა და ერთგულებით ემსახურება.

- ბატონო ირაკლი, მოდით, თავიდან დავიწყოთ. როგორ შემოვიდა „ტოიოტას“ ავტომარკა ქართულ ბაზარზე და რა ხდებოდა საქმის გარიჟრაჟზე?
- „ტოიოტას“ ისტორია საქართველოში 1997 წელს დაიწყო. მაშინ ბაზარზე სულ ორი ავტომარკა იყო წარმოდგენილი - „მიცუბიში“ და „მერსედესი“. პრინციპში, ბაზარი თავისუფალი იყო. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ, მერე მქონდა სხვა ბიზნესიც და გადავწყვიტე, საავტომობილო ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი. მინდოდა, „ტოიოტა“ წარმოდგენილი ყოფილიყო კავკასიაში. ჯერ ჩვენთან შემოვიდა ეს მწარმოებელი, მერე კი - სომხეთსა და აზერბაიჯანში. მწარმოებლებს დავუკავშირდი და 6 თვეში დადებითი პასუხი მივიღე. ერთ წელიწადში მოგვცეს დროებითი დილერობა, იმ პირობით, რომ შესაბამისი ხარისხის სერვისცენტრსა და შოურუმს გავაკეთებდით. მაშინ თბილისში ნაყარნუყარი მანქანები დადიოდა... მე თვითონ „ფიატი ტიპო“ მყავდა (იცინის).


- და არ იყო მაშინ საავტომობილო ბიზნესის წამოწყება გარკვეული რისკი?
- კი, როგორ არა... ალბათ, გემახსოვრებათ, რა დრო იყო - კრიმინალი, არეულ-დარეულობა, „მხედრიონი“, ქრთამი, საშინელი კორუფცია, ბიუროკრატია, საბაჟოზე სრული განუკითხაობა. მაგრამ, პრინციპში, საქართველოში ყველა დიდი ბიზნესი იმ დროს დაიწყო და ჩვენ, ბიზნესმენებს, რომ არ გვეაქტიურა, დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. სხვადასხვა ოდენობის იყო ხოლმე ქრთამი - ხან როგორ, ხან როგორ (ეღიმება). 


- კი მაგრამ, არ გქონდათ კონტაქტები სამთავრობო წრეებში ან ზოგადად? ამის გარეშე ბიზნესის კეთება ხომ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. 
- შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში რაც შევქმენი, ყველაფერი ჩემით შევქმენი. არავინ დამხმარებია. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ არც ყოფილ, არც ახლანდელ ხელისუფლებაში ერთი ნაცნობიც კი არ მყოლია, ვისთანაც რთულ სიტუაციაში დავრეკავდი და ვეტყოდი - „რაღაც მიჭირს, დამეხმარე-მეთქი“. არც არის ამის საჭიროება მნიშვნელოვანი. არანაირი ინტერესი არ მაქვს. ჩემი ერთადერთი პოლიტიკოსი მეგობარი დავით გამყრელიძე, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია, სულ ოპოზიციაში იყო და რით დამეხმარებოდა (იცინის). არ ვიცი, „კრიშა“ რა არის. გაჭირვებაც ბევრი მინახავს, სიმწარეც, ზეწოლაც და პრესიც, შიმშილიც გამომიცდია 90-იანებში. საკმაოდ ბევრი ბრძოლა გადავიტანე წინა ხელისუფლების დროს, ახლაც მაქვს საჩივრები შეტანილი. დიდხანს მებრძოდნენ. აი, მანდ დამეხმარა ზუსტად ჩემი სვანური მტკიცე ხასიათი, ვერ გამტეხეს. მერე ხელი ჩაიქნიეს და თავი დამანებეს (იცინის).


- პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარო, თქვით...
- დიახ, ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. საერთოდ, იურისტობა მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ვმუშაობდი მეორე ტრესტში. ვმუშაობდი აფხაზეთში, გორბაჩოვის სამთავრობო აგარაკის მშენებლობაზე მიუსერაში, ერთ-ერთი უბნის „პრარაბი“ ვიყავი. შორიდან რამდენჯერმე ვნახე მიხაილ გორბაჩოვი, შევარდნაძესთან ერთად, აბა, ახლოს ვინ მიმიშვებდა.


- აფხაზეთს როგორ გაიხსენებთ?
- ფანტასტიკური, ულამაზესი მხარეა, ძალიან მიყვარს. ქართველებსა და აფხაზებს არასდროს გვქონია კონფლიქტი კი არა, პატარა შელაპარაკებაც კი. მე მყავს ნათესავები, დევნილები აფხაზეთიდან, კოდორის ხეობიდან... 1989 წლამდე არაფერს მსგავსს არ ჰქონია ადგილი, ერთხელ კი რესტორნიდან გამოსულს 30 აფხაზი დამესხა თავს - ეს ზუსტად ის დღე იყო, როცა კონფლიქტი დაიწყო. იმდენად საშინლად ვიყავი ნაცემი, 6 თვე ვიწექი, ძლივს გადავრჩი. გარკვეული პერიოდი საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, მერე სამშენებლო ბიზნესში ჩავერთე, ამის შემდეგ დავაფუძნე საკმაოდ წარმატებული რესტორანი „ევროპა“ - თვითონ ავაშენე, გავარემონტე და ვმართავდი. ერთ წელიწადში იქიდანაც წამოვედი და საავტომობილო ბიზნესი წამოვიწყე. რაღაც პერიოდი ძალიან მიჭირდა, ძლივს ვშოულობდი თავის გასატან ფულს. სახლში პატარა შვილი მყავდა და გასათბობად ნავთის ყიდვას ვერ ვახერხებდით. ახლა მიკვირს, როგორ გავიარე ეს პერიოდი. ეტყობა, ღმერთს როცა უყვარხარ, ზევიდან გეხმარება. კიდევ ძალიან კარგი მეუღლე მყავს - თეონა ყოველთვის მიდგას მხარში. 


- ეროვნულ მოძრაობაში იყავით ჩართული?
- კი, თუმცა პოლიტიკური აქტივისტი არ ვყოფილვარ, არც საომარ მოქმედებებში მიმიღია მონაწილეობა. 


- და თუ გიფიქრიათ ოდესმე პოლიტიკაში წასვლა?
- არ ვიცი, შეიძლება. 17 წელია, ამ საქმეს ვემსახურები და ცოტა არ იყოს, თავი ამოვწურე, მინდა, სხვა რამეც ვცადო, გამოვადგე ჩემს ქვეყანას. ამ 17 წლის მანძილზე ერთხელაც არ გავსულვარ შვებულებაში. ცოტა დავიღალე. უფრო შემოქმედებითი საქმე მჭირდება.


- „ტოიოტას“ რამდენი წელი დასჭირდა საქართველოში პოპულარულობის მოსაპოვებლად?
- დაახლოებით, 7 წელი. გუნდიც კარგი გვყავს. ამ წლების მანძილზე არც ერთი თანამშრომელი არ წასულა სამსახურიდან, ალბათ, აქ კარგი აურაა (იღიმის). „ტოიოტას“ კავკასიაში მეორე დილერიც ჰყავს. ზოგადად, იაპონელები რთული ხალხია, სამუშაოდ არცთუ კომფორტული. კი - წესიერები და პატიოსნები არიან, მაგრამ სხვა კულტურაა, საერთოდ სხვა პლანეტა. თუ ხედავენ, რომ აღარ სჭირდები, შეუძლიათ, საერთოდ მოგისროლონ. არც ისეა საქმე, რომ დალხენილი ცხოვრება ჰქონდეთ, ეს საქართველოში ჰგონიათ ასე. მთელი ცხოვრება მუშაობენ იმისთვის, რომ ერთი პატარა ბინა იყიდონ.


- თქვენს შვილებზე მოგვიყევით, თუ შეიძლება...
- მყავს ოთხი შვილი, ორი ვაჟი და ორი გოგონა. პატარა ირინოლას ყველაზე მეტად ვანებივრებთ, ყველას დირექტორია. უფროსმა იურიდიული დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერ იშოვა და სახლში ზის. რა ვქნა, არსად მყავს ნაცნობები, რომ რამით დავეხმარო (ეღიმება). მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი შვილები მყავს. არ მჭირდება მათთან განსაკუთრებული სიმკაცრის გამოჩენა, ბუნებითაც არ ვარ მკაცრი. ჩემი მეუღლე სულ მსაყვედურობს, რომ შვილების ცხოვრებაში არ ვერევი და ნებაზე მყავს მიშვებული, მაგრამ თვითონ საათივით აწყობილი აქვს ყველაფერი და სადღა ჩავერიო?


- აბა, სვანური ხასიათი?
- სვანებზე ხალხს მცდარი წარმოდგენა აქვთ. ჩვენ საკმაოდ გულღია, გახსნილი, სტუმართმოყვარე და კარგი იუმორის მქონე ხალხი ვართ. თანაც მე ორივე მხრიდან სვანი ვარ!


- როგორი მძღოლი ხართ?
- საკმაოდ გამოცდილი - 33 წელია, საჭესთან ვზივარ. ზოგჯერ მანქანის მართვისას ისეთი ინდიფერენტული ვარ, რომ გადამიარონ, ხმას არ ამოვიღებ, ზოგჯერ კი შეიძლება, უბრალო რამეზე ავფეთქდე. 


- რა მანქანა გყავთ?
- ლექსუსი LX 570, დიდი ჯიპია. უგზოობაში დავდივარ ხოლმე. ასეთი მაგარი მანქანა მსოფლიოში არ არსებობს.