"ნიკორას" დირექტორი: სინდისთან კომპრომისზე არ მივდივარ; "ნიკორას" დირექტორი: მირჩევნია საქართველოში მიწა ვთოხნო, ვიდრე უცხოეთში მიწათმფლობელი ვიყო; "ნიკორას" დირექტორი: რელაქსაჩია ჩემთვის ფუფუნებაა;

ბიზნესმენი

1 დეკემბერი 10:00, 2015 წელი
64

კომპანია "ნიკორა" ქართული ხორცპროდუქტების ბაზარზე და არამხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. მას დავით ურუშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია. 

-ბატონო დავით, რა არის კომპანია "ნიკორას" მთავარი მიმართულებები და პრიორიტეტები?


-ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ნიკორა მართლა ხორცპროდუქტებით დაფუძნდა და შემოვიდა ბაზარზე, თუმცა წლების და განვითარების შემდეგ ის აღარ არის მხოლოდ ხორცის საწარმო. ამას გარდა, თავად ჰოლდინგის ფარგლებში იწარმოება პურ - ფუნთუშეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, თევზეული, პლუს არსებობს ორი კომპანია, რომელიც საქონლის იმპორტს ახორციელებს და ასევე მაღაზიათა ქსელი, ჰოლდინგი არის მრავალმიმართულებიანი.


-თქვენ როგორც აღნიშნეთ სამი წლის წინ გახდით "ნიკორას" გუნდის წევრი. 


-კი, მანამდე ვმუშაობდი "ბაზის ბანკში", "ნიკორაში" 3 წლის წინ მოვედი, როგორც ფინანსური დირექტორი და დღეს გენერალური დირექტორი ვარ. მინდა გითხრათ, რომ ვითარება, რომელიც აქ სამი წლის წინ იყო დღევანდელისაგან რადიკალურად განსხვავდება, მასშტაბებიდან და ზომებიდან გამომდინარე.


-რამდენად არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი, რომ ბრენდი იყოს ქართული?


-ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად ჩემთვის, ვიდრე აქ მუშაობას დავიწყებდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ალბათ სიმბოლური დამთხვევა იყო ის, რომ ნიკორას პირველი მაღაზია რომ გაიხსნა, იმ დროიდან ვიყავი მომხმარებელი. შემდეგ კი გუნდის წევრიც გავხდი. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთი დიდი ოჯახი და მოტივირებული გუნდი, რომელიც სულ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შეჰმატოს კომპანიას.


-მკაცრ შერჩევას გადიან კადრები კომპანიაში მოსახვედრად?


-საკმაოდ. ადამიანი რომ მოდის გასაუბრებაზე, უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს მოტივაცია, ცოდნა და არის გუნდური მოთამაშე და არა მაინცდამაინც ძლიერად გამოკვეთილი ინდივიდუალისტი. 


-რას აკეთებს კომპანია ხარისხის კონტროლისათვის?


-ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი დონის ლაბორატორიები, მკაცრად ვიცავთ შენახვის ვადებს და ტემპერატურულ რეჟიმს. ნედლეული გვაქვს როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული. საერთოდ მოსახლეობაში დამოკიდებულება იმპორტირებულ ხორცთან ნეგატიურია, არ არის ეს დაბალი ხარისხის ხორცი, მასშტაბებიდან გამომდინარე უბრალოდ ადგილობრივი მოცულობის ნედლეული არ არის საკმარისი. 


-საქართველო მაინც ალბათ ხორცის მოყვარული ქვეყანაა უფრო.


-ჩვენი გაყიდვებიდან გამომდინარე, 1/5 სწორედ ხორცპროდუქტებზე მოდის. 


-თქვენი ბექგრაუნდი როგორი იყო, სანამ აქ მოხვიდოდით და თქვენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?


-პროფესიით ფინანსისტი ვარ და მანამდე "ბაზისბანკში" ვმუშაობდი. უფრო ტექნიკური საგნების ნიჭი მაქვს და ბიოლოგი ან იურისტი ვერ გავხდებოდი. მშობლები ექიმები მყავს, მაგრამ ექიმობა არავის დაუძალებია. 


-დაძაბული რეჟიმი გაქვთ, გრჩებათ რაიმე სხვა აქტივობისთვის დრო?


-ჩემი დრო პირობითად შეიძლება ორად გავყოთ, სამსახური და ოჯახი. ოჯახისთვის გამოყოფილი დროიდან ხუთიდან რვა საათამდე ძილს ვუთმობ. რელაქსაცია არის ჩემთვის ვარჯიში და მეგობრები, თუმცა ეს უფრო ფუფუნებაა. ძალიან მიყვარს რაგბი და პრაქტიკულად არ ვტოვებ თამაშებს.


-როგორც ვხედავ, ფიცხი და ემოციური ხასიათი არ გაქვთ.


-არა, პირიქით, ძალიან დინჯი და გაწონასწორებული ვარ, სიჩქარით ხშირად საქმე ფუჭდება. თანამშრომლებთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუმცა ამ მოთხოვნების მიღმა თბილი და უშუალო ატმოსფერო დგას. მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე არ ვარ, მაგრამ მეგობრობა საქმეს არ უნდა აფუჭებდეს. "JUST BUSINESS", არაფერი პერსონალური. 


-საკუთარ თავსაც ისევე ბევრს სთხოვთ, როგორც სხვებს?


-კი, იმიტომ რომ თუ თავად ზარმაცი ხარ, სხვას ვერაფერს მოსთხოვ. ყველაზე რთული საჭიდაო სინდისია. სინდისთან კომპრომისზე არ მივდივარ ხოლმე. 


-უცხოეთში ხშირად გიწევთ ყოფნა?


-არც ისე. თუმცა ბოლოს ინგლისში ვიყავი და ძალიან მომეწონა. კიდევ ბევრჯერ ჩავალ იქ. ღრმა კულტურის ქვეყანაა, მაგრამ არ მომწონს მათი სიცივე. მაინტერესებს ეგზოტიკური ქვეყნები და მინდა ვნახო სამხრეთ ნახევარსფერო.


-გიფიქრიათ უცხოეთში სამუდამოდ წასვლაზე?


-არასოდეს. მიმაჩნია, რომ ჯობია გასაკეთებელი შენს ქვეყანაში გააკეთო. მირჩევნია საქართველოში მიწა ვთოხნო, ვიდრე თუნდაც ევროპაში მსხვილი მიწათმფლობელი ვიყო.