ხერხემლის მალთაშუა თიაქარი - რა აჩენს დისკოზს?

ექიმის კონსულტაცია

29 ნოემბერი 20:00, 2015 წელი
2888

ხერხემლის მალთაშუა თიაქარი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა, ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს და შრომისუნარიანი ადამიანი დიდი ხნით ან სამუდამოდ გამოიყვანოს მწყობრიდან. დაავადების თავისებურებებსა  და მკურნალობის გზებზე ექიმი ნევროლოგი დარეჯან ნემსიწვერიძე გვესაუბრება.


რა დაავადებაა ხერხემლის მალთაშუა თიაქარი?

ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, ანუ დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და მის მეოთხე სტადიას წარმოადგენს. 
თავად ოსტეოქონდროზი კი ხერხემლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული და ვერაგი დაავადებაა, რომელსაც დიდი ხნით ან სამუდამოდ შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს შრომისუნარიანი ადამიანი.
ოსტეოქონდროზის მსგავსად, ხერხემლის მალთაშუა თიაქარი ყველაზე ხშირად - წელის, შედარებით ნაკლებად - კისრის, უფრო იშვიათად კი - გულ-მკერდის სეგმენტს მოიცავს.


 


დაავადების განვითარების მექანიზმი

ხერხემლის ფუნქციური ერთეული შედგება მალებისგან და მალთაშუა დისკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან სახსროვან-მყესოვანი აპარატითაა დაკავშირებული.
საკუთრივ მალთაშუა დისკი კი შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესებრი სტრუქტურა აქვს.
ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკს ნაპრალები უჩნდება, მკვრივი ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და დატვირთვის დროს, მისგან ჟელესმაგვარი პულპოზური მასა სრულად ან ნაწილობრივ გამოიდევნება.
სწორედ ეს გახლავთ ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, რომელმაც შესაძლოა, ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს.


გამომწვევი მიზეზები

ხერხემლის მალთაშუა თიაქარს უმეტესად იწვევს:
ასაკი - 20 წლის ასაკიდან ირღვევა მიკროცირკულაცია, ხერხემლის სვეტი კარგავს სისხლით მომარაგებას, დისკის გარეთა შრე უფრო ადვილად ზიანდება და ჯერ ოსტეოქონდროზი, ხოლო შემდეგ მისი გართულებული ფორმა - დისკოზი ყალიბდება;
სხეულის ჭარბი წონა - ჭარბი წონის არსებობისას, ხერხემლის სვეტზე ზეწოლა ძლიერდება, რაც ხელს უწყობს მალთაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებების პროგრესირებასა და შესაბამისად, დისკოზის ჩამოყალიბების რისკის გაზრდას;
ხერხემლის ზოგიერთი დაავადება - ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;
არასწორი ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმეების აწევა;
ცხოვრების მჯდომარე წესი;
ხერხემლის ტრავმა.


 


სიმპტომები და გართულებები

ხერხემლის მალთაშუა თიაქარის სიმპტომებია:
ხერხემლის სვეტის ლოკალური ტკივილი - კისრის, გულ-მკერდის ან გავა-წელის მიდამოში;
ერთი ან რამდენიმე კიდურის ტკივილი;
კიდურების დაბუჟება;
მგრძნობელობის დარღვევა;
სიარულის გაძნელება.
ზოგჯერ შეიძლება, გამოვლინდეს პარეზი - არასრული ან ნაწილობრივი დამბლა. 
ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მალთაშუა დისკი სკდება, მისგან გამოდევნილი პულპოზური მასა მთლიანად ავსებს მალთაშუა ხვრელს და სრულ ზეწოლას ახდენს იქ მდებარე ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებზე.


 


 


 


მკურნალობა და პრევენცია

ხერხემლის მალთაშუა თიაქარის დროს თვითმკურნალობა გამორიცხულია - კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე ავადმყოფმა დაუყოვნებლივ  უნდა მიმართოს ნევროლოგს ან ვერტებროლოგს, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში უმკურნალებს ან ნეიროქირურგთან გადაამისამართებს.
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია პულპოზური მასის დისლოკაციის ადგილზე:
თუ დაზიანება დისკის დონეზეა და თიაქრის სეკვესტრი არ არის ჩამოყალიბებული, ოპერაციულ ჩარევამდე, ვიყენებთ მკურნალობის ყველა სხვა სპექტრს: მედიკამენტურ მკურნალობას, ფიზიოთერაპიას და ა.შ.;
თუ კაფსულა გაბერილია და გამოწეულია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროტრუზიასთან, რაც უმეტესად არ არის საოპერაციო, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოთერაპია და ა.შ. უშედეგოა, შესაძლოა, ოპერაციაც ჩატარდეს;
თუ კაფსულა მთლიანად დაირღვა და გამოვარდნილმა ნაწილმა ზევით ან ქვევით გადაინაცვლა, ვსაუბრობთ სეკვესტრირებულ თიაქარზე, ეს უკანასკნელი ოპერაციული ჩარევის აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს.



პროფილაქტიკა

ხერხემლის მალთაშუა თიაქარის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:
დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაში - ჯერ კიდევ ოსტეოქონდროზის დროს;
წონის კორექცია - რადგან ყოველი ზედმეტი კილოგრამი თქვენს ხერხემალს აწვება;
სიმძიმეების აწევისგან თავის არიდება - თუ მაინც მოგიხდათ, ეცადეთ, წონა თანაბრად გადაანაწილოთ ორივე ხელზე;
სწორი ვარჯიში - ზურგისა და მუცლის კუნთების გასამაგრებელი სპეციალური ვარჯიშები, შექმნის თქვენი ხერხემლისთვის კუნთების ბუნებრივ კორსეტს და არ მისცემს მას დეფორმაციის საშუალებას;
ცურ- რაც რეკომენდებულია არა მარტო ოსტეოქონდროზისა და მალთაშუა თიაქარის დროს, არამედ, ზოგადად, ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ.