სილამაზე/ჯანმრთელობა

ათეროსკლეროზი - რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ასაკი 40 წელს გადასცდა?!

fun time

14:00 სამ. 30 მარტი, 2021 წელი

ათეროსკლეროზი - რისკები და
მკურნალობა

14
დაკოპირებულია

კიდურების დაბუჟება, გულის არეში ზეწოლის გრძნობა, მეტყველების გაძნელება... კიდევ რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ათეროსკლეროზს და როგორ შეგვიძლია დაავადების თავიდან აცილება?! ამის შესახებ, ექიმი კარდიოლოგი სოფიო ბუბუტეიშვილი გვესაუბრა:

რას წარმოადგენს ათეროსკლეროზი?

ათეროსკლეროზი - სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება, რომელიც სისხლძარღვთა კედლებში (აორტა, მისი ტოტები, გულის, თავის ტვინის არტერიები და სხვა) ერთეული ან მრავლობითი ლიპიდური კერების, უპირატესად -ათერომატოზული ბალთების ფორმირებით ხასიათდება.

რატომ ვითარდება ათეროსკლეროზი?

არსებობს მთელი რიგი რისკ-ფაქტორებისა, რომლებიც პირობითად ორ ჯგუფად იყოფა:

1) არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები, რომლებსაც მიეკუთვნება:
ასაკი (45-50 წლის ზემოთ) - რაც უფრო დიდია ასაკი, მით უფრო მაღალია ათეროსკლეროზის განვითარების რისკი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ათეროსკლეროზი გაცილებით ახალგაზრდა ასაკში (ზოგჯერ ბავშვთა ასაკშიც კი) განვითარდეს;
სქესი (მამრობითი) - მამაკაცებს ათეროსკლეროზი ქალებზე გაცილებით ადრე ეწყებათ და 50 წლამდე მისი განვითარების ალბათობაც 4-ჯერ მეტი აქვთ ;
გენეტიკური წინასწარგანწყობა.

2) მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:
თამბაქოს მოხმარება - ეს ფაქტორი საგრძნობლად ზრდის არა მარტო ათეროსკლეროზის, არამედ მთელი რიგი სხვა დაავადებების განვითარების ალბათობას;
არტერიული ჰიპერტენზია - არტერიული წნევის აწევის ფონზე იმატებს ცხიმებით არტერიების კედლების ინფილტრაცია, რაც ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია;
სიმსუქნე - ეს რისკ-ფაქტორი ზრდის როგორც ათეროსკლეროზის, ამავე დროს, არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს;
შაქრიანი დიაბეტი - შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ათეროსკლეროზის მაღალი რისკი დიაბეტის ფონზე ნივთიერებათა ცვლის (კერძოდ, ცხიმების ცვლის) დარღვევას უკავშირდება.
ცხოვრების უმოძრაო წესი ანუ ჰიპოდინამია;
არაჯანსაღი კვება - დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღება აჩქარებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას და ა.შ.

როგორია ათეროსკლეროზის კლინიკური ნიშნები და გართულებები?

გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის შემთხვევაში, შესაძლოა, აღინიშნებოდეს - მკერდის ძვლის უკან ან გულის არეში ზეწოლის გრძნობა ან ტკივილი (რაც გულის იშემიური დაავადებისთვისაა დამახასიათებელი);

საძილე არტერიების ან თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზისას შეიძლება განვითარდეს - ძალის ან მგრძნობელობის უეცარი დარღვევა ხელში და/ან ფეხში, მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია;

პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს, შესაძლოა, გამოვლინდეს - კიდურის გაცივება, სიფერმკრთალე, დაბუჟება ან სიარულის დროს ქვედა კიდურების ტკივილი, გარდამავალი კოჭლობა. გართულებულ შემთხვევებში, შესაძლოა, განგრენაც კი განვითარდეს;

თირკმლის არტერიების ათეროსკლეროზისას ვითარდება - მაღალი არტერიული წნევა (რომელიც ნაკლებად ემორჩილება მედიკამენტურ თერაპიას), ან თირკმლის უკმარისობა;

სასქესო ორგანოების არტერიების ათეროსკლეროზისას შეიძლება განვითარდეს - სქესობრივი ცხოვრების დარღვევები (მამაკაცებში - ერექციული დისფუნქცია, ხოლო ქალებში - მაღალი არტერიული წნევის ფონზე საშოსკენ სისხლის მიდინება უარესდება და სქესობრივი აქტი უსიამოვნო ხდება).

გარდა ამისა, ათეროსკლეროზმა შეიძლება გამოიწვიოს უმძიმესი გართულება - ანევრიზმის განვითარება (ნებისმიერ ადგილას), რომელიც წლების განმავლობაში უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება და მხოლოდ უეცარი კატასტროფის სახით - ანევრიზმის გასკდომით გამოვლინდება.

რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ათეროსკლეროზზე ეჭვის დროს?

ა) ავადმყოფის გასინჯვა - ამ დროს საყურადღებოა მსხვილი არტერიების სტეტოსკოპით მოსმენა, პერიფერიული პულსაციის გასინჯვა ორივე, ზედა და ქვედა, კიდურზე და ა.შ.;
ბ) სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ქოლესტერინის დონის განსაზღვრა;
გ) ელექტროკარდიოგრამა - რომლის დახმარებითაც შეიძლება აღმოვაჩინოთ გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელი ეკგ-ნიშნები;
დ) გულისა და სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა და დოპლეროგრაფია - რაც აღმოაჩენს მათ სტრუქტურულ დაზიანებასა და ფუნქციურ უკმარისობას;
ე) სტრეს-ტესტი - ფიზიკური დატვირთვის გამოყენებით გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობის შესწავლა;
ვ) კორონაროგრაფია - რომლის მეშვეობითაც ზუსტად განისაზღვრება ათეროსკლეროზული ბალთების ადგილმდებარეობა;
ზ) კომპიუტერული ტომოგრაფია და/ან ბირთვული მაგნიტური რეზონანსული ანგიოგრაფია - რაც საშუალებას იძლევა აღმოჩენილ იქნას მსხვილი არტერიების გამკვრივება, შევიწროება, ასევე არტერიის კედლის ანევრიზმის არსებობა ან კალციფიკაცია და ა.შ.

როგორია ათეროსკლეროზის მკურნალობა?

ათეროსკლეროზის მკურნალობა კომპლექსურია და მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, ცხოვრების წესის შეცვლასაც გულისხმობს.

მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, მათი შერჩევა და დოზირება აუცილებლად მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს!

რაც შეეხება, ცხოვრების წესის შეცვლას, ამაში, პირველ რიგში, მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება იგულისხმება, მაგალითად: თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, არტერიული წნევის კონტროლი, წონის კორექცია, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი, ლიპიდების კონტროლი, ჯანსაღი კვება (ცხოველური ცხიმებითა და ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღების შემცირება); ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი და ა.შ.

ათეროსკლეროზით გამოწვეული სისხლძარღვის განსაზღვრული ლოკალიზაციის შევიწროების ან თრომბოზის არსებობისას, საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობა, რაც გულისხმობს თრომბის მოცილებას, შევიწროებული სისხლძარღვის სანათურის აღდგენას ან დაზიანებული სისხლძარღვის პროთეზირებას.


რეკომენდაციები

იცხოვრეთ აქტიურად;
უარი თქვით თამბაქოზე;
სწორად შეარჩიეთ კვების რეჟიმი და საკვები რაციონი;
თუ თქვენი ასაკი 40 წელს გადასცდა, აუცილებლად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები (სისხლში შაქრისა და ლიპიდების განსაზღვრა, ელექტროკარდიოგრამა და ა.შ.).


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი