სადღესასწაულო სუფრის პრობლემები და რეკომენდაციები

ექიმის კონსულტაცია

3 იანვარი 20:00, 2016 წელი
77

 სადღესასწაულო სუფრაზე ათასობით ზედმეტი კალორიის მიღებით ადამიანის ორგანიზმი კოლოსალურ სტრესს განიცდის, რაც უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს წონაზე, ისე ჯანმრთელობაზე. ამიტომ აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რაც სადღესასწაულო დღეებში ზედმეტ პრობლემებს აგვარიდებს.


დღესასწაულები ჯერ კიდევ გრძელდება, წინ არის შობა და ძველით ახალი წელი. 
გარდა იმისა, რომ ქართული სადღესასწაულო სუფრა უხვი და მრავალფეროვანია, მას ყველა ოჯახში განსაკუთრებულად აფორმებენ. ლამაზად გაფორმებული კერძები კი ორმაგად აღვიძებს მადას, სათვალავს ურევს ადამიანს და ზუსტად ვერ აღვიქვამთ, რამდენი ვჭამეთ. 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სუფრასთან მოქცევის რამდენიმე წესი ვიცოდეთ:



  • არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ალკოჰოლით. ალკოჰოლი უნდა მიიღოთ მხოლოდ საჭმლის შემდეგ და არა დიდი დოზით. როგორც ცნობილია, ალკოჰოლური სასმელი არა მხოლოდ კალორიულია, არამედ საჭმლის მიმართ თავშეკავებას აძნელებს;

  • გაზიან სასმელებს ნატურალური წვენები ამჯობინეთ, ან აცადეთ - ჯერ გაზი გაუვიდეს და მერე დალიეთ;

  • სუფრასთან დროსტარების დროს, შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები მოწიოთ, რადგან ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს და ამცირებს ჟანგბადის მოწოდებას, რაც დამატებით „ტოქსიკურ“ დატვირთვას ახდენს ორგანიზმზე;

  • უპირატესობა იმ კერძებს მიანიჭეთ, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. თუ სულმა წაგძლიათ და ცხიმიან კერძს შეექეცით, უთუოდ დააყოლეთ ლიმონი, ანანასი ან პაპაია. ისინი მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც ცხიმის დაშლაში მონაწილეობს;

  • ყველაზე საუკეთესო ვარიანტი გახლავთ - „ორი ერთთან“, ანუ შერჩევითი მიდგომა. ეს წესი გულისხმობს ორი ბოსტნეულის კერძის დაგემოვნებას ერთ კერძ ხორცეულთან.




როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს დღესასწაულის შემდეგ სწრაფ აღდგენაში?


დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, ორგანიზმის გასაწმენდად, საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღსადგენად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:



  • სუფრიდან ადგომისთანავე ნუ წამოწვებით, რადგან სავსე კუჭით დაწოლისას საგრძნობლად იზრდება რეფლუქსის განვითარების ალბათობა;

  • თუ გულძმარვამ შეგაწუხათ, ურიგო არ იქნება, ძილის წინ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატის მიიღება;

  • დღესასწაულის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს ნელ-ნელა და შეუმჩნევლად - დაახლოებით, მესამე დღიდან უნდა დაუბრუნდეთ;

  • სასარგებლოა კვირაში 2-ჯერ, მსუბუქი განტვირთვის მოწყობა - დილით კეფირის, ხილისა და რომელიმე ბურღულეულის ფაფის, დღის განმავლობაში კი - ხუთასი გრამი ხაჭოს, უშაქრო ჩაისა და მინიმუმ ორი ლიტრი მინერალური, ან ჩვეულებრივი ონკანის წყლის მიღება.
    რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, ამ ყველაფერზე ერთი აბი პოლივიტამინის დაყოლება.