როგორ გავარჩიოთ გრიპი და უბრალო გაციება ერთმანეთისგან?!

ექიმის კონსულტაცია

24 იანვარი 20:00, 2016 წელი
215

გრიპის სეზონი  ყოველი წლის მე-40 კვირიდან  იწყება და  მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით გრძელდება, გარკვეულ ზღვრულ პიკს კი დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში გრიპის ვირუსი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში თვითმკურნალობას მძიმე, არცთუ იშვიათად კი ლეტალური შედეგებიც მოაქვს... როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან?! „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ეპიდემიოლოგი ირაკლი ქარსელაძე გირჩევთ:

რა არის გრიპი და რომელ სეზონზე აღწევს ის პიკს?
გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა,
რომელიც უეცრად იწყება - მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით.
გრიპის 3 ტიპი არსებობს - A, B და C.
ყველაზე ფართოდ გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, რომელსაც ასობით ქვეტიპი აქვს.
B ტიპის ვირუსი შედარებით მსუბუქია და მხოლოდ საშუალო ზომის ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია.
C ტიპის ვირუსის შემთხვევები კი საქართველოში ამ დრომდე თითქმის არ დაფიქსირებულა.


ვირუსები დროთა განმავლობაში გარემოს ეგუება და სახეს იცვლის. სახეცვლილი ვირუსების მიმართ კი პოპულაციას იმუნიტეტი არ აქვს.
შესაბამისად, ასეთი ვირუსები სწრაფად ვრცელდება და ენდემიას ან პანდემიას იწვევს.
რამდენიმე წლის წინათ საქართველოში გავრცელებული იყო H3N2 და H1N1 გრიპები, ასევე B ტიპის ვირუსები. ბოლო  წლებშიც, ძირითადად, გრიპის აღნიშნული ტიპები ფიგურირებს.
გრიპის სეზონი  ყოველი წლის მე-40 კვირიდან  იწყება და  მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით გრძელდება, გარკვეულ ზღვრულ პიკს კი დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს.
გრიპის ვირუსი განსაკუთრებით ცივ ზამთარში აქტიურდება, რადგან ვირუსი დაბალ ტემპერატურაზე გაცილებით გამძლე ხდება, ვიდრე მზის სხივებზე.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში გრიპის ვირუსი და უბრალო გაციება.
გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში თვითმკურნალობას მძიმე, არცთუ იშვიათად კი ლეტალური შედეგებიც მოაქვს, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც მკურნალობის სწორ ფორმას შეურჩევს.

გრიპის სიმპტომები 
გრიპის ძირითადი სიმპტომებია:
მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსზე მეტი);
თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
საერთო სისუსტე;
ხველა;
ყელის ტკივილი;
იშვიათად დიარეა და პირღებინება.
თუ გრიპისთვის დამახასიათებელი ერთი სიმპტომი მაინც დაგეწყებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გრიპს ხშირად თან ერთვის გართულებები, როგორიცაა: ყურის ანთება; პნევმონია (ფილტვის ანთება) და ა.შ.

დაავადების გართულების რისკ-ჯგუფები
გრიპის ვირუსის  გართულების რისკ-ჯგუფში არიან:
გულის, სასუნთქი სისტემის ქრონიკული და სისხლის ავთვისებიანი დაავადების მქონე ადამიანები;
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
ბავშვები და ხანდაზმულები;
ორსულები.
ზემოჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანებს იმუნური ფონი დაქვეითებული აქვთ, დაბალი იმუნიტეტის შემთხვევაში კი გრიპის ვირუსის გართულება ადვილად ხდება.

გრიპის გავრცელების გზები
ადამიანს გრიპის ვირუსი დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს გადაეცემა; დაავადებული ადამიანის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ვირუსი ჰაერში ვრცელდება, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება.
ადამიანი შეიძლება დაავადდეს იმ შემთხვევაშიც, თუ დაბინძურებულ ზედაპირებთან ხელის შეხების შემდეგ იმავე ხელით ცხვირ-პირის ან თვალის მიდამოს შეეხება; 
როგორც კვლევებით დადგინდა, ზედაპირებზე მოხვედრილი გრიპის ვირუსი ადამიანის დაინფიცირების უნარს  2-8 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.

გრიპისგან თავდაცვის წესები
გრიპისგან თავდაცვის წესები საკმაოდ მარტივია და მათი გათვალისწინება მხოლოდ გრიპის ვირუსისგან კი არა, მრავალი სხვა გადამდები დაავადებისგანაც დაგვიცავს:
ერიდეთ გრიპით დაავადებულთან ახლო კონტაქტს - ავადმყოფთან ერთ მეტრზე მეტად მიახლოებისას კი გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ნიღაბი;
ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით - 
განსაკუთრებით, ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ;
არ ისარგებლოთ ავადმყოფისთვის  განკუთვნილი ჭურჭლით, პირსახოცით ან სხვა ჰიგიენური ნივთებით;
ავადმყოფის ოთახი ყოველდღიურად სველი წესით დაალაგეთ და ხშირად გაანიავეთ.


ეფექტური პროფილაქტიკა - ვაქცინაცია
გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა.
გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ მისი შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წელს რეკომენდაციას უწევს სამკომპონენტიან ვაქცინას, რომელიც სამი ტიპის ვირუსს - B ვირუსსა და  A ტიპის ვირუსის ორ ქვეტიპს მოიცავს.
ვაქცინას უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია და თითქმის ყველასთვისაა რეკომენდებული -  განსაკუთრებით  ზემოჩამოთვლილ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის.
ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული.
ცნობილია ისიც, რომ ვაქცინაცია 3-4-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა.