რა არის კისერმრუდობა?
კისერმრუდობა, ანუ თავის არასწორი დგომა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ - კისრის ერთ-ერთი კუნთის (ე.წ. სალმის კუნთის) განვითარების დეფექტია, რომელიც ახალშობილთა დაახლოებით 5-7%-ში გვხვდება და შესაძლოა, ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი.
თანდაყოლილი კისერმრუდობა, ჩვეულებრივ, სამშობიაროშივე ან სიცოცხლის პირველივე თვეს ვლინდება და ძირითადად, სამშობიარო ტრავმები, მუცლადყოფნის პერიოდში კისრის არასწორი მდგომარეობა, კისრის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კისრისა და ხერხემლის მიმდებარე კუნთების ხშირი დაძაბულობა და სხვა იწვევს.
შეძენილი კისერმრუდობა კომპენსატორული ხასიათისაა, ის თანდათანობით ყალიბდება (უპირატესად 3-5 წლის ასაკში) და ძირითადად, მხედველობის დარღვევები (სიელმე, ასტიგმატიზმი), კისრის მიდამოში დამწვრობის პროცესები, შუა ყურის ანთებითი დაავადებები და სხვა იწვევს.
აქედან გამომდინარე, დაავადების რისკ-ჯგუფში შედიან:
საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები და ახალშობილები, რომელთაც მიღებული აქვთ მშობიარობამდე ან სამშობიარო ტრავმები.
სიმპტომები
კისერმრუდობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
თავის გადახრა დაზიანებული კუნთის მიმართულებით (ამ შემთხვევაში სახე მიტრიალებულია ჯანსაღი ნაწილისკენ);
თავის მოძრაობის შეზღუდვა;
კისრის კუნთების ზომების მომატება;
სახის ასიმეტრია;
სქოლიოზის განვითარება და ა.შ.
რაც უფრო მალე შევამჩნევთ კისერმრუდობას, მკურნალობაც მით უფრო შედეგიანი იქნება, ამიტომ მშობლებს დაკვირვება მართებთ, რათა რომელიმე სიმპტომი არ გამოეპაროთ.
გართულებები
კისერმრუდობის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა:
თავის ქალის სქოლიოზი;
ხერხემლის გამრუდება;
ჰიდროცეფალია;
ხერხემლის არხის სტენოზი;
სახის ასიმეტრია და სხვა.
დიაგნოსტიკა
კისერმრუდობის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც ის შემდეგ კვლევებს მიმართავს:
ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია;
ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია;
ელექტრონიოგრაფიული გამოკვლევა.
მკურნალობა
თუ პათოლოგია დროულად იქნება აღმოჩენილი და ბავშვს ადეკვატური მკურნალობა (კისრის კუნთების მასაჟი; სამკურნალო ფიზკულტურა; ფიზიოთერაპია, მხედველობის კორექცია და სხვ.) ჩაუტარდება, როგორც წესი, კისერმრუდობა ქრება, თუმცა შესაძლოა, დეფექტი მკურნალობას არ დაემორჩილოს და საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
პროფილაქტიკა
კისერმრუდობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:
ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების გამოყენება;
ახალშობილის დაწვენისას თავის მდგომარეობის მონაცვლეობა;
კისრისა და ხერხემლის კუნთების სამკურნალო და პროფილაქტიკური მასაჟის გაკეთება.