TOP სამი სუპერმეოჯახე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

11 იანვარი 10:00
82

დღეს „ზოდიაქოს მაჩოებზე“ არ ვსაუბრობთ. დღევანდელი სტატია ეხებათ მამაკაცებს, რომლებსაც ქალების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან ამჩნევს...

კურო – ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი, ფლეგმატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუროს არ უყვარს ქალის მოსახიბლად მალაყების კეთება. იგი ზედმეტად მიწიერი არსებაა საიმისოდ, რომ საყვარელი არსების გულის მოსაგებად ათასგვარი სახის ექსტრავაგანტური სისულელე ჩაიდინოს (ასეთები მშვილდოსნებსა და მერწყულებს შორის მოიკითხეთ). სამაგიეროდ, თუკი მისი ნდობა დაიმსახურეთ, სამომავლოდ მისგან კომფორტული და მშვიდი ცხოვრების მყარ გარანტიას მიიღებთ. ეს კაცი ვარდისფერ კოშკებს არასოდეს ააშენებს თქვენი სიმპათიის მოსაპოვებლად. სამაგიეროდ, მის გვერდით ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნებისგან იქნებით დაცული მყარად – კურო იშვიათი მესაკუთრე ნიშანია. შესაბამისად, თავის საკუთრებას იგი თვალისჩინივით უვლის და უფრთხილდება.


კირჩხიბი – შესაძლოა, თავდაპირველად მისმა ემოციურობამ და ოჯახთან მიჯაჭვულობამ ამ კაცთან ურთიერთობის გაბმის სურვილი დაგიკარგოთ. თუმცა, ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მანამ სანამ კირჩხიბ თაყვანისმცემელს საბოლოოდ გაუყენებთ „ყოფილების“ გზას, კარგი იქნებოდა დაფიქრება. იგი იდეალური კულინარი, მზრუნველი ქმარი და დედის ფუნქციებით აღჭურვილი მამა იქნება თქვენი შვილისთვის. მას შეუძლია, გაგანებივროთ ყველაფრით, რასაც ისურვებთ. ამასთანავე, აქცენტს ყოველთვის ხარისხზე გააკეთებს და არა რაოდენობაზე. მის სიძუნწეზე მოარული მითები იმ პერიოდიდან დაკარგავს ძალას, როცა თქვენ ამ კაცის გულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ. ამის შემდეგ მოწუწუნე, დეპრესიული კირჩხიბი თქვენ წინაშე სრულიად ტრანსფორმირდება და მისი სახით მზრუნველ, მოსიყვარულე და ერთგულ მეუღლეს შეიძენთ.
P.S. პერიოდულად თუ დედის რჩევებსაც იზიარებს, ეს ცოდვა როგორმე აპატიეთ.



თხის რქა – ალბათ, ყველაზე ძნელად მოსახიბლი და შეუვალი კაცია ჩამოთვლილ სამეულში. თუმცა, გახსოვდეთ, გოგონებო, მისი ეს „სფინქსისებური“ გამომეტყველება და მუდამ საქმიანი იმიჯი არაფერია, თუ არა ე.წ. „თავდაცვითი მანერა“. თხის რქა პესიმიზმისკენ მიდრეკილი ნიშანია. შესაბამისად, წაგებას ეს ხალხი ძნელად ეგუება. მამაკაცი თხის რქა ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალური სიზუსტით გათვალოს სამომავლო შანსები როგორც პროფესიულ სარბიელზე, ისე ქალთან. ამიტომ თუკი მისი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები აგვიანებს და სხვა თაყვანისმცემლებივით ყირაზე არ დგას თქვენი გულის მოსაგებად, ნუ აჩქარდებით – აჯობებს, დასკვნა ცოტა მოგვიანებით გამოიტანოთ, როცა თხის რქა ხანგრძლივი ფიქრისა და აწონ-დაწონის შემდეგ ცოლობას შემოგთავაზებთ. ამ კაცის გამო კი ერთი, ორი ან სულაც სამი თვე ლოდინი მერწმუნეთ, ღირს – იგი არასოდეს დაბერდება არც სულით, არც ფიზიკურად. და რაც მთავარია, თავად თქვენც არ მოგცემთ ამის საშუალებას.