კაცი და მისი ისტერიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი
05.01.2017 10:00
2616

უნაკლო კაცი არ არსებობს და ეს ნებისმიერმა ქალმა იცის, თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად ვისაუბროთ იმაზე, კერძოდ, რა სისუსტეები აქვთ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს და ყველაზე ხშირად რატომ გარბის მათგან ქალი...

ერძი
ვერძი მამაკაცი ფიცხი, მოუთმენელი და საშინლად ინფანტილურია. მას დაუღალავად სჯერა იმის, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ შეუძლია ნებისმიერი საქმის კეთება, ამიტომ მისი მტკივნეული მხარე თავმოყვარეობაა. დიახ, დიახ, ვერძი კაცი „გაჭედვას“ მაშინ იწყებს, როცა მის პროფესიულ თავმოყვარეობას ეხებიან. ზუსტად აქ იწყება მისი „ისტერიკა“. ამ ადამიანს შეუძლია, მთელი სული და გული ჩადოს საყვარელ საქმეში, ამ დროს კი სრულიად დაივიწყოს, რომ სახლში საყვარელი ქალი ელოდება, რომელსაც დღითი დღე ნერვები ეშლება გამზადებული კერძის არაერთგზის გაცხელების გამო. თუ ეს ქალი ცხონებული დედა ტერეზას რეინკარნაცია არ გახლავთ, ერთ დღეს მას აუცილებლად ამოუვა ყელში ვერძის უყურადღებობა. შესაბამისად, ჩემოდანს სწრაფად ჩაალაგებს და რომელიმე უფრო სტაბილურ პარტნიორთან გადაბარგდება.



კურო
კუროს ყველაზე დიდი ნაკლი, ალბათ, სიზანტე და კომფორტის გადამეტებული სიყვარულია. პრინციპში, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ფული და მისი შოვნაც არანაკლებად უყვართ, მაგრამ ფულს კურო, როგორც წესი, ისევ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს მოახმაროს. თუმცა კუროებსაც ტოვებენ საყვარელი ქალები და ძირითადად იმ მიზეზით, რომ მათ გვერდით ყოფნა ზოგჯერ ძალიან მოსაწყენი ხდება. მისი მონოტონური რეჟიმი: სახლი-სამსახური-სამსახური-სახლი, კვირაში თითოჯერ „დივნის დღე“ (შაბათი) და „ლუდის დღე“ (კვირა), შეიძლება, ბუნებით აქტიური ადამიანისთვის აუტანელ რუტინად იქცეს. მით უმეტეს, თუკი პარტნიორი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, იგი ისე მიატოვებს კუროს, ეს უკანასკნელი ამას, ალბათ, ყველაზე ბოლოს გაიგებს და როცა გაიგებს, კიდევ დიდხანს არ დაიჯერებს.



ტყუპები
მიზეზი იმისა, რატომ შეიძლება მიატოვოს ქალმა ტყუპი მამაკაცი, უამრავია. თუმცა ამ მიზეზების მიუხედავად, ამ ქარიზმატულ ხულიგანზე შეყვარებული სუსტი სქესის წარმომადგენლები დიდი ხნის მანძილზე პატიობენ მას ათასგვარი სახის უგვან საქციელს, სანამ საბოლოოდ ყელში არ ამოუვათ მისი ქცევა და იმ დასკვნამდე არ მივლენ, რომ ეს კაცი არასოდეს შეიცვლება.
ტყუპის ნაკლოვანებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც შევეცდები, რამდენიმე მათგანი მოვიყვანო „ნივთმტკიცებად“ – გამუდმებით ცვალებადი განწყობა, დაუღალავი ლაქლაქის სიყვარული, არაპროგნოზირებადობა, მუდმივი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და პასუხისმგებლობების აბსოლუტური უგულებელყოფა. მგონი, ეს ნუსხა საკმარისია, რათა ქალმა ასეთი კაცის გვერდით ხანგრძლივი დროით გაჩერება, უბრალოდ, ვეღარ აიტანოს. მართალია, მასთან არასოდეს მოიწყენ და ის ამქვეყნად ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის, თქვენი წყვილის სამუდამო დაშორების საკითხს იუმორით განიხილავს, მაგრამ ყოველთვის ხომ არ ეცინება ადამიანს?



კირჩხიბი
აი, თუ მართლა გაინტერესებთ, რას წარმოადგენს მთელი თავისი სისავსით ე.წ. „მამაკაცური ისტერიკა“, კირჩხიბთან გააბით რომანი, მერე კი უგზო-უკვლოდ მიატოვეთ. კიბო მამაკაცები, მართალია, ძალიან მზრუნველები არიან, მაგრამ მხოლოდ მათ აქვთ განსაკუთრებული უნარი, თავისი ამ ზრუნვით სულის ხუთვამდე მიიყვანონ ადამიანი. კირჩხიბი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანი ნატურაა, ამიტომ, თუ ერთხელ მაინც წამოგცდათ, რომ სამარადჟამოდ მისი ხართ და კუბოს კარამდე გეყვარებათ, მერწმუნეთ, აზრის შეცვლის შემთხვევაში ამ კუბოს დიზაინზე, ოღონდ უკვე რეალობაში, თავად იზრუნებს. კირჩხიბის აუტანელ თვისებებს შორის შედის წუწუნი, ფსევდო-დეპრესიული მდგომარეობა (როცა სინამდვილეში ცუდად კი არ არის, უბრალოდ, დაყვავება და მოფერება სჭირდება თქვენგან), სიძუნწე – რატომ უნდა ხარჯოს „მაკდონალდსის“ უხარისხო საკვებში ფული, როცა არსებობს ფეშენებელური რესტორნები, სადაც თვეში ერთხელ თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხებთ წასვლას და ნორმალურ კერძებს დააგემოვნებთ. არადა, ხომ ხდება, ხანდახან კაცს „მაკდონალდსის“ ფრი ურჩევნია მდიდრული რესტორნის კუს სუპს, მაგრამ კირჩხიბის გადარწმუნება ამაოა. შესაბამისად, თუ მის მიტოვებას გადაწყვეტთ თუნდაც ცოტა ხნით, რათა თქვენს ჭკუაზე მოკალათდეთ „მაკდონალდსში“ საყვარელი ბიგ-მაკის საჭმელად, მოგიწევთ, არა მარტო ტელეფონის ნომერი შეიცვალოთ, არამედ სამსახური და საცხოვრებელი მისამართიც კი. სხვა შემთხვევაში მამაკაცური ისტერიკის მთელ სერიალს ნახავთ.



ლომი
მამაკაცი ლომის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას თავი დაბადებიდან იმპერატორად ან, სულ მცირე, მეფედ წარმოუდგენია. შესაბამისად, თუ იმ ქალების რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც ჩადრის ტარება და რევერანსის კეთება ეხერხება ან ეხალისება, მაშინ როგორმე აიტანთ სახლში „საოჯახო ტირანს“, თუმცა თანამედროვე და დამოუკიდებელი ქალი, სავარაუდოდ, მოკლე ხანში აორთქლდება ლომური ისტერიკის გამოვლინების პირველივე სიმპტომებზე. გაინტერესებთ, კონკრეტულად რა დროს არის მოსალოდნელი ზემოხსენებული ისტერიკა? ამის პროგნოზირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ცუნამი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგატყდეთ თავზე. მაგალითად, მაშინ როცა აბაზანაში კომფორტულად მოკალათებული ნებივრობთ, ის კი უკვე მეორე ესემესს გწერთ და ამაოდ ელის თქვენგან პასუხს, ამასობაში კი ნერვიულობისგან თმა ნელ-ნელა უხუჭუჭდება. პრინციპში, ლომების უმრავლესობას ისედაც ტალღოვანი თმა აქვს, თუმცა, ალბათ, მიმიხვდით გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამს. მოკლედ, თუკი თავს მორჩილი ქალების სიაში მოიაზრებთ, დატესტეთ, იქნებ მოგეწონოთ კიდეც „ლომური ისტერიკა“ და კიდევ დიდხანს შერჩეთ ერთმანეთს თქვენ და თქვენი „ჯუნგლების მბრძანებელი“.



ქალწული
ქალწული მამაკაცი ის ერთადერთი, უნიკალური ეგზემპლარია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, ნებისმიერ სუსტი სქესის წარმომადგენელს იქით დამართოს ისტერიკა. იგი უზომოდ მოწესრიგებული, პუნქტუალური, დახვეწილი, გაწონასწორებული და ფრთხილია. ალბათ, იტყვით, განა ასეთ მამაკაცზე არ ოცნებობს ქალების უმრავლესობაო? არა, არა და არა. მისი მოწესრიგებულობა პედანტიზმია, პუნქტუალურობა ნიშნავს იმას, რომ, როცა ის ოთხის თხუთმეტ წუთზე გინიშნავთ პაემანს, ოთხის ოც წუთზე მისულს ადგილზე აღარ დაგხვდებათ და სულ არ აინტერესებს მას ე.წ. „ქალური თავის დაფასებები“, რომელსაც სხვა მამაკაცები დიდსულოვნად პატიობენ. მისი დახვეწილობა, საკუთარი ჰალსტუხის ფერის და თქვენი ფრჩხილის ლაქის ზუსტ შეხამებაში მდგომარეობს. მისი სიფრთხილე კი გამუდმებული პარანოიაა არარსებული (მედიცინის სფეროში ჯერ არგამოგონილი) დაავადებების მიმართ. ჰოდა, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, თუ თქვენ მასთან ურთიერთობისას არ დაგემართებათ ისტერიკის მწვავე შეტევა, კი ბატონო, გზა ხსნილია - ქალწული ზუსტად ის მამაკაცია, ვინც თქვენ გჭირდებათ.



სასწორი
სასწორი მამაკაცი ბუნებით რბილი, თავაზიანი და მოსიყვარულეა. ის იმ იშვიათ მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნება, ვისთვისაც ემოციების მოფერებით, ჩახუტებით და ზოგჯერ ენის მოჩლექით გამოხატვაც კი ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა ეს ყველაფერი იმის გარანტიას არ აძლევს მას, რომ საყვარელი ქალი მასთან სამარადჟამოდ გაძლებს. აი, სწორედ აქ იწყება სასწორის ისტერიკა. მისი ისტერიულ მდგომარეობამდე მიყვანა კი მარტივზე მარტივი საქმეა. გაიხსენეთ სასწორის გამუდმებით მერყევი ორი პინა, რომელიც ხელის შეხებისთანავე მრავალსაათიან რყევას იწყებს. ზუსტად იგივე ემართება სასწორ მამაკაცს, რომელსაც საყვარელი ქალი მოულოდნელად ტოვებს. მისი ჰარმონიული სამყარო რღვევას იწყებს. შესაბამისად, ირღვევა მისი ფსიქოლოგიური წონასწორობაც, რაც, რაღა თქმა უნდა, საბოლოოდ ისტერიკით მთავრდება - სხვა დროს მოწესრიგებული, გემოვნებიანი და თავაზიანად მომღიმარი სასწორი გარშემომყოფებს საკუთარი „ბომჟური“ იმიჯით, გაუპარსავი წვერითა და ალკოჰოლის ამონაორთქლით გააოგნებს. და ეს მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, სანამ ის ახალ საკუთარ ობიექტს არ იპოვის, რყევაშერყეული პინების დასაბალანსებლად.



მორიელი
მორიელებს დაბადებიდან ფსიქოლოგიური ხედვის კარგი უნარი აქვთ, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ისტერიკაში ჩაგდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უფრო პირიქით, ის თავად აგდებს ქალების უმრავლესობას პანიკასა და ისტერიკაში, შემდეგ კი შესანიშნავად ხალისობს ამით. მორიელის საყვარელი საქმიანობა ხომ ადამიანებით მანიპულირებაა. თუმცა როგორც ნებისმიერ მოკვდავს, მორიელ მამაკაცსაც აქვს კარგად შენიღბული სუსტი წერტილები. მორიელი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანია, ამიტომ ქალი, რომელიც მასთან ურთიერთობას თანხმდება, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი საზოგადოებრივი სტატუსი შეიცვლება თავისუფალი პიროვნებიდან ვიღაცის „საკუთრებამდე“. დიახ, განა სხვა სახელი ჰქვია მდგომარეობას, როცა მამაკაცი თქვენ გარშემო ყველაფერს აკონტროლებს: დღის განრიგს, სამუშაო გრაფიკს, მეგობრებს, მტრებს, ნათესავებს, ყოფილებს და ა.შ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, თუ ქალს მორიელის მარწუხებისგან თავის დაღწევა მოუნდება. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მისგან თავის დაღწევა მოახერხეთ, მორიელს მაინც ხანგრძლივი დროის მანძილზე ეყოლებით მხედველობის არეში და ყველა თქვენს ნაბიჯს გულმოდგინედ გააკონტროლებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში უჩვეულოდ მოიმატებს მოულოდნელი და ფატალური მოვლენები (მაგ., ქუჩაში მშვიდად მოსეირნეს თავში ყვავილის ქოთანი დაგეცემათ, თქვენი ჩავლისას მოუნდებათ მუშებს კანალიზაციის ლუკის ახდა და ა.შ.).



მშვილდოსანი
მშვილდოსანი მამაკაცი პლანეტა იუპიტერის მფარველობის ქვეშაა, ამიტომ მისი ბუნება და სიტყვა „ისტერიკა“ ერთმანეთისგან ისე შორსაა, როგორც საქართველო და სამხრეთ აფრიკა. მართალია, მასზე გასაბრაზებლად ნებისმიერ სუსტი სქესის წარმომადგენელს უამრავი მიზეზი აქვს - არასტაბილური ხასიათი, ტრაბახი, ამაო დაპირებები - მაგრამ მამაკაცი მშვილდოსანი იმ უნიკალური ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც მყარად სჯერა, რომ შეუცვლელი ქალები არ არსებობენ. მეტიც, იგი ხშირად რამდენიმე იდეალის დევნასაც ოსტატურად ახერხებს და ამის გამო სინდისის ქენჯნა ნაკლებად აწუხებს. მან ხომ ზუსტად არ იცის, ვინ აღმოჩნდება „ის ერთადერთი და განუმეორებელი“, რომლის პოვნაზეც მთელი სიცოცხლე ოცნებობდა. მშვილდოსანი ბავშვურია, იდეალისტი და მეოცნებე. ამიტომ მისი საქციელი ყოველთვის წააგავს ანცი თინეიჯერის ქცევას და რა ასაკშიც არ უნდა იყოს, ამგვარ საქციელს ვერასოდეს მოიშლის. ამიტომ ქალს, რომელსაც მისი ხანგრძლივი ვადით „გამოჭერა“ უნდა, დიდი მოთმინება და ძალისხმევა დასჭირდება. მშვილდოსანი თქვენ გამო ისტერიკაში მაინც არასდროს ჩავარდება. ამქვეყნად ხომ უამრავი ლამაზი ქალი დადის, სრულიად მარტო, მეწყვილის გარეშე.



თხის რქა
ამ გარეგნულად ამაყ და ჯმუხ მამაკაცს სინამდვილეში საკმაოდ რბილი გული და სათუთი ნერვული სისტემა აქვს. თხის რქა სატურნის შვილია. სატურნი კი თავის გავლენაში მყოფებს დეპრესიის მძიმე ხუნდებით აჯილდოებს. ამიტომ, რაც არ უნდა წარმატებული, მდიდარი და განათლებული იყოს მამაკაცი თხის რქა, შინაგანად ყოველთვის აქვს კომპლექსები, რომლებსაც გულმოდგინედ მალავს, სანამ საკუთარ ცხოვრებაში სუსტი სქესის წარმომადგენელს შეუშვებს. თუმცა ეს რომ მოხდეს, თხის რქა მანამდე ამ უკანასკნელს ყველა სახის „პროფილაქტიკურ შემოწმებას“ ჩაუტარებს. იქნებ, ინტერესის ობიექტმა მისი იმედები ვერ გაამართლოს. თუმცა შეცდომებისგან დაზღვეული არც ერთი მოკვდავი არაა, მათ შორის - არც თხის რქა. ამიტომ იგი ე.წ. „ჩუმ ისტერიკაში“ ვარდება, როცა ცოლი სიძუნწის, ზედმეტი ბიუროკრატიის ან უემოციობის გამო მიატოვებს. თხის რქას არ უყვარს გრძნობების აფიშირება, ამიტომ იგი ისტერიკასაც თავისთვის, ჯიუტი მდუმარებით გადააგორებს. თუმცა ამ დროს მისი ნერვული სისტემა საგრძნობლად დაზიანდება და სატურნული დეპრესიულობა კიდევ უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს მის გულში, რაც, რაღა თქმა უნდა, მის მომავალ პარტნიორს დააზარალებს.



მერწყული
მამაკაცი მერწყული, მშვილდოსანი მამაკაცის მსგავსად, ისტერიკის შეტევებით ძალზე იშვიათად იტანჯება. პირიქით, მას თავად აქვს უნარი, ისტერიკამდე მიიყვანოს ქალი, თუმცა შემდეგ არც მისი დაწყნარება გაუჭირდება. გასაკვირი როდია, რომ მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები. მათ ძალიან მოსწონთ ადამიანების ემოციურ რეაქციებზე დაკვირვება და კვლევა. ამასთანავე, მერწყულს არასოდეს მიაჩნია საჭიროდ, რომ ვინმეს წინაშე თავი იმართლოს. შესაბამისად, ქალი, რომელიც მერწყულის გვერდით აპირებს ყოფნას, იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ მერწყული მას არასოდეს ჩააყენებს საქმის კურსში, რას, რატომ და როდის აკეთებს. მერწყული ბუნებით ჰუმანისტია, იგი ყოველთვის მზადაა, დახმარებისა და მეგობრობის ხელი გაუწოდოს ნებისმიერს - დაწყებული მეეზოვიდან, დამთავრებული ქვეყნის პრეზიდენტამდე. თუ მისი ამგვარი „გულუხვობა“ გაღიზიანებთ და ისეთი მამაკაცი გირჩევნიათ, ვინც საკუთარ ფულს, ემოციებსა და ძალებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე დახარჯავს, დამიჯერეთ, მერწყულთან თანაცხოვრებისას ისტერიკა გარანტირებული გექნებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არ შეუძლია ისეთ „ვიწრო ტერიტორიაზე“ მოახდინოს საკუთარი ძალებისა და რესურსების რეალიზაცია, როგორიცაა ოჯახი და სახლი.



თევზები
თევზი მამაკაცი ემოციური, სენტიმენტალური და ინტუიციური პიროვნებაა. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა მისი პირადი რუკა ცეცხლოვანი ასპექტებითაა „გამაგრებული“. ტიპური თევზი კაცის ისტერიკაში ჩაგდება მარტივზე მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, იგი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, თევზები ხომ ბუნებით მაზოხისტები არიან, თანაც ასე ხომ მორიგი საბაბი გაუჩნდება, მეგობრებთან ერთად „ჭიქის ასაწევად“. ჰოდა, ასეთ სიამოვნებას რომელი თავმოყვარე თევზი გაუშვებს ხელიდან? ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობთ, თუმცა, ცოტა უფრო სერიოზულად რომ ვისაუბროთ, მიზეზი იმისა, რატომ უნდა მოუნდეს ქალს თევზი მამაკაცის მიტოვება, საკმარისზე ბევრად მეტია - დაწყებული მისი ინფანტილური ხასიათით, დამთავრებული საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობით. მას ხომ ახლანდელი, ყოფილი და მომავალი პარტნიორი ერთნაირად უყვარს, რა ქნას, თუ არც ერთი ეთმობა დასაკარგად? იგი ძალიან ხათრიანია, ჰოდა, თუკი ოდესმე არაბი შეიხის ცოლობაზე გიოცნებიათ, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ მამაკაცი თევზი ამ ოცნებას რეალობად გიქცევთ, თუმცა აღმოსავლური ეგზოტიკისა და მდიდრული აპარტამენტების გარეშე.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია
წყარო: galanews