მშვილდოსანი ბედნიერი იქნება ვერძთან, სასწორთან და მორიელთან.
ვერძიც და მშვილდოსანიც ენერგიით სავსე ნიშნებია, ამ ენერგიათა თანხვედრის მეშვეობით მათ შორის მჭიდრო კავშირი მყარდება. ვერძსა და მშვილდოსანს შორის შეუკავებელი ვნება იფეთქებს. მშვილდოსანი ქალი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, როგორ აღმოჩნდა ვერძი კაცის მკლავებში. ამ ორი ნიშნის ურთიერთობა მრავლისმომცველი იქნება: იმოგზაურებენ, თავგადასავლებში გაეხვევიან, ინტრიგებს ჩახლართავენ, ხანდახან იჩხუბებენ კიდეც, მაგრამ მგზნებარე და ტკბილი შერიგება კიდევ უფრო გააძლიერებს მათ სიყვარულს. ვერძი და მშვილდოსანი ზედმეტად არასდროს იჭრებიან ერთმანეთის პირად სივრცეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ორივე ხვდება, რომ მეორე ნახევარი იპოვა.
არც ერთი სხვა ნიშანი ისე არ მიისწრაფვის მშვილდოსნისკენ, როგორც სასწორი. ორივე მათგანი ცნობისმოყვარეა, ცდილობს ყველა შეკითხვაზე იპოვოს პასუხი, მაქსიმალურად გაიცნოს ცხოვრება, მიიღოს მრავალფეროვანი გამოცდილება და გაიფართოოს სანაცნობო წრე. ეს წყვილი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სასწორს შეუძლია, გააღმერთოს მშვილდოსანი, რომელშიც „მალბოროს“ რეკლამის კოვბოის ხედავს. თავის მხრივ, მშვილდოსნისთვის სასწორი ჰარმონიის საწყისია.
მორიელს მშვილდოსნის გაბედნიერება ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია. მან აუცილებლად უნდა დაძლიოს ავადმყოფური ეჭვიანობა და ეგოიზმი. მშვილდოსანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მორიელი გრძნეულია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია, ამიტომ სხვა ნიშნების ფიქრების გამოცნობა შეუძლიათ. მორიელსა და მშვილდოსანს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ექნებათ, სანამ მორიელში ტირანი არ გაიღვიძებს, მშვილდოსანში კი - თავისუფლების მოტრფიალე ჩიტი.