ყოველწლიურად, ეიფელის კოშკს 7 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. მათი ბილეთების დასაბეჭდად, 2 ტონაზე მეტი ქაღალდი იხარჯება.
ტურისტების საყვარელი ადგილის სისუფთავეს ასობით ლიტრი სარეცხი საშუალება ხმარდება და, დაახლოებით, 25 000 ტომარა ნაგავი იყრება.
ეიფელის კოშკი დაქორწინებულია - 2007 წლის 8 აპრილს მასზე 34 წლის სან-ფრანცისკოელმა ერიკა ლაბრიმ იქორწინა. ქორწინების ცერემონიალს პატარძლის რამდენიმე მეგობარი დაესწრო. ქალაქის ხელისუფლებამ ქორწინება არ აღიარა, თუმცა ერიკას გვარის შეცვლის უფლება მისცა. ამჟამად ის ერიკა ლა ტურ ეიფელია.
შვიდ წელიწადში ერთხელ, 25 მუშა ეიფელის კოშკის ზედაპირს ახალი საღებავით ფარავს. თავდაპირველად კონსტრუქციას ძველ საღებავს აშორებენ, შემდეგ ანტიკოროზიულ ხსნარს უსვამენ და ბოლოს, გერმანული ფირმა Lanxess-ის საღებავით ფარავენ. კოშკის გადაღებვაზე, დაახლოებით, 4 მილიონი ევრო იხარჯება.
დამცავი ბადეების მიუხედავად, პარიზის ყველაზე მაღალი ნაგებობიდან სიცოცხლე თვითმკვლელობით 400-ზე მეტმა ადამიანმა დაასრულა. პირველი თვითმკვლელობა 1898 წლის 15 ივნისს მოხდა.
10 000-ტონიანი წონის მიუხედავად (საიდანაც 7 300 ტონა ფოლადია), 324-მეტრიანი ეიფელის კოშკი მსუბუქ კონსტრუქციად ითვლება.
პარიზის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა 435 მილიონ ევროდაა შეფასებული და ევროპის ყველაზე ძვირფას სიმბოლოდ მიიჩნევა.
ამ რეიტინგის მეორე ადგილი 91 მილიონ ევროდ შეფასებულ რომის კოლიზეუმს ერგო.
მესამეზე - 90 მილიონ ევროდ შეფასებული ბარსელონის წმინდა ოჯახის ტაძარია.
ეიფელის კოშკის ყველაზე ხანდაზმული ვიზიტორი 85 წლის სპილოა, რომელიც 1948 წლის ივნისში Bouglione-ის ცირკის დირექტორმა ნაგებობის პირველ სართულზე აიყვანა.
ეიფელის კოშკი მზის ზემოქმედების შედეგად დეფორმაციას განიცდის. ფოლადის ჩარჩო (ე.წ. კარკასი) ძლიერი გაცხელებისას ფართოვდება. ამ დროს კოშკის სიმაღლე 15 სმ-ით იმატებს და წვერი 18 სმ-ით გვერდით იხრება.
დაბოლოს:
კოშკის შემქმნელის ინჟინერი გუსტავ ეიფელის შვილთაშვილი სილვენ ეიტმან-ეიფელი ამტკიცებს, რომ იგი სახელოვანი ბაბუას მიერ აგებულ კოშკში ჩაისახა, რაც სრულიად ლოგიკურია - მისმა მშობლებმა ქორწინების პირველი ღამე გუსტავ ეიფელის კოშკში გაატარეს.