8 მარტს იტალიელმა მამაკაცმა საყვარელ ქალს თირკმელი აჩუქა

იცით თუ არა...

8 მარტი 15:00
64

აპენინის ნახევარკუნძულზე 8 მარტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სწორედ ამ დღისთვის გადაწყვიტა 52 წლის იტალიელმა მამაკაცმა 44 წლის საყვარელი ქალბატონისთვის, ტრადიციული ყვავილების ნაცვლად, საკუთარი თირკმელი ეჩუქებინა. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტურინის საავადმყოფოს Molinette-ს თანამშრომელი ქალბატონი წლების მანძილზე, სერიოზული გენეტიკური დაავადებით - თირკმელების პოლიკისტოზით იტანჯებოდა. მდგომარეობა თითქმის კრიტიკული იყო, ამიტომ აუცილებელი გახდა ახალი თირკმელის გადანერგვა.

ორი თვის წინ ექიმებმა დონორის ძებნა დაიწყეს, თუმცა მალე გაირკვა, რომ ქალბატონის საყვარელი მამაკაცი მზად იყო, თავისი რჩეულისთვის თირკმელი ეჩუქებინა.
ექიმებმა მამაკაცის ჟესტი დიდი სიყვარულის გამოხატულებად მიიღეს და ოპერაციისთვის მზადებას შეუდგნენ.
ყველა საჭირო ანალიზის ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ტრანსპლანტაციაზე თანხმობა განაცხადეს.
ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.
ამჟამად ორივე პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მედიკოსები მათ მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.