ვინ არის ყალბი ვალუტის მხატვარი, რომელზეც მსოფლიოს უდიდესი ბანკები „ნადირობენ“?

იცით თუ არა...

20 მარტი 15:00
337

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მხატვარი... თუმცა, რატომ - იყო? მხატვარი ამჟამადაც მშვენივრად გრძნობს თავს, იმის მიუხედავად, რომ მის ციხეში ჩასმაზე მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ბანკი ოცნებობს.

ჯეიმს სტივენ ჯორჯ ბოგსი 1955 წელს ნიუ-ჯერსიში დაიბადა.
ხატვის მოყვარულმა ყმაწვილმა საკუთარ თავში აღმოაჩინა ნიჭი, უმცირეს დეტალებამდე, უზუსტესად აესახა ნებისმიერი ქვეყნის ვალუტა.
ამის გაცნობიერების შემდეგ ბოგსმა სრულიად შემთხვევით მიაგნო სტრატეგიას, რომელმაც მსოფლიოში ცნობილ, მდიდარ ადამიანად აქცია.


ყველაფერი კი 1984 წელს დაიწყო. მხატვარი კაფეში ყავას სვამდა და  ხელსახოც ქაღალდზე დოლარიან კუპიურას ხატავდა. ოფიციანტმა გოგონამ, რომელმაც ნახატს თვალი მოჰკრა, აღფრთოვანება ვერ დამალა და სთხოვა, ხელსახოცზე დახატული დოლარი, რომელიც ნამდვილისგან არაფრით განსხვავდებოდა, 10 დოლარად მიეყიდა. ბოგსმა გოგონას უთხრა, რომ ეს უბრალო ნაჯღაბნი იყო და არაფერში გამოადგებოდა, მაგრამ ოფიციანტმა ფასი 20 დოლარამდე აწია. საბოლოოდ, მხატვარი დასთანხმდა, თავისი ნამუშევარი ერთ დოლარად მიეყიდა, თან განუმარტა, რომ ნახატს კი არ ყიდის, არამედ ამით ყავისა და ფუნთუშას საფასურს იხდის.
ბოგსმა ხელსახოცის მეორე მხარეს ავტოგრაფი დატოვა და კაფედან გამოვიდა. სწორედ მაშინ გაჩნდა უცნაური, მაგრამ საინტერესო იდეა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის ხატვა.


კანონი რომ არ დაერღვია, ბოგსი ვალუტას ქაღალდის მხოლოდ ერთ მხარეს ხატავდა, თანაც კუპიურის უზუსტეს გამოსახულებაში სპეციალურად, უმნიშვნელო ხარვეზი შეჰქონდა. მაგალითად, დოლარზე სიტყვების ნაცვლად „ჩვენ ღმერთის გვწამს“, წერდა „ჩვენ ოქროსი გვწამს“ ან „ფედერალური რეზერვის ბანკნოტის“ ნაცვლად, „არა ფედერალურ რეზერვს“. შვეიცარიულ ფრანკზე საკუთარ პორტრეტს ახატავდა და ა.შ. ამგვარად, ბოგსი ყველაფერს აკეთებდა, რომ ვალუტის გაყალბებაში მისი დადანაშაულება ვერავის მოეხერხებინა.


მოგვიანებით, ბოგსმა ვალუტის ხატვა ტილოზე ზეთის საღებავებით დაიწყო. ის თავის ნახატებს, ყველა მხატვრის მსგავსად, ყიდდა და მიღებული ფულით მომსახურებისა და საქონლის ფულს იხდიდა. ეს აუცილებელი წესი იყო, რომლისთვისაც არასოდეს უღალატია.


ბოგსი ხატავდა ამერიკულ დოლარს, ინგლისურ, შვეიცარიულ და ბელგიურ ფუნტს, ფრანგულ ფრანკს, იტალიურ ლირას... გამომუშავებული ფულით კი ყიდულობდა ტანსაცმელს, წიგნებს, ფუნჯებს და საღებავებს. სადილობდა რესტორანში და იხდიდა თვითმფრინავით მგზავრობის საფასურს.


კიდევ ერთი აუცილებელი პირობა - საკუთარი „ბანკნოტებით“ გადახდის შემდეგ მხატვარს ნამდვილი ფულის ცოტაოდენი ხურდა და სალაროს ჩეკი უნდა მიეღო. მალე ნუმიზმატებმა და კოლექციონერებმა ბოგსის დახატულ ფულზე ნადირობა დაიწყეს. ისინი უზარმაზარ თანხებს იხდიდნენ, რომ მხატვარს თავისი „ბანკნოტები“ მათთვის მიეყიდა, თუმცა ბოგსი ყველას კატეგორიული უარით ისტუმრებდა.
„მე ჩემს ნახატებს არ ვყიდი. მე ნახატებით ვიხდი, მაგრამ შემიძლია, მიგანიშნოთ, სად შეგიძლიათ მათი შოვნა“, - ამბობდა ბოგსი და ამ მინიშნებას 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტ საფასურს ადებდა, ვიდრე დახატული ფულის ნომინალები იყო. რომელიმე ბარში ან რესტორანში დახატული ფულით ანგარიშსწორებიდან 24 საათის შემდეგ ბოგსი სალაროს ჩეკს ყიდდა და მყიდველს მიანიშნებდა, სად და რომელ სალაროში შეიძლებოდა მისი შედევრის შოვნა.


ბოგსისთვის ინფორმაციაში 500 დოლარის გადახდის შემდეგ, კოლექციონერი პოულობდა მოლარეს და ცდილობდა, 5 დოლარის ნომინალის მქონე ნახატი მისგან გაცილებით მაღალ ფასად გამოესყიდა. ამ დროისთვის ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ბაზარზე ბოგსის ნახატი 3-დან 5 000 დოლარამდე ღირდა. ამიტომ ზოგიერთი მოლარე ნახატის გაყიდვაზე უარს ამბობდა, ზოგიერთ კოლექციონერს კი უმართლებდა და ნახატის სარფიან გაყიდვას ახერხებდა.


ბოგსის „ცუღლუტობანი“ პირველად ინგლისის ბანკმა გააპროტესტა.
1986 წლის 31 ოქტომბერს სკოტლენდ იარდის გამომძიებლები Young Unknown გალერეაში შეიჭრნენ, მხატვარი დააპატიმრეს და მისი ნამუშევრების კონფისკაცია მოახდინეს. ბოგსი, ინგლისის ბანკის თანხმობის გარეშე, პირადი ბანკნოტების წარმოებაში დაადანაშაულეს, რამაც თურმე „ნაციონალური ვალუტის პრესტიჟზე დამღუპველად იმოქმედა“.
სასამართლო ნოემბრისთვის ჩაინიშნა. ინგლისის ბანკმა მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებში შეტყობინებები დააგზავნა და მათ პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდა, თუმცა სხვა ბანკებში გაცილებით ჭკვიანი ადამიანები აღმოჩნდნენ და პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს.


სასამართლოზე ბოგსის ადვოკატმა ნაფიცი მსაჯულები დაარწმუნა, რომ ინგლისის ნაციონალური ვალუტის დისკრედიტაციაში დამნაშავე მხატვარი კი არა, თავად ინგლისის ბანკი იყო. მაგალითისთვის ადვოკატმა ეროვნული ვალუტის უსარგებლო სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები დაასახელა. მათ შორის, 50-ფუნტიანი ბანკნოტის სექსშოპების ქსელის რეკლამაში გამოყენების ფაქტიც იყო. ამის შემდეგ მსაჯულებმა ბოგსი ერთხმად გაამართლეს.
სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, მხატვარმა პირობა დადო, რომ ერთი წლის მანძილზე მხოლოდ დახატული ფულით იცხოვრებდა და არც ერთ რეალურ ვალუტას არ გამოიყენებდა, რაც შეასრულა კიდეც.


ინგლისის ბანკმა ბოგსს მშვენიერი სამსახური გაუწია - პროცესის დასრულების შემდეგ, მხატვრის პოპულარობამ იმატა და მის ნამუშევრებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამერიკაში დაბრუნებულმა ბოგსმა კიდევ ერთი იდეა განახორციელა. ამჯერად, მან არარსებული ნომინალის ამერიკული დოლარის (მაგ., 10 000 დოლარის) პრინტერზე ბეჭდვა დაიწყო. ამობეჭდილი თანხის საერთო ოდენობამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამერიკული ვალუტის არაზუსტი ასახვა იყო, გამოძიების ფედერალურ ბიუროში მიიჩნიეს, რომ ასეთი მაქინაციები ფინანსურ სისტემას დააზარალებდა, მით უმეტეს, რომ ბოგსმა გადაწყვიტა, დოლარის დაცინვის მიზნით, თავისი „ვალუტა“ ბრუნვაში გაეშვა.


გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მხატვარზე თვალთვალი დააწესა. მისი სატელეფონო საუბრები ისმინებოდა, კონტაქტები და გადაადგილება კონტროლდებოდა და საცხოვრებელ ბინაში პერიოდულად შეუმჩნეველი ჩხრეკა ტარდებოდა. აგენტები იქამდეც კი მივიდნენ, რომ სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების დირექტორებს „ბოგსის ფულის“ მიღების შემთხვევაში, ღიად ემუქრებოდნენ.


ყველაფრის მიუხედავად, მხატვრის გატეხა შეუძლებელი აღმოჩნდა. მან თავად მიმართა სასამართლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს წინააღმდეგ და ჩხრეკის დროს ამოღებული ნამუშევრების დაბრუნება მოითხოვა.
1999 წელს ბოგსმა პროცესი ისევ მოიგო. ადვოკატებს, რომლებიც ამაში დაეხმარნენ, მხატვარმა ანგარიში 100 000-დოლარიანი „კუპიურით“ გაუსწორა, თუმცა, სპეცსამსახურებმა მხატვარს თავხედობა არ აპატიეს და 2006 წელს მის ბინაში მეტამფეტამინი „აღმოაჩინეს“.


ბოგსმა ციხეში ნახევარი წელი გაატარა, მაგრამ მისი დიდება ყოველდღიურად იზრდებოდა. ამჟამად ბოგსის ნახატები მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში ინახება. ამ დროისთვის, საკუთარი „ვალუტის“ გაყიდვის შედეგად, ბოგსს 2 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.