რატომ არ იყენებენ „ზელიონკას“ არსად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა?

იცით თუ არა...

28 მარტი 15:00
621

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბადებული ნებისმიერი ადამიანისთვის ეს მკვეთრი მწვანე შეფერილობის, სპირტის შემცველი ხსნარი კარგად ნაცნობია, სამაგიეროდ, დასავლეთში „ბრილიანტის მწვანეს“ დანახვა აღარ უნდათ და ამას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს...

„დიად საბჭოეთში“ ვერ აღმოაჩენდით ოჯახს, სადაც „ბრილიანტის მწვანე“ არ ინახებოდა, როცა მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა ამ მედიკამენტს აღარ მოიხმარდა.
ამ მოვლენის მიზეზების ძიებაში, მთელი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა ჩვენი აღმოჩენა აუცილებლად დაგაინტერესებთ.
საქმე ის გახლავთ, რომ მე-19 საუკუნის შუა წლებში ევროპაში ყოველი მეათე მშობიარე სეფსისით იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობას ბებიაქალების ნაცვლად, დიპლომირებული ექიმები ატარებდნენ, სასიკვდილო სტატისტიკა არ შეცვლილა.


ვენის საავადმყოფოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგი იგნაც ზემელვეისი ძალიან განიცდიდა პაციენტების გარდაცვალებას და ცდილობდა, მომხდარის მიზეზი ეპოვა.
იმ დროისთვის ექიმებს მშობიარობის მიღება ხშირად პროზექტურაში, უკვე გარდაცვლილი ქალისთვის უწევდათ და ამ დროს ხელებს ჩვეულებრივი ტილოთი იწმენდნენ. ზემელვეისი მიხვდა, რომ ექიმებს ინფექცია გვამებიდან მშობიარეებზე გადაჰქონდათ, რასაც მათ დასნებოვნებას და სიკვდილს იწვევდა.


ამ აღმოჩენის შემდეგ, ზემელვეისმა მშობიარესთან მისვლამდე ხელების ქლორით დამუშავება დაიწყო და სიკვდილიანობა 7-ჯერ შემცირდა.
ასეთი შედეგის მიუხედავად, ექიმებს ზემელვეისის მეთოდი სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. ახალგაზრდა ექიმის მეთოდის ეფექტურობაში ექიმები გერმანელი გინეკოლოგის გუსტავ მიხაელისის სიკვდილმაც ვერ დაარწმუნა, რომელმაც ზემელვეისის მეთოდის დაცინვის მიზნით, მისი პრაქტიკაში გამოცდა გადაწყვიტა.


როცა გერმანელის პაციენტების ს
იკვდილიანობამ რამდენჯერმე იკლო, შეურაცხყოფილმა ექიმმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა უკეთესი მომავალი არც საბრალო იგნაცს ელოდა: ის თავდაპირველად ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, შემდეგ კი, ბედის ირონიით, სეფსისით, ანუ სწორედ იმ დაავადებით გარდაიცვალა, რომელსაც მის ბრწყინვალე აღმოჩენამდე მშობიარე ქალები ეწირებოდნენ.


მოგვიანებით, მადლიერმა შთამომავლობამ ზემელვეისს ძეგლი დაუდგა.
დაახლოებით, იმავე პერიოდში, პარიზში მცხოვრებმა ლუი პასტერმა მოიფიქრა, რომ 175 წლით ადრე აღმოჩენილი „ანიმაკულტურა“, ანუ როგორც დღეს უწოდებენ - ბაქტერია გადამდებია და მრავალი დაავადების მიზეზი ხდება.


სწორედ ამ დროს ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ქიმიკოსი უილიამ პერკინი მალარიის სამკურნალო პრეპარატის შექმნას ცდილობდა და უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა. მოულოდნელად მან მკვეთრი იისფერი ნივთიერება მიიღო, რომელსაც მოგვიანებით, მოვეინი უწოდა. ნივთიერების ფერი იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ ქსოვილიდან მისგან დატოვებული ლაქის ამოყვანა შეუძლებელი იყო. ამ ამბავმა უილიამის მამა გაახარა - მალარიის წამალს ვინ დაეძებდა, როცა მისმა შვილმა მშვენიერი საღებავი შექმნა.
მალე უფროსმა პერკინმა მოვეინის საღებავების წარმოება გახსნა. უილიამმა მეცნიერება მიატოვა, საღებავების წარმოებას შეუდგა და ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ ხანდაზმულობის ასაკში რაინდის წოდება და სერის ტიტული მიანიჭეს.


იმავე წლებში, შავიდან დაწყებული, ყვითლით დამთავრებული, სხვა ფერის ორგანული საღებავები შეიქმნა, რომლებმაც ადვილად ჩაანაცვლა ნატურალური საღებავები.
ექიმებმა ახალი საღებავების გამოყენება სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებისგან შექმნილი პრეპარატებისთვის ფერის მისაცემად დაიწყეს, რათა მათი მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერება უკეთ მოეხერხებინათ.
სწორედ ასეთი დაკვირვებების დროს აღმოაჩინეს, რომ საღებავი მიკრობებს უკვალოდ სპობდა. ასე შეიქმნა სამედიცინო საღებავების ხაზი.


ლუი პასტერის აღმოჩენის შემდეგ მედიცინაში ანტისეპტიკების, ანუ ტკივილის ბაქტერიებთან ბრძოლის ეპოქა დაიწყო. ექიმები ახალ სადეზინფექციო მეთოდებს იგონებდნენ ჭრილობების, სამედიცინო ინსტრუმენტების, გადასახვევი მასალისა და საკუთარი ხელებისთვის დეზინფექციისთვის. ეს ქირურგიის აყვავების ხანა იყო.


იმ დროისთვის სადეზინფექციო საშუალებად მერკუროქრომი, ბრილიანტის მწვანე, იოდის ხსნარი, ფენოლმჟავები და ფენოლი გამოიყენებოდა. ამჟამად, მედიცინაში სხვა, გაცილებით თანამედროვე საშუალებებია, თუმცა ძველი და კარგად გამოცდილი ქლორი დღემდე გამოიყენება. სამაგიეროდ, დასავლეთში „ბრილიანტის მწვანეს“ დანახვა აღარ უნდათ.
სანამ ამის მიზეზებს გავარკვევთ, ჯერ ის გავარკვიოთ, რა არის ამ ხსნარში ასეთი ბრილიანტისებური?
არსებობს მალაქიტის მწვანე, მეთილენის ლურჯი და წითელი ფუქსინი, ბრილიანტის კი მხოლოდ ის ერთადერთია. მშრალი სახით, სპირტში გახსნამდე, ისინი მოოქროსფრო-მომწვანო გრანულებია და ლათინურად viridis nitentis, ანუ „ელვარე მწვანე“ ჰქვია. ფრანგულად თარგმნისას უცნობმა ქიმიკოსმა სიტყვა brillant გამოიყენა, რაც ფრანგულად ელვარეს ნიშნავს.


უკვე მრავალი წლის განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ ნებისმიერ ნაკაწრს, ჭრილობასა და დაჟეჟილობას ბრილიანტის მწვანეთი ვამუშავებთ. განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში. გვიკვირს, როგორ ახერხებენ დასავლეთში ამ ჯადოსნური ხსნარის გარეშე არსებობას, მათ კი ჩვენი მწვანე ლეოპარდებივით გაფერადებული ბავშვების დანახვა აკვირვებთ.


რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე კოზლოვის განმარტებით, დასავლეთში მიღებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის დოქტრინა, „ზელიონკის“ მოლეკულური მოქმედების მექანიზმი კი ამ დრომდე უცნობია. ამის დასადგენად, საჭიროა რთული და ძვირად ღირებული გამოკვლევების ჩატარება, რასაც ასეთი ძველი პრეპარატისთვის არავინ გააკეთებს.


მოსკოვის კანის ვენერიული დისპანსერის მთავარმა ექიმმა პეტრე ბოგუშმა კიდევ ერთი მოსაზრება გააჟღერა. მისი თქმით, დასავლურ მედიცინაში ეფექტურობის გარდა, ესთეტიკური მხარეც მნიშვნელოვანია. თანაც იქ ფიქრობენ, რომ აუცილებელი არაა საკუთარი პრობლემებზე საღებავით ხაზგასმა. მსგავსი პრობლემების დროს, ამერიკელები ანტიბიოტიკებისგან დამზადებულ მალამოს ან ბეტადინთან ჩვეულებრივი შაქრის ნაზავს იყენებენ, რაც იოდის ერთ-ერთი შემადგენელია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი მწვანედ აჭრელებული პაციენტის დისკომფორტზე განსაკუთრებულად არავინ ნერვიულობს, თუმცა, ბევრი მედიკოსის აზრით, ძველი და კარგად გამოცდილი „ზელიონკა“ შაქრიან ბეტადინზე ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატია. ესთეტიკური მხარე კი რამდენიმე დღე მოიცდის...