რატომ ასეირნებდა ჟან მარე თავის ძაღლს საბავშვო ეტლით?

იცით თუ არა...

30 მარტი 15:00
91

მას მილიონობით ქალი აღმერთებდა, თავად კი ძაღლებზე იყო შეყვარებული. მეტისი, სახელად მულუკი, მსახიობმა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიფარა. თოკით ხეზე მიბმული ძაღლი მომავალ პატრონს თავიდან აგრესიულად შეხვედრია, თუმცა ეს ქალების კერპს არაფრად ჩაუგდია. მას შემდეგ, რაც გატანჯული ცხოველი სახლში წაიყვანა, გვერდიდან წუთითაც არ მოუშორებია.

მოგვიანებით მარემ გაიგო, რომ ძაღლი პატარა ქალაქ კომპიენში ცხოვრობდა და მას ლულუს ეძახდნენ. მსახიობმა ოთხფეხა მეგობარს სახელი ოდნავ შეუცვალა და მულუ-მულუკი დაარქვა.


მულუკი საოცრად გონიერი და ჭკვიანი არსება გამოდგა, რომელიც პატრონს რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში ეხმარებოდა.


ერთხელ, მსახიობი, რომელიც ამ დროს ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის მოხალისე იყო, გერმანელებით ოკუპირებულ პარიზში ველოსიპედით მოძრაობდა. რა თქმა უნდა, გვერდით ერთგული მულუკი მიჰყვებოდა.
უცებ ქუჩაში გერმანელი პოლიციელები გამოჩნდნენ, რომლებიც უკლებლივ ყველას ამოწმებდნენ. ამ დროს მარეს „ანდრომახში“ გადაღებისთვის წამოზრდილი თმები ჰქონდა და მკვეთრი ლურჯი ფერის კოსტიუმი ეცვა. მულუკმა საფრთხე იგრძნო, მსახიობს ზურგზე შეახტა და კისრის გარშემო, საყელოსავით შემოეხვია. მარემ ამქვეყნად ყველაზე გულუბრყვილო და იდიოტური გამომეტყველება მიიღო, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ გერმანელებს მის მიმართ ინტერესი დაეკარგათ და უპრობლემოდ გაეტარებინათ.


მას შემდეგ, რაც მულუკი, პატრონთან ერთად, გადაიღეს ფილმში „მარადიული დაბრუნება“, ჟან მარეს თაყვანისმცემლები კარგად ცნობდნენ ძაღლის გარეგნობას და ოსტატურად შენიღბული ჟან მარეს ცნობას სწორედ მულუკის მიხედვით ახერხებდნენ.


მსახიობი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად, მეტროთი მგზავრობასაც არ ერიდებოდა, სადაც ცხოველებთან ერთად შესვლა სასტიკად აკრძალული იყო. მეტროში შესვლისას, ტირნიკეტში გავლამდე, ცხოველი უკანა თათებზე დგებოდა და ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი, პატრონის პალტოში იმალებოდა.


ყველაფერი კარგად იყო, სანამ ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. მას ქოშინისა და ხველების მსგავსი სიმპტომები დაეწყო და სუნთქვა გაუძნელდა. დამწუხრებულმა მსახიობმა ნაცნობ ვეტერინარს დაურეკა. მსახიობი განადგურებული იყო და ცრემლებს ვერ მალავდა. ვეტერინარმა ძაღლი გასინჯა და გულის ასთმის დიაგნოზი დაუსვა, რაც ხანგრძლივ და მძიმე ავადმყოფობას ნიშნავდა.


მომდევნო ორი წლის განმავლობაში მარეს სააფთიაქო ნაკრები ყველგან დაჰქონდა. ძაღლი ხშირად გონებას კარგავდა და მარეს მისი მოსულიერება უწევდა. მალე მულუკმა ძალა მთლიანად დაკარგა და მსახიობს ერთგული მეგობარი ქუჩაში სასეირნოდ საბავშვო ეტლით დაჰყავდა.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ და მსოფლიოს ამცნეს სახელოვანი მსახიობის „უცნაურობების“ შესახებ.


ძაღლი რომ ცნობისმოყვარე თვალისგან დაეცვა და სუფთა ჰაერზე თავისუფლად გამოყვანა შეძლებოდა, მსახიობმა მიწის ნაკვეთი იყიდა, მშენებლები და დიზაინერები დაიქირავა და მყუდრო სახლის შენება დაიწყო. სამწუხაროდ, ძაღლს ახალ სახლში ცხოვრება არ ეწერა... ის მშენებლობის დასრულებამდე გამოეთხოვა სიცოცხლეს. როგორც ცხოველების შემთხვევაში ხდება ხოლმე, საყვარელ პატრონს მძინარეს დაემშვიდობა, სახლიდან წავიდა და უცხო ადგილზე, ქუჩაში მოკვდა.


მხოლოდ ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ, რა განიცადა მარემ ამ დროს. დანარჩენები კი წელიწადზე მეტ ხანს ამ თემაზე ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ..