ტუალეტის ქაღალდის გამო ატეხილი პანიკა

იცით თუ არა...

8 აპრილი 15:00
529

1973 წლის დეკემბერში ამერიკელმა მეწარმემ ჯონ კარსონმა ამერიკელები ტუალეტის ქაღალდის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ გააფრთხილა. გულუბრყვილო მომხმარებლებმა დაიჯერეს, რომ ყოფითი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის გარეშე დარჩენა ემუქრებოდათ და ქაღალდის მოსამარაგებლად მაღაზიებისკენ გაიქცნენ.

შექმნილი მდგომარეობით რამდენიმე მაღაზიამ ისარგებლა და ტუალეტის ქაღალდის ფასი გააორმაგა, თუმცა კრიზისი მეორე დღესვე მოგვარდა, როცა ბატონი კარსონი ადგილობრივი რადიოს ეთერით გამობრძანდა და ამერიკელებს აუხსნა, რომ წარუმატებლად იხუმრა.


1973 წელს ეს ტუალეტის ქაღალდთან დაკავშირებული ერთადერთი კურიოზი არ ყოფილა. წყნარი ოკეანის მეორე მხარეს,  ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ბედით შეფიქრიანებული იაპონიის მთავრობა ისრაელისა და არაბეთის საომარ მდგომარეობას  შეშფოთებული ადევნებდა თვალს, თუმცა, ერთ-ერთმა იაპონელმა მინისტრმა ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოაჩინა - 31 დეკემბერს ტელევიზიით გამობრძანდა და მოსახლეობას ტუალეტის ქაღალდის უფრო ეკონომიურად გამოყენება სთხოვა. ალბათ, ეს ყველაზე უარესი იყო მათ შორის, რაც ამ ადამიანს ოდესმე გაუკეთებია.


მეორე დღეს დილიდან ქალაქ ოსაკას სუპერმარკეტებთან ადამიანების უზარმაზარი რიგები გაჩნდა.
ფაქტობრივად, რამდენიმე საათში სავაჭრო ქსელიდან მთელი ტუალეტის ქაღალდი გაქრა. როცა ამბავი საინფორმაციო საშუალებებმა გააშუქეს, ოსაკას მაგალითს სხვა იაპონურმა ქალაქებმაც მიბაძეს.
2 ნოემბერს იაპონიის მთავრობის სხვა ჩინოვნიკმა ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდა, რადგან ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდის საკმარისი რაოდენობა მოიპოვებოდა, მაგრამ მისი აღარავის სჯეროდა.
სუპერმარკეტებთან ტუალეტის ქაღალდის შესაძენის მსურველთა რიგები არ იკლებდა. კრიზისის დასრულებისთვის, თითოეული იაპონელის სახლში რამდენიმე წლის სამყოფი ტუალეტის ქაღალდი ინახებოდა.