ჯექსონის ანტიგრავიტაციული ილეთის საიდუმლო, რომელმაც მეფეს მოსკოვში უმტყუნა

იცით თუ არა...

14 აპრილი 15:00
3497

პოპის მეფე უდიდეს შრომას დებდა თავის სიმღერებში და თითოეულ მოძრაობაზე ბევრს მუშაობდა. ის გამუდმებით ცდილობდა მსმენელის გაოცებას. მან, თავისი ერთ-ერთი გამოგონებით, მსოფლიო მიზიდულობის კანონს „სილა გააწნა“!

მუსიკალურ კლიპში „Smooth Criminal“ (მოხერხებული დამნაშავე), რომელიც 80-იან წლებში შეიქმნა და აღიარებულია, როგორც ჯექსონის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მომღერალი ცეკვის დროს შთამბეჭდავ ილეთს აკეთებს - მიწიდან 45 გრადუსზე საოცარი სიმსუბუქით იხრება.  
ალბათ, მაშინ ბევრი მიხვდა, რომ  აქ, სადღაც, ტექნიკური საიდუმლოება იმალებოდა.

დადგმას ხელმძღვანელობდა ვიზუალური ეფექტების საუკეთესო სპეციალისტი კოლინ ჩილვერსი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე გადაღებული ჰქონდა ლეგენდარული „სუპერმენი“. 



„იმ ტრიუკის მოფიქრება არ იყო რთული. მას შემდეგ, რაც სუპერმენს „ფრენა ვასწავლეთ“, მე ვიცოდი, რომ მაიკლისთვისაც მოვიფიქრებდი ხერხს, რომლის დახმარებითაც იგი 45-გრადუსიანი კუთხით გადაიხრებოდა.



თავიდან კლიპში მონაწილე 46-ვე მოცეკვავის ფეხსაცმელი იატაკზე დავაჭედეთ, თუმცა მაიკლი მათზე მეტად იხრებოდა. სინქრონულობის შესანარჩუნებლად რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა და ეს რაღაც იყო ტროსები, რომლებითაც მაიკლს დანარჩენების დონეზე ვაჩერებდით“, - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩილვერსი.



დიახ, ვიდეოში ამის გაკეთება რთული არ იყო, თუმცა ვიდეორგოლის შემდეგ პოპის მეფემ გადაწყვიტა, „ანტიგრავიტაციული ტრიუკი“  სცენაზე, ცოცხალი შესრულებისას გაემეორებინა! 



მომღერალი მშვენივრად ხვდებოდა, რომ Live-ში ამის გაკეთება გაცილებით რთული იქნებოდა, ამიტომ პატარა ეშმაკობა მოიფიქრა - ორ თანამოაზრესთან ერთად, შეიმუშავა მოჭიდების მექანიზმი, რომელიც სცენის იატაკსა და მოცეკვავის ფეხსაცმელში დაამონტაჟა.

 
საიდუმლო სისტემა ორი ელემენტისგან შედგებოდა - სოკოს ფორმის დამჭერებისგან, რომლებიც სცენაზე საჭირო დროსა და ადგილზე ჩნდებოდა და სპეციალური ფეხსაცმლისგან.
1993 წელს ჯექსონმა და მისმა თანაავტორებმა „ჯადოსნური ფეხსაცმელი“ დააპატენტეს კიდეც.


ამ საუკეთესო მიგნებამ ყველამ დააჯერა, რომ პოპის მეფემ გრავიტაცია დაამარცხა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა...



1996 წელს მოსკოვში გამართულ კონცერტზე ფეხსაცმლის ერთ-ერთი დამჭერი მოეშვა და მომღერალი სცენაზე დაეცა.
გაფუჭებული ფეხსაცმლის წყვილი და მისი დამჭერი ჯექსონის სიკვდილამდე მოსკოვის Hard Rock Cafe-ში დარჩა. შემდეგ კი აუქციონზე კოლოსალურ თანხად - 600 000 დოლარად გაიყიდა.