ქალაქი, სადაც არ დადის მანქანები და არ არსებობს პოლიტიკა

იცით თუ არა...

16 აპრილი 15:00
491

ინდოეთის სამხრეთით, ტამილანდის შტატში მდებარე ქალაქი 1968 წელს დაარსდა და გაეროს ეგიდით ვითარდება. მას ხშირად „სინათლის ქალაქსაც“ უწოდებენ.

დამაარსებლები აცხადებენ, რომ აუროვილი ექსპერიმენტული ქალაქია, რომელიც აპოლიტიკური და არარელიგიური ადამიანებისთვის აშენდა, რადგან დედამიწაზე უნდა არსებობდეს ადგილი, რომელზეც არც ერთ ერს არ ექნება პრეტენზია და ყველა ადამიანი თავისუფლად შეძლებს ცხოვრებას, როგორც მსოფლიოს მოქალაქე.


აუროვილში მაცხოვრებელი ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ ისინი დიდი ექსპერიმენტის ნაწილს შეადგენენ, რომელიც კაცობრიობას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს.


ქალაქის დაფუძნების დღეს, მსოფლიოს ასობით ქვეყნიდან ჩასულმა ადამიანმა აუროვილში მშობლიური მიწა ჩაიტანა და სიმბოლურად ქალაქის ქუჩებში მოაბნია.


ქალაქი 50 მცხოვრებზეა გათვლილი. ამ დროისთვის, მუდმივად მაცხოვრებელთა რიცხვი 2 000 ადამიანს აღწევს. აუროვილელთა უმეტესობას ინდოელები შეადგენენ, თუმცა აქ ასევე ცხოვრობენ ფრანგები, გერმანელები, ებრაელები, ამერიკელები, რუსები და ადამიანები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ისინი სპირალისებურად განლაგებულ სახლებში ცხოვრობენ და საკუთარი საქმით არიან დაკავებული.


აუროვილი ცდილობს, საკუთარი მოთხოვნილებები თავად დააკმაყოფილოს. მას აქვს სახნავ-სათესი მიწა, ქარხნები, საცხობები, სასადილო, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს, სკოლები, კინოთეატრები და ადგილობრივი გაზეთის რედაქციაც კი.


აუროვილის ცენტრში მდებარეობს ოქროსგუმბათიანი შენობა, სადაც მოქალაქეები მედიტაციისთვის იკრიბებიან.


ქალაქში არ არსებობს მერის ან სხვა საერთო მმართველის თანამდებობა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სპეციალურად შექმნილი მკვლევართა ჯგუფები იღებენ, რაც საერთო კენჭისყრით მტკიცდება.


ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, აუროვილის მოქალაქეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა აუროვილელებს შეუძლიათ, უარი თქვან ახალი წევრის შემატებაზე. თუ ამ ქალაქში ცხოვრებას აპირებთ, საცხოვრებელი სახლის შეძენა მოგიწევთ, რომელიც თქვენს საკუთრებაში დარჩება ქალაქში ცხოვრების მანძილზე.


აუროვილში მომუშავე ადამიანები ყოველთვიურად, საშუალოდ, 90 ევროს ოდენობის ანაზღაურებას იღებენ. აქ უამრავი ახალგაზრდა ოჯახია. გარდა ამისა, ქალაქს ჰყავს ფერმერები, ინჟინრები, მხატვრები, არქიტექტორები, მეცნიერები და ექიმები.


ტაქსების გარდა, რომლებსაც „გარე სამყაროდან“ ახალწვეულები ჩამოჰყავს, ქალაქში მანქანა არ არსებობს. აქ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდებიან.


აუროვილში ცხოვრება მრავალფეროვანია, მაგრამ არცთუ ისე მარტივი. ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ კომპლექსებთან, რადგან ამ სივრცეში ადამიანებთან ურთიერთობას ვერსად გაექცევით. „ახალწვეულმაც“ კი, რომელიც ქალაქში არავის იცნობს, რამდენიმე დღის შემდეგ, თითქმის ყველა თანამოქალაქის სახელი იცის. აუროვილში საერთოდ არ არსებობს კომუნიკაციის ზღვარი.