პირველი ადამიანი, რომელმაც მილიარდი დოლარის დაგროვება მოახერხა, ამერიკელი ჯონ როკფელერი იყო და ეს ამბავი ასი წლის წინათ, 1916 წლის 29 სექტემბერს მოხდა.
ჯონ როკფელერი 1839 წლის 8 ივლისს რიჩფორდში დაიბადა. მამამისი - უილიამ როკფელერი ახალგაზრდობაში ტყის მჭრელი იყო, თუმცა მოგვიანებით მძიმე ფიზიკურ შრომას თავი დაანება და სამკურნალო ელექსირებით ვაჭრობა დაიწყო. მალე უილიამს იმდენი ფული დაუგროვდა, რომ მიწის ნაკვეთი იყიდა.
ჯონმა, რომელიც როკფელერების ექვსი შვილიდან მეორე იყო, ბიზნესსაქმიანობა 7 წლის ასაკში დაიწყო. მან ინდაურების გაზრდასა და გაყიდვას მიჰყო ხელი, თან სპეციალურ რვეულში თავის კომერციულ მიღწევებს დეტალურად აღწერდა.
რამდენიმე წელიწადში პატარა ჯონმა იმდენი ფული მოაგროვა, რომ შეძლო, მეზობელი ფერმერებისთვის გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ, სესხად მიეცა.
16 წლის ასაკში როკფელერმა უძრავი ქონებისა და საზღვაო გადაზიდვების კომპანიაში ბუღალტრის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალევე დააწინაურეს, მაგრამ ხელფასის სიმცირით უკმაყოფილომ სამსახური დატოვა. ამით დაქირავებული თანამშრომლის რანგში როკფელერის მოღვაწეობა დასრულდა.
სამოქალაქო ომის დროს როკფელერი არმიას პროდუქტებით ამარაგებდა, რამაც საწყისი კაპიტალის რამდენჯერმე გაზრდის საშუალება მისცა. სწორედ ამის შემდეგ იწყება როკფელერის, როგორც ნავთობის მაგნატის, ეპოქა.
50-იანი წლების ბოლოს, მომავალმა მილიარდერმა ნავთობის საკითხებზე მომუშავე ქიმიკოსი ენდრიუსი გაიცნო და მასთან ერთად, კლივლენდში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახსნა, რომელიც თავისი პროდუქციით მთელ ქვეყანას ამარაგებდა.
1870 წელს როკფელერმა კომპანია „სტანდარტ ოილი“ შექმნა, რომელიც მხოლოდ გადამუშავებით კი არა, ნავთობით მდიდარი ადგილების დაზვერვით იყო დაკავებული. ამის გარდა, როკფელერი რკინიგზის მშენებლობასაც აფინანსებდა, რითაც ნავთობის ტრანსპორტირებას გაცილებით იაფსა და მარტივს ხდიდა.
ნავთობის მეფესთან კონკურენციაში როკფელერის მეტოქეები გაკოტრდნენ და ამერიკული ნავთობმოპოვების 90% „სტანდარტ ოილის“ ხელში გადავიდა. ამ დროისთვის როკფელერი, ნავთობმომპოვებელი კომპანიის გარდა, 16 სარკინიგზო, 6 ფოლადსასხმელი, 6 გადაზიდვის, უძრავი ქონებით ვაჭრობის რამდენიმე კომპანიისა და 8 ბანკის მფლობელი გახლდათ.
1916 წლის 29 სექტემბერს ის პლანეტის პირველ მილიარდერად ოფიციალურად გამოცხადდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში როკფელერი ქველმოქმედებაში ბევრს ხარჯავდა, აფინანსებდა ნიუ-იორკში მდებარე როკფელერის ცენტრის მშენებლობას და რამდენიმე უნივერსიტეტს. მან 9 მილიონი დოლარი გაიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის შენობის აგებაზე (სწორედ როკფელერის წყალობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში აშენდა და არა მსოფლიოს რომელიმე სხვა ქალაქში). ჯონ როკფელერი ღრმად მორწმუნე ადამიანი გახლდათ, ამიტომ თავისი ქონების ნაწილი ეკლესიას შესწირა.
მსოფლიოს უმდიდრესი დინასტიის დამფუძნებელი 1937 წლის 23 მაისს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი ქონება 1,4 მლრდ დოლარს შეადგენდა.. THE NEW YORK TIMES-მა როკფელერის ქონება 2006 წლის ეკვივალენტით და ინფლაციის გათვალისწინებით, 192 მლრდ დოლარად შეაფასა.