1. იმისთვის, რომ საქონლის შესაძენად თანხა გამყიდველის ბარათზე გადარიცხოთ, საჭიროა მხოლოდ მისი ბარათის ნომერი და სხვა არავითარი მონაცემი. თუ გამყიდველი გთხოვთ, აცნობოთ პასპორტის ნომერი, სმს კოდი, ბარათის მოქმედების ვადა, CVV კოდი ან სულაც დედის ქალიშვილობის გვარი, ის თქვენს „გაცურებას“ ცდილობს. გახსოვდეთ, მხოლოდ ისეთ ანგარიშსწორებას უნდა დასთანხმდეთ, რომელშიც კარგად ერკვევით.
2. დაიმახსოვრეთ - უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და ჯანსაღად მოაზროვნე არცერთი ადამიანი საქონელს საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე იაფად არ გაყიდის. ამიტომ, ერთი შეხედვით, მეტისმეტად მომგებიანმა წინადადებამ უნდა დაგაფიქროთ. მაგალითად, ipone 6-ს 200 ლარად არავინ მოგყიდით. თუ ასეთი რამ შემოგთავაზეს, სავარაუდოდ, ის ჩინური წარმოებისაა და ყალბი საბუთები ახლავს.
3. ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თაღლითობაა ფოსტით საქონლის გაგზავნისთვის წინასწარ თანხის მოთხოვნა. ხშირად ასეთი ამანათი მხოლოდ და მხოლოდ ნაგავია, ხოლო „გამომგზავნის“ ტელეფონი სამუდამოდ გადის მომსახურების ზონიდან. რა თქმა უნდა, ყველა მსგავსი წინადადების მომენტალურად იგნორირება არ ღირს, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. ყურადღებით შეისწავლეთ მომხმარებლის პროფაილი, მონახეთ ალტერნატივა და მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდით წინასწარ გადახდაზე, ისიც მცირე თანხის.
4. ზოგჯერ მომხმარებლებს მოსდით შემდეგი შინაარსის სმს: თქვენს განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა. მათ სანახავად გადადით ბმულზე ან თქვენი განცხადება შესაძლოა, წესების დარღვევის გამო დაიბლოკოს. გაგზავნეთ სმს კოდით 9 (ან ნებისმიერი სხვა ციფრი), რათა ბლოკი მოიხსნას. ეს თაღლითების მანევრია, რადგან მითითებულ ბმულზე გადასვლისას თქვენი პირადი მონაცემები მათ ხელში აღმოჩნდება.
5. განცხადებების საიტების გარდა, არაკეთილსინდისიერი ტიპები სხვაგანაც მრავლად არიან. მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება თავი დამსაქმებლად წარმოგიდგინოთ და ტელეფონით სრულიად დამაჯერებლად გესაუბროთ. ამის შემდეგ, თქვენ გაცნობებენ, რომ გასაუბრება წარმატებით გაიარეთ და სამედიცინო ბარათისთვის ან საოფისე ხელშეკრულებისთვის ფული უნდა გადარიცხოთ. ფრთხილად, თქვენ თაღლითების მახეში ხართ!
6. სანამ რომელიმე ბრენდის ვებგვერდის მომსახურებით ისარგებლებდეთ, დარწმუნდით, რომ ეს იმ კონკრეტული ბრენდის ნამდვილი საიტია. თაღლითებმა მშვენივრად იციან, როგორ გააკეთონ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული სიყალბე.
7. თქვენთვის საჭირო განცხადების მოძიებისას, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ტექსტის გრამატიკულ მხარეს და პუნქტუაციას. ყველა ინტერნეტ-მომხმარებელი „ხუთოსანი“ ვერ იქნება, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ, თუ ტექსტში შეცდომა უფრო მეტია, ვიდრე ასოები, დიდი რისკია, რომ ის თაღლითის დაწერილი იყოს.