სხვა ცოცხალი არსებების მსგავსად, ადამიანისთვის მარილი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან ის იცავს და აწესრიგებს წყლის ბალანსს ორგანიზმში. ადამიანის სისხლი, შარდი, ოფლი, სპერმა, ცრემლი და პრაქტიკულად, ყველა ორგანო მარილს შეიცავს, ამიტომ მის გარეშე ადამიანის უჯრედების გამართულად მუშაობა წარმოუდგენელია. წყლისა და მარილის უკმარისობის შემთხვევაში, უჯრედები გაუწყლოებისგან იღუპებიან.
ხშირად, დიეტოლოგები გახდომის მსურველებს მარილზე უარის თქმას ურჩევენ, რადგან უმარილო დიეტა ზედმეტი წონის კლების ეფექტური საშუალებაა. თუმცა, ეს არა ცხიმების წვის, არამედ სითხის დაკარგვის ხარჯზე ხდება. სითხესთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტებს კარგავს, ამიტომ უმარილო დიეტის ხანგრძლივობა ორ კვირას არ უნდა აღემატებოდეს.
ცნობისთვის, მარილზე უარის თქმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს და დეპრესიას იწვევს, ამიტომ მისი რაციონიდან სრულად გამორიცხვა დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ სასიკვდილო შედეგი მარილის გადაჭარბებულ მიღებასაც შეიძლება მოჰყვეს.
მარილის სასიკვდილო დოზა ადამიანის სხეულის 1 კგ-ზე 3 გრამია. მაგალითად, 80-კილოგრამიანი ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა ერთ ჯერზე, დაახლოებით 240 გრამი მარილის მიღება შეიძლება გახდეს.
სხვათა შორის, ზუსტად ამდენ მარილს შეიცავს მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი.
მარილის დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის ცივ ქვეყნებში 3-5 გრამს შეადგენს, ხოლო ცხელ ქვეყნებში 20 გრამამდე მერყეობს. სხვაობა გამოწვეულია ცივ და ცხელ კლიმატში ოფლის გამოყოფის სხვადასხვა ინტენსივობით.
მარილის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ საკვებად ყველაზე მიღებულია ნატრიუმის ქლორიდის (NACI) გამოყენება. სხვა მარილებს არასასიამოვნო სიმწარე ან მომჟავო გემო დაჰკრავს, თუმცა ადამიანის კვების რაციონში შეიძლება გარკვეული ადგილი ეკავოს. ბავშვთა კვებაში ძირითადად, სამი სახის მარილი გამოიყენება - მაგნიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ქლორიდი.
სუფრის მარილი ხელს უწყობს კუჭში ჰიდროქლორიუმის მჟავის წარმოქმნას, რაც კუჭის წვენის ძირითადი ნაწილია. დაბალი მჟავიანობის დროს, ექიმები პაციენტს ჰიდროქლორიდის მჟავის სუსტი წყალხსნარის მიღებას ურჩევენ, მომატებული მჟავიანობის დროს კი - საჭმელ სოდას, რომელიც ზედმეტ მჟავიანობას ანეიტრალებს.
სუფრის მარილს სუსტი ანტისეპტიკური თვისებები აქვს. 10-15%-იანი მარილწყალი ლპობის ბაქტერიების განვითარებას აჩერებს, რაც საკვების კონსერვირებისას მარილის ფართოდ გამოყენებას განაპირობებს.
ძველად მარილს ზოგიერთი მცენარის დაწვის შედეგად მოიპოვებდნენ, ფერფლს კი სანელებლის სახით იყენებდნენ.
საუკუნეების წინათ მარილი ოქროზე ძვირად ფასობდა. მაგალითად, რომაელ მებრძოლებს ხელფასის ნაწილს მარილით უხდიდნენ.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 000 წელს ჩინელებმა მარილის მიღება ზღვის წყლის აორთქლების მეთოდით ისწავლეს. ზღვის წყლის გაყინვის შემთხვევაში, ყინული უმარილო იქნება, ხოლო გაუყინავი წყალი - გაცილებით მარილიანი. ზღვის წყლის გაყინვისა და შემდეგ გადნობის შედეგად შეიძლება მტკნარი წყალი მივიღოთ, დარჩენილი მარილიანი წყლიდან კი - სუფრის მარილი.
მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა - სოლარ დე უიუნი სამხრეთ ბოლივიაში მდებარეობს.
მსოფლიო ყოველწლიურად 22 მილიონ ტონა სუფრის მარილს მოიხმარს. თითოეული ადამიანის წლიური ნორმა კი დაახლოებით 8 კგ-ია.