ბლოკადასგადარჩენილი ბავშვის დღიურში ვკითხულობთ: „სახლში გვყავდა ფუმფულა კატა, სახელად ვასკა, რომელიც ყველას ერთნაირად გვიყვარდა და გამუდმებით ვეფერებოდით. 1941 წლის ზამთარში, როცა სახლში საჭმელი გამოგველია, დედამ ვასკა კატების თავშესაფარში წაიყვანა. მითხრა, რომ ვასკასთვის იქ უკეთესი იქნებოდა, რადგან ყოველდღე ხორცსა და თევზს აჭმევდნენ. სახლში დაბრუნებულმა კი კატლეტები გაგვიკეთა. მე გამიკვირდა და ვიკითხე, ხორცი საიდან? დედა გაჩუმდა და თვალები ცრემლებით აევსო. მხოლოდ მერე მივხვდი, რაც მოხდა. გამოდის, რომ იმ ზამთარს ცოცხლები ვასკას წყალობით დავრჩით...“
სანამ მშიერი ლენინგრადელები კატებსა და ძაღლებზე ნადირობდნენ, ქალაქში ვირთხებმა ელვის სისწრაფით დაიწყეს გამრავლება. ლენინგრადელი კირა ლოგინოვა თავის დღიურში წერდა: „ვირთხები უზარმაზარ კოლონებად მოძრაობდნენ. როცა ისინი გზაზე გადადიოდნენ, ტრამვაიც კი ჩერდებოდა. ისინი ყველგან იყვნენ და მშიერი ადამიანების უკანასკნელ სარჩოს ანადგურებდნენ... ბოლოს იერიში ქალაქის მთავარ წისქვილზე მიიტანეს, სადაც ბლოკადაში მყოფი ადამიანებისთვის ხორბალი იფქვებოდა“.
ვირთხებს წამლავდნენ, ტყვიებს ესროდნენ და ცდილობდნენ, ტანკებით გაესრისათ, მაგრამ ერთი მოკლულის ნაცვლად, ასი და ათასი ჩნდებოდა. ეს იყო ორგანიზებული, ჭკვიანი და სასტიკი მტერი, რომელსაც კატების გარდა, ვერავინ და ვერაფერი გაუმკლავდებოდა.
საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბლოკადის გარღვევისთანავე, ლენინგრადში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთი გაიგზავნა. ეს იყო იაროსლავის მიდამოებში დაჭერილი ოთხი ვაგონი კატა, რომელიც ვირთხებზე საუკეთესო მონადირედ ითვლებოდა. კატების ნაწილი იქვე, რკინიგზის ვაგზალზე გაუშვეს, ნაწილი კი მოსახლეობას დაურიგეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ კატების წასაყვანად, უზარმაზარი რიგები იდგა. 1944 წლის იანვარში, ლენინგრადში ერთი კნუტი 500 მანეთი ღირდა, როცა ერთი კილო პურის ფასი 50 მანეთი იყო, ხოლო დარაჯის საშუალო ხელფასი 120 მანეთი გახლდათ.
ერმიტაჟისა და ლენინგრადის სხვა მუზეუმების ძვირფასი საცავების ვირთხებისგან დაცვის მიზნით, ტიუმენსა და მის მიმდებარე რაიონებში კატების კიდევ ერთი „მობილიზაცია“ ჩატარდა. მთლიანად, ლენინგრადში 5000-ზე მეტი კატა გაიგზავნა, რომლებმაც დაკისრებულ მისიას წარმატებით გაართვეს თავი და ქალაქი მღრღნელებისგან სრულიად გაწმინდეს. სწორედ კატების დამსახურებაა, რომ ადამიანებს ერმიტაჟში გამოფენილი შედევრების ნახვა შეუძლიათ.
იმ კატების პატივსაცემად, რომლებმაც ლენინგრადელები - შიმშილით სიკვდილისგან, ხოლო ერმიტაჟში დაცული შედევრები განადგურებისგან იხსნეს, 2008 წელს ტიუმენში ციმბირული კატების ხეივანი აშენდა, სადაც 12 მოოქროვილი კატის ბიუსტი განთავსდა.
ცნობისთვის, ერმიტაჟში დღემდე ასამდე კატა მსახურობს. თითოეულ მათგანს აქვს პასპორტი და მღრღნელებთან ბრძოლის საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. კატებზე მუზეუმის თანამშრომლები ზრუნავენ და თითოეული მათგანის ისტორია უმცირეს დეტალებამდე იციან.