იანვრის განმავლობაში თვითმარქვია ექიმი რამდენიმეჯერ დაინახეს საავადმყოფოს მისაღებ განყოფილებასა და კვების ბლოკში. ის ავადმყოფებს ხან ქირურგად აცნობდა თავს, ხან თერაპევტად და ხან გინეკოლოგად, ხოლო საავადმყოფოს თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია და მათთან სანტექნიკოსად იწყებს მუშაობას.
15 იანვარს ექიმის თეთრ ხალათში გამოწყობილმა მამაკაცმა ქალბატონი, რომელიც ქირურგს ელოდებოდა, გინეკოლოგიურ განყოფილებაში, გასინჯვაზე შეიყვანა. „РИА Новости“-ის ინფორმაციით, უცნობია, როგორ ჩატარდა „გასინჯვის პროცედურები“ და რამდენი ქალის გასინჯვა მოასწრო თვითმარქვიამ, რადგან საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
16 იანვარს თვითმარქვია გინეკოლოგი სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას მან წარმოადგინა პასპორტი, რომლის თანახმადაც, ის ადრე ნასამართლევი, 32 წლის ანტონ იარინი გახლდათ. სამართალდამცავების ვარაუდით, ექიმის ხალათში გამოწყობილი იარინი საავადმყოფოში „დაზვერვითი სახის სამუშაოს“ ახორციელებდა, რათა გაეგო, სად ინახავენ პაციენტები ფულსა და ფასეულ ნივთებს. თუმცა, თავად იარინის თქმით, მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და საავადმყოფოში, უბრალოდ, ნაცნობის მოსანახულებლად შევიდა. ხალათი კი ჰიგიენის ნორმების დაცვის მიზნით ჩაიცვა.