გენეტიკური პრობლემების გამო, ვეტერების ოჯახს უბედურებათა მთელი წყება დაატყდა თავს: მათი უფროსი შვილი დევიდ-იოსები შვიდი თვის ასაკში საშინელი დიაგნოზით გარდაიცვალა: SCID, ანუ მძიმე, კომბინირებული იმუნოდეფიციტი, იგივე ალიმფოციტოზი.
ამ მემკვიდრეობითი დაავადების არსი შემდეგში მდგომარეობს: გენეტიკური დეფექტი არღვევს თიმუსის ჯირკვლის მუშაობას, რის შედეგადაც ახალშობილს სრულიად ან თითქმის არა აქვს T ლიმფოციტები. B ლიმფოციტები აქვს, მაგრამ უმოქმედო.
ჩვეულებრივ, ეს დაავადება 100 000-დან ერთ ახალშობილში გვხვდება და მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი ძვლის ტვინის გადანერგვაა.
ოჯახში მეორე შვილი - გოგონა კეტრინი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.
ექიმებმა მშობლები გააფრთხილეს, რომ, თუ მათ ვაჟი შეეძინებოდათ, დიდი ალბათობით, მასაც აღმოაჩნდებოდა SCID, თუმცა შეიძლებოდა კეტრინი პოტენციური დონორი გამხდარიყო. ბეილორ-კოლეჯის ექიმებმა მშობლები დაარწმუნეს, რომ SCID გამოვლენის შემთხვევაში, ტრანსპლანტაციის ჩატარებამდე, ახალშობილს სტერილურ კაფსულაში მოათავსებდნენ.
მშობლებმა მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტეს.
და მართლაც, მათ კვლავ შეეძინათ ვაჟი - დევიდ-ფილიპი.
ეს სერიოზული ექსპერიმენტის დასაწყისი იყო.
რა მოხდებოდა, თუ დონორის ძვლის ტვინი გადანერგვისთვის უვარგისი აღმოჩნდებოდა, ამაზე არავის უფიქრია...
დევიდის გაჩენის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ კეტრინი დონორად არ ივარგებდა. ბიჭუნა დეზინფიცირებული ნაკურთხი წლით მონათლეს და სტერილურ ბოქსში მოათავსეს, სადაც სიკვდილამდე უნდა დარჩენილიყო...
ბიჭუნასთან მოხვედრამდე, წყალს, ჰაერს, კვების პროდუქტებს, პამპერსებსა თუ ტანსაცმელს დეზინფექცია უტარდებოდა. მშობლები შვილს მხოლოდ ჰერმეტულ ბოქსში ჩაკერებული ხელთათმანებით ეხებოდნენ.
ბავშვის სათამაშოებს, წიგნებსა და სხვა საგნებს განსაკუთრებული წესით ამუშავებდნენ - 4 საათით ეთილის ოქსიდით სავსე კამერაში, 60 გრადუსის ტემპერატურაზე ათავსებდნენ და ერთკვირიან აერაციას უტარებდნენ.
ბიჭუნა ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი და დეპრესიული გაიზარდა. 4 წლის იყო, როცა მშობლები იძულებული გახდნენ, მისთვის მიკრობების სასიკვდილო საფრთხის შესახებ ეთქვათ. ამის შემდეგ დევიდის უამრავ ფობიას კიდევ ერთი - მიკრობების შიში დაემატა.
როცა ექვსი წლის გახდა, დევიდზე NASA-ს სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ჩატარება და სასეირნო სკაფანდრი შეუკერეს. სკაფანდრის ჩაცმის შემდეგ დევიდმა ცხოვრებაში პირველად შეძლო ერთი მიმართულებით, ექვსი ნაბიჯის გადადგმა.
80-იანი წლების დასაწყისში ამერიკის სამედიცინო წრეებში მეტისმეტად ძვირად ღირებული (იმ დროისთვის, 1,3 მლნ დოლარიანი) ექსპერიმენტის კრიტიკა დაიწყეს, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ სტერილური ბოქსიდან ბიჭუნას გამოყვანა მკვლელობის ტოლფასი იყო.
წლები გადიოდა... ათი წლის მანძილზე, დევიდის დის, კეტრინის ძვლის ტვინის მონაცემები შედარებით გაუმჯობესდა, ამიტომ ექიმებმა მშობლები ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე დაითანხმეს.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს დევიდისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო. კეტრინის ძვლის ტვინში ეპშტეინ-ბარის ვირუსი თვლემდა, რომელმაც მონონუკლეოზი და ბურკიტის ლიმფომა გამოიწვია. ეს ვირუსი თითქმის ყველა ადამიანში გვხვდება, მაგრამ მათ დამცავი იმუნური სისტემა აქვთ, დევიდს კი - არა...
როცა კაფსულაში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, დევიდი ბუნებრივ გარემოში გამოიყვანეს. პირველად, 12 წლის მანძილზე, დედა შვილს ხელთათმანების გარეშე შეეხო. ბიჭუნამ კოკა-კოლა ითხოვა, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მის სხეულში ასობით სიმსივნე იყო განვითარებული, რაც არაფრის შანსს არ ტოვებდა. დევიდის გარდაცვალების შემდეგ, მისი მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ...
დევიდის პირადმა ფსიქოლოგმა მერი მერფიმ ბიჭუნას თხოვნით დაწერა წიგნი „ნამდვილი ანგარიში მისი ცხოვრების შესახებ“, თუმცა მისი გამოქვეყნების უფლება არ მისცეს. დევიდის საფლავის ეპიტაფიაა: „მან ვერ შეძლო, შეხებოდა სამყაროს, მაგრამ მოახერხა, სამყარო შეეძრა“. დევიდის ცხოვრების შესახებ გადაიღეს ფილმი „ბიჭუნა კაფსულიდან“, თუმცა უპასუხოდ დარჩა კითხვა: დევიდის შემთხვევაში რა იქნებოდა ეთიკურად გამართლებული გადაწყვეტილება?