პინგვინების რაოდენობის შემცირებას ისიც იწვევს, რომ ძალიან გემრიელი კვერცხი აქვს და ადამიანი საკვებად მოიხმარს. ჩვეულებრივ, პინგვინები სეზონზე ერთხელ, ორ კვერცხს დებენ. აქედან ერთი - ძირითადი, მეორე კი „სათადარიგოა“.
ადამიანებმა, რომლებმაც ამის შესახებ იციან, ყველაზე ხშირად, მეორე, „სათადარიგო“ კვერცხს იღებენ. ხშირად ეს კვერცხი განაყოფიერებულიც არაა. ამდენად, ის გამრავლებისთვის არ გამოდგება.
ფოლკლენდის კუნძულებზე პინგვინის კვერცხი უძვირფასეს დელიკატესად მიიჩნევა. მის მოხარშვას დაახლოებით, 45 წუთი სჭირდება. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ დაბალი ტემპერატურისგან ბარტყის დასაცავად, პინგვინის ცილა განსაკუთრებული თერმომედეგობით გამოირჩევა.
ხარშვის პროცესში ის გამჭვირვალე ხდება.
თუ ფოლკლენდის კუნძულებზე პინგვინის კვერცხი ყოველდღიური დელიკატესია, ტურისტებისთვის ის ნამდვილი აღმოჩენა გახლავთ. ამბობენ, რომ მას საუკეთესო გემო აქვს და საკმაოდ ნოყიერია.
ცნობისთვის, პინგვინების შესახებ პირველი გამოქვეყნებული ცნობა 1520 წელს ფერნანდო მაგელანის ეკიპაჟის წევრ ანტონიო პიგაფეტას ეკუთვნის. მეზღვაურებმა ფრინველი არგენტინასთან ახლოს დაიჭირეს და ის ბატის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნიეს.