ეს უცნაური ამბავი რუსეთში, ქალაქ უფას ერთ-ერთ სასამართლოში მოხდა.
პირველი, რაც სხდომათა დარბაზში შესულმა მოსარჩელეებმა დაინახეს, იატაკზე ზოლებად დაბნეული მარილი გახლდათ. ცხადია, ყველა დაინტერესდა, რატომ მოაბნია მოსამართლემ მარილი, თუმცა ნაილი იდიატოვამ დუმილი ამჯობინა.
„სასამართლო დარბაზში შესულმა დავინახე, რომ დარბაზში მარილი ვიწრო ზოლებად იყო მობნეული. მოსამართლეს ვკითხე, რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი მიპასუხა. ბოლოს და ბოლოს, მითხარით, სასამართლოში მოვედი თუ შამანთან? - ვიკითხე, მაგრამ ისევ არაფერი მითხრა. ასეთი რამე ვინმეს რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი. ეს მარაზმია და არაჯანსაღი ადამიანის ქმედება, ამიტომ მოვითხოვ იდიატოვას ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. მოსამართლე, რომელიც რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს, აშკარად არაჯანსაღი ფსიქიკისაა“, - განაცხადა უცნაური პროცესის შემდეგ უფლებადამცველმა ალმირა ჟუკოვამ.
ჟუკოვამ იატაკზე მობნეული მარილის ფოტოზე აღბეჭდა სცადა, თუმცა სასამართლოს მანდატურებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
უფელი ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეზე რაღაც სტრესმა იმოქმედა.
„ჩვენთან ცრუმორწმუნე ხალხი ცხოვრობს, ამიტომ ასეთ რიტუალებს ხშირად ატარებენ. გაგიჟებით კი შეიძლება მეეზოვეც გაგიჟდეს და წარმოების დირექტორიც. დაზღვეული არავინაა. თანამდებობა, წოდება და რეგალიები მსგავსი შემთხვევებისგან ვერ დაგიცავთ,“ - ამბობს კლინიკური ფსიქოთერაპიის ცენტრის მთავარი ექიმი ილგიზ ტიმერბულატოვი.
გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ნაილი იდიატოვა ქალაქ უფას რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 2014 წელს დაინიშნა. ინციდენტის შემდეგ მისმა თანაშემწემ გულდარ ჩინგიზოვამ განაცხადა, რომ სკანდალურ პროცესს არ ესწრებოდა და მოსამართლის ქმედების ახსნა არ შეუძლია.