იცით თუ არა

როგორ იხსნა სტაფილოს წვნიანმა ასიათასობით ბავშვის სიცოცხლე?

fun time

16:00 ორშ. 9 აგვისტო, 2021 წელი

ერნსტ მორო

14
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში წლამდე ასაკის ყოველი 4 ბავშვიდან ერთი იღუპებოდა და ხშირად ამის მიზეზი ბანალური დიარეა იყო... მაგრამ 1874 წელს ლიუბლიანაში დაიბადა ადამიანი, რომელმაც ბავშვთა გახშირებულ სიკვდილიანობას წერტილი დაუსვა!

პედიატრ ერნსტ მოროს (Ernst Moro) წყალობით ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანმა ასიათასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა.

ერნსტ მორომ განათლება ავსტრიაში მიიღო (ლუბლიანა, სადაც მორო დაიბადა, დღეს სლოვენიის დედაქალაქია, თუმცა იმ პერიოდში ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა).
1899 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1906 წელს პედიატრიაში გაიარა სპეციალიზაცია.

1908 წელს მორო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და ამავე წელს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა, რომლის ახსნა მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

იმ პერიოდში უამრავი ბავშვი დიარეით იღუპებოდა (პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხშირ დეფეკაციაში და თხელი ფეკალური მასის გამოყოფაში გამოიხატება).
მორომ შექმნა უმარტივესი რეცეპტი, რომელმაც ბავშვთა სიკვდილიანობა ორჯერ შეამცირა.

რეცეპტის საიდუმლო ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანი იყო - ნახევარი კილოგრამი სტაფილო ერთ ლიტრ წყალში იხარშებოდა. შემდეგ პიურეს კონსისტენციას იღებდა და სამი გრამი მარილი ემატებოდა. ეს იყო და ეს!
მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, რომ სტაფილოს წვნიანში წარმოქმნილი ოლიგოსაქარიდების მჟავა ხელს უშლიდა ბაქტერიების დამაგრებას ნაწლავების ლორწოვან გარსში.

ამ თვისებების წყალობით, სტაფილოს წვნიანი ბაქტერიებით გამოწვეულ დიარეასაც კურნავდა, რომელსაც ანტიბიოტიკებიც ვერ უმკლავდებოდნენ.

მხოლოდ ესეც საკმარისია, რომ მოროს სახელი პედიატრიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწეროს, მაგრამ ამის გარდა, მორომ შექმნა:

  • ე.წ. „მოროს რძე“, რომლის შემადგენლობაში შედის ნაღები, ფქვილი, ზეთი და შაქარი, რაც ბავშვის ხელოვნური კვებისთვის გამოიყენებოდა. მოროსვე ეკუთვნის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის სტერილიზაციის გამოგონება და აღმოჩენა, რომ დედის რძით გაზრდილი ბავშვი, დანარჩენებთან შედარებით, ორჯერ უფრო გამძლეა დაავადებების მიმართ.
  • ასევე, მან მიაგნო ისეთი დაავადების დიაგნოსტირების მეთოდს, როგორიც ბავშვთა ცერებრალური დამბლა და პარალიჩია. ასეთ დიაგნოსტირებას დღეს მოროს რეფლექსი (Moro Reflex) ეწოდება - თუ იმ ზედაპირს, სადაც ჩვილი წევს, ოდნავ შევარხევთ ან ხელს დავარტყამთ, ის მაშინვე ხელებს გაშლის, გაჭიმავს ფეხებს და აიწევა. შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ეს რეფლექსი ჩვილს 6 თვის ასაკამდე აქვს. თუ არ არსებობს რეფლექსი, ექიმებს ეჭვი მიაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე.

გასაოცარია, რომ ამდენი დამსახურების მქონე პედიატრმა თავისი ცხოვრება მოკრძალებულად გაატარა. მას არც ერთი ღირებული პრემია არ მიუღია და სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის არასდროს ყოფილა წარდგენილი „ნობელის“ პრემიაზე.

სამაგიეროდ, მესამე რაიხის პირობებში მოუწია ცხოვრება.
1936 წელს მორომ ჰაიდელბერგის პროფესორის წოდება „ჯანმრთელობის გაუარესების“ გამო დატოვა. სინამდვილეში კი მიზეზი ებრაელი ცოლი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, პედიატრს საყვარელი საქმე 74 წლამდე არ მიუტოვებია. 1948 წლამდე ის კერძო პრაქტიკას ეწეოდა და კიდევ უამრავი პატარას სიცოცხლე იხსნა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი