საბოლოოდ, გამარჯვებული ყველაზე იაფფასიანი ღვინო გახდა, რითაც დადასტურდა, რომ დეგუსტატორები და ღვინის ექსპერტები მხოლოდ მითია და კომპანიები მათ მომსახურებაში მილიონებს ტყუილად იხდიან.
ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა 2001 წელს, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორის ფრედერიკ ბროშეს მიერ დეგუსტატორებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა.
ექსპერიმენტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ტესტში ბროშემ 57 ცნობილი ექსპერტი მიიწვია და ორი ღვინის შესახებ შთაბეჭდილების დაფიქსირება სთხოვა. ექსპერტების წინ ორი ბოკალი იდგა - ერთი წითელი და მეორე თეთრი ღვინით. ბროშეს ეშმაკობა ის იყო, რომ არავითარი წითელი ღვინო არ არსებობდა. სინამდვილეში, ეს გახლდათ საღებავით შეფერადებული თეთრი ღვინო.
ექსპერტებს ეჭვი არაფერში შეჰპარვიათ და „წითელი“ ღვინო ისე აღწერეს, როგორც ჩვეულებრივ წითელ ღვინოებს აღწერდნენ და აფასებდნენ.
მეორე ექსპერიმენტს „საკონტროლო გასროლის“ ეფექტი ჰქონდა. პროფესორმა ჩვეულებრივი „ბორდო“ სხვადასხვა ეტიკეტის მქონე ორ ბოთლში ჩაასხა. ერთ ბოთლზე „გრან-კრიუს“ეტიკეტი იყო მიკრული, მეორეზე - ჩვეულებრივი სუფრის ღვინის. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ღვინოს მიირთმევდნენ, ექსპერტებმა ისინი სხვადასხვანაირად შეაფასეს: მათი აზრით, „გრან-კრიუ“ „კომპლექსური, სასიამოვნო და დაბალანსებულია“, ხოლო სუფრის ღვინო - „სუსტი და უგემური“. ექსპერტების უმეტესობამ „სუფრის ღვინის“ მოხმარების აკრძალვაც კი მოითხოვა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია.