საკნატუნო ამბები

გენიალური მილოშ ფორმანის 7 საუკეთესო ფილმი

fun time

14:00 ოთხ. 24 ნოემბერი, 2021 წელი

მილოშ ფორმანი

14
დაკოპირებულია

ჩეხური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ოსკაროსან მილოშ ფორმანის თითქმის ყველა ფილმი საკულტოა. ჩვენ დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ...

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“/One Flew Over The Cuckoo's Nest (1975 წელი, აშშ)

1968 წელს, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ, ფორმანი აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში. სწორედ აქ შეიქმნა მისი შედევრი პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტის შესახებ. ფილმმა აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო და ოქროს გლობუსის ექვსი ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა.

1975 წელს გამოსულ ფილმს საფუძვლად დაედო კენ კიზის უკვე გახმაურებული რომანი.

ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ფილმის მოქმედება ვითარდება, ფაქტობრივად, იმ სისტემის ასახვაა, რომელსაც თავად რეჟისორი გამოექცა. ამიტომ კრიტიკოსები მთავარ გმირს მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ხშირად აიგივებენ თავად რეჟისორთან, რომელიც ასევე ცდილობდა, ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც თავისუფლება ადამიანის უმთავრეს ღირებულებად ექცია.


„ამადეუსი“/Amadeus (1984 წელი, აშშ)

ფილმში მოთხრობილია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების ისტორია და შემოქმედება დანახული მისი მთავარი მეტოქისა და არაკეთილის მსურველის ანტონიო სალიერის თვალით. ფილმი დაჯილდოებულია 8 „ოსკარით“ და 4 „ოქროს გლობუსით“. ფილმის ოპერატორია მიროსლავ ონდრიჩეკი, მხატვრობა და კოსტიუმები კი პატრიცია ფონ ბრანდენსტაინს ეკუთვნის. მოცარტის როლზე რეჟისორმა იმ დროისთვის უცნობი ტომ ჰალსი აიყვანა, ხოლო სალიერის როლისათვის ფ. მიურეი აბრაჰამმა „ოსკარი“ დაიმსახურა.

„მეხანძრეების მეჯლისი“/Marie Slívová from The Firemen's Ball (1967 წელი, ჩეხეთი)

ფილმი „მეხანძრეების მეჯლისი“ ირონიული დაცინვაა იმ სისტემისა, რომელსაც მილოშ ფორმანი არ აღიარებდა. და სწორედ ამ ფილმის გამოსვლიდან მალევე დატოვა მან სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა.
სიუჟეტი პატარა პროვინციულ ქალაქში ვითარდება. უფროსის სამსახურიდან გაცილების მიზნით მეხანძრეები გადაწყვეტენ, მეჯლისი გამართონ. სილამაზის კონკურსი მოაწყონ და ლატარია გაათამაშონ.
მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მათ უნდათ: პრიზებს მოიპარავენ, გოგონებს კი აღარ მოუნდებათ სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. ამასთანავე, ქალაქში გაჩნდება ხანძარი, მაგრამ მეხანძრეები სულაც არ ჩქარობენ, გადაარჩინონ მსხვერპლი, ისინი ხომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმით - მეჯლისის მომზადებით არიან დაკავებულები.

„ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“/The People vs. Larry Flynt (1996 წელი, აშშ)

ფილმში მოთხრობილია ბიოგრაფია სკანდალური ამერიკელი გამომცემლისა და ბიზნესმენისა ლარი ფლინტის, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მედიაინდუსტრიაში - გამოსცა პორნოჟურნალი Hustler. ფილმმა იმის შესახებ, როგორ გახდა პორნოგამომცემელი სიტყვის თავისუფლების დამცველი მთელი ნაციისთვის, უამრავი ჯილდო და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ფილმში ნაჩვენებია თავისუფალი სიტყვისა და საზოგადოებრივი მორალის დაპირისპირება, სადაც ამერიკული საზოგადოების ბევრი პრობლემაა წარმოჩენილი.

„ვალმონი“/Valmont (1989 წელი, აშშ)

შოდერლო დე ლაკლოს რომანის „სახიფათო კავშირების“ შესანიშნავი ეკრანიზაცია - სიყვარულის, მეტოქეობისა და შურისძიების შესახებ. მოქმედება მიმდინარეობს მე-17 საუკუნის საფრანგეთში, როცა არისტოკრატიის საყვარელი გასართობი ინტრიგები იყო.
მაღალი წრის ქალბატონი, მარკიზა დე მერტეი იგებს, რომ მისი საყვარელი ჟერკური, ისე, რომ მასთან სიტყვაც არ დასცდენია, აპირებს, ახალგაზრდა სესილი დე ვალჟანზე დაქორწინდეს. შურისძიების მიზნით, მერტეი დაითანხმებს თავის ახლობელს, ვიკონტ დე ვალმონს, მოხიბლოს და შეაცდინოს გოგონა. ვალმონი თავიდან უარზეა, ამბობს, რომ შეყვარებულია მადამ დე ტურვილზე, რომელიც ქმრის ერთგულია. მაშინ მარკიზა ვალმონს ნაძლევს შესთავაზებს: თუ ის მადამ დე ტურვილის სიყვარულს მოიპოვებს, მაშინ თავად მისი გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვიკონტი ვალდებული იქნება, მონასტერში წავიდეს.

„ადამიანი მთვარეზე“/Man on the Moon (1999 წელი, აშშ, დიდი ბრიტანეთი)

ამ ფილმში ჯიმ ქერი დრამატულ როლშია, რაც ასე უცხოა მაყურებლისთვის. ის განასახიერებს კომიკოს ენდი კაუფმანს, რომელიც ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი კომიკოსი. ბავშვობაში ენდის ძალიან უყვარდა შოუების მოფიქრება და თავისი პლუშის დათუნიების წინაშე გამოსვლა. დიდობაში ის საკმაოდ თავხედ და არაორდინარულ კომიკოსად ჩამოყალიბდა, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ეცინათ იმაზე, რაც საერთოდაც არ იყო სასაცილო. ის არ ჰგავდა სხვა კომიკოსებს. დროთა განმავლობაში მაყურებელი უკვე ვეღარ განასხვავებდა, როდის ხუმრობდა ენდი და როდის იყო სერიოზული. ჯიმ ქერის ამ როლისთვის „ოქროს გლობუსი“ აქვს მიღებული.

„თმები“/Hair (1979,აშშ, დასავლეთ გერმანია)

ფილმი მოგვითხრობს ვიეტნამის ომის მონაწილის, ოკლაჰომელი კონსერვატორი ახალგაზრდის კლოდის შესახებ, რომელიც არმიაში გასაწევრიანებლად მიმავალი გზაზე ჰიპების ჯგუფს გადაეყრება. ჰიპებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლება ყველანაირი სოციალური შეზღუდვებისგან, თუმცა არა სახელმწიფო კანონებისგან. მათ უარი თქვეს, დაემორჩილონ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და სხვების მიერ დადგენილ წესებს; ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს. მათთვის ინდივიდუალიზმია მთავარი და სწორედ ამას აჩვენებენ ჭრელი სამოსითა და გრძელი თმებით.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „თმები“ ყველაზე კარგად ასახავს იმას, თუ რას განიცდიდა მილოშ ფორმანი, როდესაც 1968 წელს ევროპიდან ამერიკაში ჩავიდა. ალბათ, ერთ დროს თავად ფორმანიც ისე შესცქეროდა მრავალფეროვან ამერიკას, როგორც ოკლაჰომიდან ჩასული კლოდი შესცქერის ჰიპების ყოფას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის