საუკეთესო პასკა თქვენი სააღდგომო სუფრისთვის

კულინარია

9 აპრილი 12:00
1353

გამოცდილი კულინარი მანანა ვაჭარაძე, ექსკლუზიურად Funtime-ის მკითხველისთვის, სააღდგომო პასკის საუკეთესო რეცეპტს გაგვიზიარებს. გაითვალისწინეთ, რომ პასკის ცხობა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ამიტომ სასურველია, ცომის მომზადება დილიდან დაიწყოთ.

ინგრედიენტები:
კვერცხი - 10 ცალი 
შაქარი - 1 კგ.200 გრ.
მარგარინი „ონა“ -  250 გრ.
კარაქი - 300 გრ.
რძე - ნახ.ლ.
არაჟანი - 300 გრ.
მაწონი - ნახ.ლ.
ხაჭო - 300 გრ.
მშრალი საფუარი - 6 ს/კ.
გამაფხვიერებელი - 2 შეკვრა
ფქვილი - 3,5 კგ.
ზეთი - 1 ჩ/ჭიქა,
მუქი ქიშმიში - 400 გრ.
ცუკატები - 300 გრ.
ლიმონის ცედრა - 1 ცალი
ილი - 1 ჩ/კ.
დაქფვილი მუსკატის კაკალი - 1 ჩ/კ.
დაფქვილი მიხაკი - 1 ჩ/კ.
დარიჩინი - 1 ჩ/კ.
ვანილი - 5 შეკვრა
მარილი - 1 ჩ/კ.
მომზადების წესი:


1-ლი მოქმედება - საფუარის დაყენება:
ნახ. ლ რძეში გახსენით 6 ჩ/კ. მშრალი საფუარი. შეურიეთ 1 ჩ/ჭ შაქარი, ნახ. ჭიქა ზეთი და იმდენი ფქვილი, რომ არაჟნის სისქის ცომი გამოვიდეს. ჯამს თავზე ტილო დააფარეთ და თბილ ადგილზე დადგით.


მე-2 მოქმედება:
კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ. ღრუბლისებური კონსისტენციის მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და კვერცხის გულები და კარგად ათქვიფეთ.


მე-3 მოქმედება:
ცალკე ათქვიფეთ არაჟანი, მაწონი, ხაჭო, გამდნარი კარაქი და მარგარინი, ზეთი, მარილი. დაუმატეთ სუნელები, კარგად აურიეთ და ათქვეფილ კვერცხსა და შაქარს დაუმატეთ (მე-2 მოქმედება). დაუმატეთ ცალკე აფუებული საფუარი (1-ლი მოქმედება) საბოლოოდ, შეურიეთ ფქვილში არეული გამაფხვიერებელი და დაიწყეთ ცომის ზელა. გაითვალისწინეთ, რომ ცომი ძალიან დიდხანს, დაახლოებით 30-40 წუთი უნდა ზილოთ, ისე, რომ ზელვის დროს დაიწყოს ამოსვლა. მოზელილ ცომს ტილო დააფარეთ და სითბოში გააჩერეთ.


მე-4 მოქმედება:
როგორც კი ცომი კარგად აფუვდება, ზეთში დასველებული ხელით ჩაზილეთ. მეორედ და მესამედაც იგივე გაიმეორეთ და ბოლოს რომ ჩაზელთ, კარგად გარეცხილი და ფქვილში ამოვლებული ქიშმიში და ცუკატები დაუმატეთ. ისევ ჩაზილეთ და გააჩერეთ.


მე-5 მოქმედება:
პასკის ფორმებს ძირში ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ზეთი და ცომი ჩადეთ. გაითვალისწინეთ, რომ ცომმა ფორმა ნახევრამდე უნდა გაავსოს. ფორმებში გადატანილი ცომი კიდევ გააჩერეთ და კარგად რომ ამოვა 100 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გადაიტანეთ.


მე-6 მოქმედება:
ხის ჩხირით შეამოწმეთ, პასკა გამოცხვა თუ არა. როცა ჩხირს სისველე აღარ ამოჰყვება, ფორმები ღუმელიდან გამოიღეთ. გაითვალისწინეთ, რომ სანამ არ გაცივდება, პასკა ფორმიდან არ უნდა ამოიღოთ.