ქათმის ფრთები ბარბექიუს სოუსით - კერძი ნამდვილი გურმანებისთვის!

კულინარია

20 აპრილი 12:13
384

ამ საოცრად არომატული კერძის მომზადებას რესტორან „ავალონის“ შეფ-მზარეული გვასწავლის.

საჭირო პროდუქტი:
ქათმის ფრთები - ნახევარი კილო;
ზეთი - 1,5 ლიტრი.


მარინადისთვის:
წყალი - 1, 5 ლიტრი;
წითელი დაღერღილი წიწაკა - 20 გრ;
დაფნა - 2 ფოთოლი;
სურნელოვანი პილპილი - 20 გრ;
მარილი - 100 გრ;


ქათმის ფრთების მოსამზადებლად წინასწარ აუცილებელია მარინადის მომზადება.
მარინადის მომზადების წესი:
ლიტრანახევარ წყალში დაამატეთ დაღერღილი წიწაკა, დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი და მარილი. კარგად მოურიეთ და მომზადებულ მარინადში მოათავსეთ ქათმის ფრთები.
მარინადი შეინახეთ მაცივარში 3-4 დღით.
როცა ქათმის ფრთებს მაცივრიდან გამოიღებთ, დადეთ საწურზე და როგორც კი წვენი დიწურება, შეუდექით მის შეწვას.


ღრმა ქვაბში ჩაასხით, დაახლოებით, ლიტრანახევარი ზეთი.  ზეთი რომ გაცხელდება, ზეთიან ქვაბში ქათმის ფრთები ჩაყარეთ და საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში შეწვით.


ბარბექიუს სოუსის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:
შაქარი - 200 გრ;
ფორთოხლის წვენი - 200 გრ;
ტომატი (კეტჩუბი) - 300 გრ;
ბალზამიკო - 60 გრ;
მდოგვი - 50 გრ;
„ვორჩესტერის“ სოუსი - 60 გრ;
კონიაკი - 150 გრ;
იმბირი - 5 გრ;
თაფლი - 50 გრ;
ნიორი - 2 კბილი.


გააცხელეთ ქვაბი, ჩაასხით ტომატი  და როგორც კი წამოდუღდება, ნელ-ნელა დაამატეთ დანარჩენი მასალა.
მუდმივად ურიეთ და როგორც კი გემო გაუჯდება, გაზქურა გამორთეთ.
ბარბექიუს სოუსი დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 20 წუთი უნდა ხარშოთ. როგორც კი სოუსი შეგრილდება, ნაწილი კერძისთვის გამოიყენეთ, ხოლო რაც დარჩება, გადაიტანეთ შუშის ქილაში და შედგით მაცივარში. შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში მოიხმაროთ.


ქათმის შემწვარი ფრთები სოუსში ჩააწყვეთ, მოაყარეთ სეზამის მარცვალი და გემრიელად მიირთვით!