ვაშლის ნამცხვარი ან, ზოგადად, ხილის ნამცხვარი ვისაც გიყვართ, ინტერნეტში ასობით სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ მოიძიოთ, თუმცა, გარწმუნებთ - ამ შტრუდელზე იაფს და მარტივს ძნელად მიაგნებთ.
ლავაშიანი ვაშის შტრუდელის მომზადებაში, მაქსიმუმ, 40-50 წუთი დაგეხარჯებათ და აქედან ყველაზე მეტ დროს ვაშლის გათლა და დაჭრა წაიღებს. ამ რაოდენობის პროდუქტით 4 პორცია გამოგივათ.
საჭირო პროდუქტი:
ლავაში - 1 ფირფიტა
ვაშლი - 3-4 ცალი (მაგალითად, ზაფხულის ვაშლი ან მწვანე ვაშლი მოტკბო ჯიშის)
ქიშმიში - 40 გრ. (1 სუფრის კოვზი ქიშმიში=25 გრ.)
შაქარი - 100 გრ. (1 სუფრის კოვზი შაქარი თავმოდგმული=30 გრ.)
დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
კარაქი - 60 გრ
კვერცხი - 1ცალი
საფანელი - 3 სუფრის კოვზი
შაქრის პუდრა - 1 სუფრის კოვზი (მოსართავად).
მომზადების წესი:
1. გაფცქვნილი ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად (თ თხელი კანი აქვს, შეგიძლიათ, გაუთლელად დაჭრათ);
2. გაცხელებულ ტაფაზე დააგდეთ 30 გრ. კარაქი. კარაქი ოდნავ რომ გალღვება, დააყარეთ დაჭრილი ვაშლი და დაიწყეთ მოთუშვა. 2-3 წუთში დაამატეთ შაქარი და დარიჩინი. თუშეთ, სანამ ვაშლი ოქროსფრად შეფერადდება;
3. როცა ვაშლი მოითუშება, მოთუშული ვაშლი გადმოყარეთ ჯამში, დააყარეთ ქიშმიში და კარგად აურიეთ;
4. დარჩენილი 30 გრ. კარაქი გაადნეთ ტაფაზე (სულ ცოტა კარაქი მოიტოვეთ საცხობ ფორმაზე წასასმელად) და შემდეგ სწრაფად წაუსვით (ფუნჯით უმჯობესია) ლავაშზე, რომელიც წინასწარ გექნებათ გაშლილი; ლავაშზე გადასმულ კარაქზე საფანელი მოაბნიეთ;
5. მოშუშული ვაშლი გადმოიღეთ ლავშის შუაგულში და დანით გადაანაწილეთ თანაბრად - ისე, რომ ლავაშის ნაპირებთან ადგილი დატოვოთ. ლავაშზე დადებულ ვაშლის შიგთავსს ზემოდან ასევე საფანელი მოაბნიეთ;
6. ლავაშის გვერდითა ნაპირები გადმოკეცეთ და შემდეგ თქვენგან წინ რულეტად ფრთხილად გადახვიეთ; აერღუმელის ლანგარზე (ჟარონაზე) დააფინეთ საცხობი ქაღალდი, თხლად გადაუსვით კარაქი და ზედ დადეთ რულეტი. რულეტს ფუნჯით წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, რამოდენიმე ადგილად ჩაჩხვლიტეთ და შედგით გახურებულ ჰაერღუმელში;
7. აცხვეთ 25-30 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე. ჰაერღუმელიდან გამოღებისთანავე, ცხელსვე მოაყარეთ შაქრის პუდრა.
შენიშვნა:
- დარიჩინი თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ, არ დაამატოთ;
- ვაშლი შეგიძლიათ, მსხლით ჩაანაცვლოთ და იმავენაირად მოამზადოთ;
- 100 გრ. შაქარი შეგიძლიათ, 1 სუფრის კოვზი დაფლით ჩაანაცვლოთ;
- თუკი ცხობისას რულეტიდან კარამელი (შაქრის წვენი) გამოვიდა, ჰაერღუმელიდან გამოღებისთანავე, ცხელი გადადეთ თეფშზე - წინააღმდეგ შემთხვევაში, საცხობ ქაღალდს მიეწებება;
- უმჯობესია, დაჭრათ ცხელ-ცხელი თქვენთვის მისაღებ პორციებად.
გემრიელად მიირთვით!