4 პერსონისთვის „გებჟალიას“ მოსამზადებლად საჭიროა:
სულგუნი - 500 გრ
რძე - 500 გრ
ნადუღი - 500 გრ
პიტნა - 50-60 გრ
მსხვილი მარილი - 1 ჩ/კ
ცოტა ბროწეულის მარცვლები
მომზადების წესი:
სულგუნს აუცილებლად კუბიკებად ვჭრით. საშუალო ცეცხლზე ვდგამთ სქელძირიან ქვაბს (თუჯის უმჯობესი იქნება) და ვასხამთ შიგნით რძეს (რძე ძალიან არ უნდა გაგვიცხელდეს). შეთბილებულ რძეში ვყრით დაჭრილ სულგუნს. შემდეგ ხელით ვზელთ სულგუნს რძეშივე მანამ, სანამ ყველის გუნდის ზედაპირი პრიალა არ გახდება. ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება. შემდეგ რძეში გამოყვანილი სულგუნის გუნდას ვდებთ ხის დაფაზე. (რძიანი ქვაბი ისევ დაგვჭირდება, ამიტომ, უბრალოდ, ცეცხლიდან გადმოვდგამთ, რომ არ ჩაიწვას.) დაფაზე გუნდას ხელით ვაბრტყელებთ რაც შეიძლება თხლად.
პიტნას ვაყრით მარილს და ვნაყავთ რაც შეიძლება კარგად. დანაყული პიტნის ნახევარს სუფრის კოვზით კარგად ვუსვამთ დაფაზე გაბრტყელებულ სულგუნს და რულეტივით ვახვევთ. გადახვეულ პიტნიან სულგუნს ფრთხილად ვაჭრით გვერდებს და ცოტა ხნით ვდებთ ცივი წყლით სავსე თასში, რათა შეიკრას. შემდეგ ამოვიღებთ და თეფშზე ვათავსებთ.
ქვაბში დარჩენილი რძისგან ვაკეთებთ სოუზს „გებჟალიისთვის“:
რძეში ჩავყრით ნადუღს და დარჩენილ პიტნას, შემდეგ კი სათქვეფით ვურევთ, სანამ მასა სოუსის სისქის არ გახდება. ამ პროცესს, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება. როდესაც სოუსი მზად გვექნება, ვაცდით გაციებას.
ცალკე თეფშზე მოთავსებულ „გებჟალიას“ ვჭრით რამდენიმე ნაწილად და ზემოდან სოუსს ვასხამთ.
კერძის გასაფორმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ პიტნის რამდენიმე ფოთოლი და ბროწეულის მარცვლები.
შენიშვნები:
ამ კერძის დამზადებას, დაახლოებით, ნახევარი საათი სჭირდება.
„გებჟალია“ ღომთან ერთად უნდა მივირთვათ, თუმცა ზეთში შემწვარ მჭადთანაც არაჩვეულებრივია.
გემრიელად მიირთვით!..