ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
10 კვერცხი
10 სუფრის კოვზი შაქარი
10 სუფრის კოვზი ფქვილი
15 გრამი კაკაო.
კვერცხების ცილა და გული გააცალკევეთ და ცილა კარგად ათქვიფეთ.
სქელი ღრუბელივით რომ გახდება, დააყარეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
როცა ბეზე კარგად ამოვა, ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
შემდეგ პატარა საცრის დახმარებით დააცერით ერთმანეთში არეული კაკაო და ფქვილი და ხის კოვზით ფაქიზად მოურიეთ. ბისკვიტის ცომი მზადაა და შეგიძლიათ, ცხიმწასმულ ყალიბში გადაიტანოთ.
გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე.
ინგრედიენტები კრემისთვის:
1 ლიტრი რძე
300 გრამი შაქარი
250 გრამი ფქვილი
200 გრამი კარაქი
1 ქილა მოხარშული „სგუშონი“.
რძე აადუღეთ.
ცალკე ჯამში აურიეთ შაქარი და ფქვილი.
ჩაყარეთ ადუღებულ რძეში და ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში, მიქსერის დახმარებით, წამოდუღებამდე თქვიფეთ.
შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ.
ნელ-ნელა შეურიეთ ცალკე ათქვეფილი კარაქი და მოხარშული „სგუშონი“.
ინგრედიენტები დასანამი სიროფისთვის:
1 ჭიქა წყალი
ნახევარი ჭიქა შაქარი
1 სუფრის კოვზი კონიაკი
შაქარი და წყალი წამოადუღეთ და გაციებულს კონიაკი დაუმატეთ.
ინგრედიენტები შოკოლადის მინანქრისთვის:
100 გრამი წყალი
200 გრამი შოკოლადი
1 სუფრის კოვზი შესქელებული რძე
1 სუფრის კოვზი ზეთი
წყალი აადუღეთ და ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადის ფილა.
შოკოლადი რომ გადნება, მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ცოტა რომ გაგრილდება, დაამატეთ შესქელებული რძე, ზეთი და ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ.
ტორტის გამზადება:
გამომცხვარი ტორტი გაჭერით ოთხ ფენად.
თითოეული ფენა დანამეთ, წაუსვით კრემი და თავზე მოასხით უკვე გაგრილებული შოკოლადის მინანქარი.
მოსართავად აიღეთ თეთრი ფერის რბილი შოკოლადი (სუპერმარკეტებში იყიდება), დაჭერით თხელ ფენებად, დაგრიხეთ და ტორტს თავზე მოალაგეთ.
გამზადებული ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში გააცივეთ და შემდეგ გემრიელად მიირთვით.