მიცკევიჩის #29 მდებარე კაფე „იდეალის“ უგემრიელესი კაკაოს ტორტი.
რეცეპტს ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველისთვის მიცკევიჩის #29 მდებარე კაფე „იდეალის“გამოცდილი კონდიტერი ნონა კალანდაძე გაგვიმხელს.
ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
10 კვერცხი
10 სუფრის კოვზი შაქარი
10 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი
2 სუფრის კოვზი თხელი თაფლი
2 სუფრის კოვზი კაკაო
ნახევარი კოლოფი ცომის გამაფხვიერებელი.
მომზადების წესი:
10 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ.
ცილა ისე კარგად ათქვიფეთ, რომ ჯამის გადმობრუნებისას ბეზე არ გადმოიღვაროს.
ჩაყარეთ მწიკვი მარილი, რათა არომატი უფრო გაუმძაფრდეს და თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, კვერცხის გულები და თხელი თაფლი.
კაკაო ტორტის ბისკვიტს აუხეშებს. ამის თავიდან ასაცილებლად და შოკოლადის გემოს გასამძაფრებლად, კაკაოს დამატებამდე, ცომს თაფლი უნდა შეურიოთ.
დაამატეთ კაკაო და ბოლოს ხის კოვზით ფრთხილად შეურიეთ გაცრილი ფქვილი.
სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ, ცომს გამაფხვიერებელიც დაუმატოთ, თუმცა, აუცილებელი არ არის. ჩაასხით ცომი პერგამენტჩაფენილ, ცხიმწასმულ ყალიბში და საშუალო, 150 გრადუსზე გამოაცხვეთ. ტორტის ბისკვიტი, დაახლოებით, ნახევარ საათში მზად იქნება.
გაციების შემდეგ უმნიშვნელოდ დანამეთ და კრემის წასასმელად გაამზადეთ.
შოკოლადის კრემის ინგრედიენტები:
100 გრამი კარაქი
ერთი ქილა მოხარშული შესქელებული რძე
150 გრამი შოკოლადი
250 გრამი ნაღები
კარაქი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ვანილი და კიდევ კარგად თქვიფეთ.
150 გრამი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, შეურიეთ ცალკე ათქვეფილი 1 ჭიქა ნაღები (250 გრამი) და შეგრილებულ შოკოლადს შეათქვიფეთ.
შოკოლადის კრემის ორივე შემადგენელი ერთად კარგად ათქვიფეთ და ტორტის დანამულ ფენებს წაუსვით. ტორტის შუაგულსა და ზედა ფენაზე მოალაგეთ ნიგვზის ლებნები, ცოცხალი ალუბლები ან დამტვრეული შოკოლადი.
არჩევანი თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
გამზადებულ ტორტს თავზე გადაავლეთ გამდნარი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!