ეს რეცეპტი ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველისთვის გურამიშვილის N33ა-ში მდებარე საცხობის „ნითას“ გამოცდილმა კონდიტერმა მოგვაწოდა.
ცომისთვის საჭიროა:
ფქვილი - 1 კგ.
საფუარი - 2 ჩაის კოვზი
შაქარი - 3 ჩაის კოვზი
მარილი - 1 ჩაის კოვზი
ზეთი - 1/2 ლიტრი
ფქვილი ჩაყარეთ მოზრდილ ჯამში, დააყარეთ მარილი, შაქარი, საფუარი, მოაპკურეთ 50 გრამი ზეთი და კარგად აურიეთ.
შემდეგ ფქვილს გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით 650 გრ. თბილი წყალი და ცომი მოზილეთ.
კარგად რომ ამოფუმფულდეს, ცომი, დაახლოებით, ორი საათი უნდა გააჩეროთ.
ამის შემდეგ დაყავით, დაახლოებით, 80-გრამიან გუნდებად, ჩაუდეთ მოხარშული კრემი და ხინკალივით მოახვიეთ.
ხინკლისგან განსხვავებით, კრემიან ფუნთუშებს „კუჭები“ არ ამშვენებს, ამიტომ, თითების ფრთხილი მოძრაობით, „კუჭი“ ამოწიეთ, მოაწყვიტეთ და ფუნთუშა ოდნავ გააბრტყელეთ.
გამზადებული ფუნთუშები ჩააწყვეთ ზეთიან ტაფაში და ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე შეწვით.
ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუნთუშები კარგად გამოშუშდეს და ორივე მხრიდან თანაბრად დაიბრაწოს.
მოხარშული კრემისთვის საჭიროა:
შაქარი - 150 გრ.
ფქვილი - 130 გრ.
წყალი - 1/2 ლიტრი
ვანილი, მარილი.
ფქვილი და შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
კრემის მოსამზადებლად საჭირო წყალს ცოტა მოაკელით და ფქვილისა და შაქრის ნარევი გააზავეთ. დანარჩენი წყალი აადუღეთ, დაასხით ამ მასას და დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ.
მზა კრემს გაცივების შემდეგ დაუმატეთ ვანილი.
შენიშვნა:
ფუნთუშებში ჩასადებ კრემში ცხიმის დამატება დაუშვებელია.