ჭავჭავაძის გამზირის N75-ში მდებარე რესტორანი „შატროს“ევროპული სამზარეულოს შეფ-მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველებისთვის შავ ღვინოში მოხარშული ვაშლის რეცეპტს გაგვიზიარებს.
გულსართისთვის საჭიროა:
ნუში - 20 გრ.
ქართული თხილი - 20 გრ.
ალუბლის ლიქიორი - 50 გრ.
შაქარი 1 ნახ. ჩაის კოვზი.
გულსართის მომზადების წესი:
ნუში და თხილი წვრილად დაკეპეთ ან გაატარეთ და ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ.
მოხალვის პროცესში დააყარეთ შაქარი და დაასხით ლიქიორი.
ამ დროს ტაფას შესაძლოა, ცეცხლის ალი მოეკიდოს, მაგრამ არ შეგეშინდეთ. თხილიან მასას რამდენჯერმე კარგად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
თქვენ მიიღებთ გოზინაყისმაგვარ, გემრიელ მასას.
ვაშლის სოუსისთვის საჭიროა:
მწვანე ვაშლი -1 ცალი
კარაქი - 50 გრ.
დარიჩინი - ჩაის კოვზის წვერზე
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
შავი ღვინო - 150 გრ.
ვაშლის სოუსის მომზადების წესი:
მწვანე ვაშლს მოაჭერით თავი და ჩაის კოვზის დახმარებით, ფრთხილად ამოუღეთ გული.
დაბალ ცეცხლზე დაადგით ქვაბი.
ქვაბი რომ გათბება, ჩააგდეთ კარაქის ნახევარი და ჩადეთ ვაშლი.
დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ ვაშლი ამოიღეთ და გულში ჩაუდეთ თხილისა და ნუშისგან მომზადებული გულსართი.
ვაშლი დააბრუნეთ ქვაბში, დაადეთ კარაქის მეორე ნახევარი და მოჭრილი თავი დაახურეთ.
ქვაბში ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ თაფლი, დარიჩინი და დაახურეთ თავსახური.
ვაშლი, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა გამოაცხოთ.
სუფრაზე ცხელ-ცხელი უნდა მიიტანოთ და თავზე თავისივე, ღვინისა და თაფლის სოუსი მოასხათ.
შენიშვნა:
ვაშლის მოხარშვა (გამოცხობა) ჰაერღუმელშიც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ქვაბის ნაცვლად, ისეთი ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ, რომელსაც თავი მჭიდროდ დაეხურება.
ცეცხლის ალი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაბალი უნდა იყოს.
გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია.