გამომცხვარი კალმახი ბოსტნეულით - კერძი „სათავადო“ დაუვიწყარი გემოთი

კულინარია

24 ნოემბერი 12:00, 2016 წელი
73

თუკი გსურთ, თქვენი კულინარიული შედევრით იამაყოთ, მოამზადეთ კერძი „სათავადო“ - გამომცხვარი კალმახი ბოსტნეულით, რომელიც არც დიდ დროს მოითხოვს და არც დიდ წვალებას.

„სათავადოს“ რეცეპტს რესტორან „რივერსაიდ ბაბილოს“ მზარეული კახა გოგუა გვიზიარებს.


საჭირო ინგრედიენტები:
კალმახი - 1 კილოგრამიანი (დიდი ზომის);
კარტოფილი - 2 ცალი;
პომიდორი - 1 ცალი;
ლიმონი - 1 ცალი;
მწვანე ხახვი - 150 გრ;
ხმელი ქონდარი - 30-40 გრ;
თაფლი - 1 ს/კ;
შამპანური - 20-30 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით;
ზეთი - 50 გრ.


მომზადების წესი:
სამზარეულოს მაგიდაზე გაშალეთ ფოლგა.
ფოლგას ხელით წავუსვათ ცოტაოდენი ზეთი და ზედ დაალაგეთ მრგვალად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი (ოღონდ გაითვალისწინეთ კალმახის ზომა. რატომ? - ამას ბოლოს მიხვდებით). 
მოხარშული კარტოფილის ზემოდან მრგვალად დაჭრილი პომიდორი მოათავსეთ, პომიდორზე კი კანგაცლილი, მრგვალად დაჭრილი ლიმონის ნაჭრები დააწყვეთ.
ლამაზად დალაგებულ ბოსტნეულს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ცოტაოდენი მარილი, პილპილი,  ქონდარი და ბოლოს, მოასხით შამპანური, რაც კალმახს პიკანტურ გემოსა და არომატს შესძენს.

საგულდაგულოდ გასუფთავებული, ფხაგაცლილი და გარეცხილი კალმახი მოათავსეთ ცალკე, მოზრდილ ჭურჭელზე და დაიწყეთ მისი შეგემება: მოაყარეთ მარილი, პილპილი; მოასხით ცოტაოდენი თაფლი და კალმახზე კარგად გადაანაწილეთ.
შეზავებული კალმახი გადაიტანეთ ფოლგაზე, ისე რომ ფოლგაზე დალაგებული ბოსტნეული კალმახის მუცლის მხრიდან მოექცეს.
მოასხით ზემოდან ცოტაოდენი ზეთი და ფოლგა საგულდაგულოდ  გადაკეცეთ. ღუმელიდან გამოდგით საცხობი თუნუქის ფირფიტა, დაასხით ზედ, დაახლოებით, 200-300 გრამი ცივი წყალი, შეფუთული კალმახი გადაიტანეთ წყლიან თუნუქის ფირფიტაზე და შედგით 200-220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-წუთით. 

როგორც კი კალმახს ღუმელიდან გამოიღებთ, ფოლგა ფრთხილად გახსენით და ფოლგის ზედა ნაწილი მაკრატლით შემოჭერით, ხოლო გვერდებზე დარჩენილი ფოლგა ქვედა მხრიდან ფრთხილად შემოკეცეთ.
„სათავადო“ უკვე მზად არის.
კალმახი დაჭერით სასურველ ზომებად და ბოსტნეულთან და თავისავე წვენთან ერთად გემრიელად მიირთვით!


შენიშვნა:
ფოლგაზე ბოსტნეული კალმახის სიგრძის მიხედვით უნდა დაალაგოთ;
უკვე გამზადებული კერძი შეგიძლიათ, სალათის ფურცლებით და ლიმონის ნაჭრებით გააფორმოთ;
მომზადების პროცესში ფოლგა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაზიანდეს;
კალმახი, სასურველია, ერთკილოგრამიანი იყოს;