ლიბანური სალათის რეცეპტს რესტორან „ბაბილო მიუზიკ ჰოლის“ გამოცდილი მზარეული მაია მამაიაშვილი გვთავაზობს.
საჭირო ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 300 გრ;
ე.წ. სომხური ლავაში - 1 ცალი;
პიტნა - 30 გრ;
არაჟანი - 50 გრ;
მაწონი - 50 გრ;
თეთრი ღვინო - 30 გრ;
ზეთი - 20 გრ;
ნივრის ფხვნილი გემოვნებით;
პაპრიკა - გემოვნებით;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.
ლიბანური სალათის მომზადების წესი:
პირველ რიგში, დაამარინადეთ ქათმის ფილე: გარეცხილი ფილე მოათავსეთ ოდნავ ღრმა ჭურჭელში. მოასხით ლიმონის წვენი, ცოტაოდენი ზეთი. მოაყარეთ პილპილი და მარილი. შემდეგ კი შედგით მაცივარში 2 საათით.
როგორც კი მაცივრიდან გამოიღებთ, ამოავლეთ სოიოში და დაალაგეთ ზეთმოსხმულ გაცხელებულ ტაფაზე.
ქათმის ფილე ერთი მხრიდან რომ შეიწვება, გადააბრუნეთ, ტაფაზე დაასხით თეთრი ღვინო და მოუმატეთ ცეცხლს, რათა ფილე კარგად დაიბრაწოს (ტაფაზე ცეცხლი გაჩნდება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ).
პარალელურ რეჟიმში ზეთიან ტაფაზე დაბრაწეთ კუბიკებად დაჭრილი სომხური ლავაში.
ხშირად დახედეთ ტაფას, რომელშიც ქათმის ფილეს წვავთ. როგორც კი ღვინო ამოშრება, გაზქურა გამორთეთ.
ახლა კი სპეციალური სოუსის შეგემებას შეუდექით:
არაჟანი და მაწონი ერთმანეთში გადაურიეთ.
დაამატეთ ნივრის ფხვნილი, პაპრიკა და შესუნელებული მარილი.
გემოს გასაცოცხლებლად და პიკანტური არომატის მისაცემად დაამატეთ წვრილად დაჭრილი პიტნა.
შეწვარი ფილე დაჭერით კუბიკებად, გადაიტანეთ სოუსში და საგულდაგულოდ გადაურიეთ, რომ ფილე სოუსით კარგად გაიჟღინთოს.
სულ ეს არის.
გადაიღეთ ლიბანური სალათი მოზრდილ თეფშზე. გვერდებზე მოუწყვეთ დაბრაწული ლავაში და გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა:
რაც უფრო დიდი ხნით დააყოვნებთ მაცივარში ქათმის ფილეს მარინადს, მით უფრო მალე შეიწვება და უფრო წვნიანიც გამოვა;
ლიბანური სალათი შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე, ცივად.
სალათის გასაფორმებლად შეგიძლიათ, პიტნის ფოთლები გამოიყენოთ, ხოლო ფერის შესაცვლელად - სალათს ოდნავ პაპრიკა მოაყაროთ.
ლიბანური სალათის მოსამზადებლად 15-20 წუთი საკმარისია.