„ნანადირევი“ - გამორჩეული კერძი თქვენს სუფრაზე

კულინარია

10 დეკემბერი 11:00, 2016 წელი
57

მათთვისაც, ვისაც განსხვავებული და გამორჩეული კერძების მომზადება და დაგემოვნება გიყვართ.

„ნანადირევის“ რეცეპტს რესტორან „ხომლის“ მზარეული ალექსანდრე კვაბზირიძე გვიზიარებს.


საჭირო ინგრეიენტები:
გარეული ღორის ხორცი - 400 გრ;
მწყერი - 3 ცალი;
კურდღლის ხორცი - 400 გრ;
წითელი ხახვი - 200 გრ;
მწვანე წიწაკა - 45 გრ;
ნიორი - 40 გრ;
ოხრახუში - 20 გრ;
კოწახური - 100 გრ;
ხმელი ქინძი - 10 გრ;
მდოგვი - 15 გრ;
ერბო - 40 გრ;
აჯიკა - 15 გრ;
ვაზის ფოთოლი - 6 ცალი;
ბულგარული წიწაკა - 20 გრ;
ზეთის ხილი - 20 გრ;
თეთრი ღვინო - 200 გრ;
წითელი დაფქული წიწაკა - 15 გრ;
კომში - 2 ცალი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
გასუფთავებულ კურდღლის ხორცი დაჭერით დიდ ნაჭრებად.
მოაყარეთ წითელი წიწაკა და ხმელი ქინძი.
მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
დაასხით ღვინო, დაამატეთ სუნელები,  მწვანილები (დაუჭრელად), გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ნიორი, ზეთის ხილი და დაჭრილი ხახვი. დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში - 40 წუთით.

გარეცხილი ტახის ხორცის დაჭერით დიდი ზომის ნაჭრებად და  დაამუშავეთ ერბოთი. 
წაუსვით მდოგვი, აჯიკა და მოათავსეთ, ასევე, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. მოასხით ზედ თეთრი ღვინო, მწვანილები, წიწაკა, ნიორი, დაჭრილი ხახვი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.

სანამ ტახის და კურდღის ხორცი შეიწვება, მწყერის მომზადებას შეუდექით. გარეცხილ და გასუფთავებულ მწყერს მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი და შეწვით ტაფაზე (ერბოში) ორივე მხრიდან, ოღონდ ნახევრად.
როგორც კი მწყერის ხორცს ტაფიდან გადმოიღებთ, გადაახვიეთ ვაზის ფოთოლში და შედგით ღუმელში, დაახლოებით, 15 წუთით.

როგორც კი მწყერი, კურდღლის და ტახის ხორცი შეიწვება, გადმოიღეთ ჭურჭელი ღუმელიდან. წინასწარ მოიმარჯვეთ მოზრდილი თეფში.
შემწვარი ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და თავისივე მწვანილებითა და ბოსტნეულით  თეფშზე გადაიტანეთ.
გააფორმეთ კოწახურით და სალათის ფურცლებით.


შენიშვნა:
ცეცხლგამძლე ჭურჭელში შეგიძლიათ ჩააფინოთ ფოლგა და ფოლგაში მოათავსოთ როგორც ხორცი, ასევე, დანარჩენი ინგრედიენტები.
შემდეგ, ფოლგა მჭიდროდ გადაახვიეთ და ჭურჭელი ღუმელში შედგით.
კურდღლის და ტახის ხორცი შეგიძლიათ ერთდროულად შედგათ ღუმელში, რადგან ორივეს შესაწვავად ერთი და იგივე დრო სჭირდება.
არ დაგაიწყდეთ, რომ ღუმელში შედგმული ჭურჭელი აუცილებლად თავდახურული უნდა იყოს.

გემრიელად მიირთვით!