„პანჩო“ - არაჟნის უგემრიელესი ტორტი

კულინარია

15 იანვარი 12:00
43

„პანჩო“ ერთ-ერთი საუკეთესოა არაჟნის ტორტებს შორის, თანაც მისი მომზადება განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს. თუ გსურთ, რომ ოჯახის წევრები და სტუმრები გემრიელი დესერტით გაკვირვოთ, საჭირო ინგრედიენტები მოიმარაგეთ და საქმეს შეუდექით.

ინგრედიენტები:


კარაქი - 30 გრ.
შაქარი - 150 გრ.
შაქრის პუდრა - 1 ს/კ.
ფქვილი - 250 გრ.
კაკაო - 4 ს/კ.
შოკოლადი - 50 გრ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ.
ნიგოზი - 80 გრ.
ალუბალი (გაყინული ან კომპოტიდან ამოღებულიც შეიძლება) – 200 გრ.
არაჟანი - 400 გრ.
ნაღები - 200 გრ.

მომზადების წესი:
მოქმედება 1:
თავდაპირველად ტორტის ბისკვიტი უნდა მოამზადოთ. კვერცხი არანაკლებ 5 წუთი, სქელი ქაფის წარმოქმნამდე უნდა თქვიფოთ. თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი.

მოქმედება 2:
ფქვილი და კაკაო გაცერით. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ათქვეფილ კვერცხში.
ფაქიზად მოურიეთ ხის კოვზით (ქვემოდან ზემოთ მიმართულებით).

მოქმედება 3:
ბისკვიტის ცომი, დაახლოებით, 22 სმ დიამეტრის, ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით. უკეთესი იქნება, თუ წინასწარ ცხიმწასმულ კულინარიულ ქაღალდს ჩაუფენთ. ფორმა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და, დაახლოებით, 30-35 წუთი გააჩერეთ.
მზა ბისკვიტი 1-2 საათით გააგრილეთ.

მოქმედება 4:
ალუბალი გაადნეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ.
ნიგოზი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.

მოქმედება 5:
კრემის გასამზადებლად, ნაღები კარგად ათქვიფეთ.
დაუმატეთ შაქარი, არაჟანი და თქვეფა გააგრძელეთ, სანამ შაქრის კრისტალები მთლიანად არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მოქმედება 6.
ბისკვიტი ორ ნაწილად გაჭერით. გაითვალისწინეთ, რომ ქვედა ნაწილი ზედაზე 1-1,5 სმ-ით მაღალი უნდა იყოს.
ბისკვიტის ზედა მხარე 2-3 სმ-იან კუბიკებად დაჭერით.

მოქმედება 7:
ახლა ტორტი უნდა ააწყოთ.
ამისთვის ბისკვიტის ქვედა მხარე ფართო ლანგარზე მოათავსეთ და ალუბლის წვენით დანამეთ (დაახლოებით, 6-7 ს/კ დაგჭირდებათ) და კრემი წაუსვით.
კრემწასმულ ბისკვიტს მოაყარეთ ალუბლისა და ნიგვზის ნახევარი.
ბისკვიტის კუბიკები კარგად ამოავლეთ კრემში და ბისკვიტზე ერთ ფენად მოაწყვეთ. ეცადეთ, რომ კუბიკები ბორცვის ფორმით განალაგოთ. ამ პროცესს კრემის 2/3 დაჭირდება.
ბისკვიტის კუბიკებს მოაყარეთ დარჩენილი ალუბალი და ნიგოზი და კუბიკების შემდეგი ფენა დაალაგეთ (ოღონდ ოდნავ ნაკლები დიამეტრით).

ტორტს დარჩენილი კრემი ყველა მხრიდან წაუსვით და მინანქარი მოამზადეთ.

მინანქრის მოსამზადებლად შოკოლადი წვრილად დატეხეთ და პატარა ჯამში ჩაყარეთ, დაუმატეთ კარაქი და მდუღარე წყლის აბაზანაზე გაადნეთ (წყალი ჯამის ძირს არ უნდა ეხებოდეს).
დნობის პროცესში შოკოლადი და კარაქი კარგად უნდა ურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მზა მინანქარი ტორტს ლამაზად მოასხით და რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.
გემრიელად მიირთვით!