სამარხვო ტორტი შოკოლადის კრემით

კულინარია

11 დეკემბერი 12:00, 2016 წელი
114

მათთვის, ვინც საშობაო მარხვას იცავს, ჩვენი ტრადიციული მასპინძელი, გამოცდილი კულინარი მანანა ვაჭარაძე გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ტორტის რეცეპტს გვიზიარებს.

ინგრედიენტები:
ზეთი (სასურველია ზეითუნის) – 150 მლ.
შაქარი - 75 გრ.
პურის ფქვილი - 3,5 ჭიქა.
მჭადის ფქვილი - 1 ჭიქა.
კონიაკი - 75 მლ.
წვრილად დაჭრილი ნიგოზი ან ნუში - 1 ჭიქა,
ფორთოხლის წვენი - 2 ჭიქა,
დაფქვილი მიხაკი - ¼ ჩ/კ.
დაფქვილი დარიჩინი - ½ ჩ/კ.
ფორთოხლის ცედრა - 1ს/კ.


კრემის ინგრედიენტები:
წყალი -1 ჭიქა,
შაქარი - 1,5 ჭიქა,
დანის წვერით ვანილი,
კაკაო -110 გრ.

მომზადების წესი:
1 მოქმედება:

ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ზეთი და შაქარი მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ.
2 მოქმედება:
მიღებულ მასას დაუმატეთ პურის და მჭადის ფქვილი, კონიაკი, ნიგოზი, ფორთოხლის წვენი, მიხაკი, დარიჩინი და ფორთოხლის ცედრა და კარგად აურიეთ.
3 მოქმედება:
ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ (სასურველია 22 სმ. დიამეტრის) ფორმაში და დაახლოებით 45 წუთი აცხვეთ.
4 მოქმედება:
ტორტის გამოცხობამდე 20 წუთით ადრე, მოამზადეთ სამარხვო კრემი: ლითონის ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კაკაო. დაადგით დაბალ ცეცხლზე და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. თან განუწყვეტლივ ურიეთ.
5 მოქმედება:
როცა კრემი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით და ცოტა გააგრილეთ. თუ ამის დრო გაქვთ, უკეთესია, მთელი ღამით გააჩეროთ. ასე უფრო სქელი და გამოყენების დროს, მოსახერხებელი იქნება. მზა ტორტს შოკოლადის კრემი ყველა მხრიდან წაუსვით და სურვილისამებრ გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით.

შენიშვნა:
ტორტის გამოცხობისთვის დაახლოებით 45 წუთი დაგჭირდებათ. კრემის მომზადებისთვის კი 25 წუთიც საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!