ბლინები ხორცით
12:00 კვი. 21 თებერვალი, 2021 წელი
ბლინების მრავალი რეცეპტი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ ხორციან ბლინებს, რომელთა დაგემოვნების შემდეგ მიხვდებით, რომ მის მოსამზადებლად დრო ნამდვილად არ დაგიკარგავთ. მაშ ასე, დაიწყეთ!
50 ცალი ბლინის შიგთავსის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:
საქონლის ხორცი - 0.5 კგ
ღორის სალა - 150 გრ
ხახვი - 200 გრ
ძირა, უცხო სუნელი, შავი პილპილი, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი - გემოვნებით.
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მოხარშული საქონლის ხორცი.
ცალკე გაატარეთ მოხარშული სალა, წვრილად დაჭრილ ან გახეხილ ხახვთან ერთად.
დადგით ტაფა გაზქურაზე და როგორც კი გაცხელდება, მშრალ ტაფაზე დაყარეთ გატარებული სალა და ხახვი. დაიწყეთ მისი მოთუშვა ნელ ცეცხლზე.
ტაფას სახურავს ნუ დააფარებთ.
შიგადაშიგ მოურიეთ, რომ მიხვდეთ, რა ეტაპზეა მოთუშული ფარში და თუკი საჭიროება მოითხოვს, შეგიძლიათ, სულ ოდნავ ზეთიც დაამატოთ.
დაახლოებით, 10-15 წუთის შემდეგ დაამატეთ ფარშს ცოტა ძირა, მარილი, დაფქული წითელი წიწაკა და 200 გრამი ცივი წყალი.
კვლავ განაგრძეთ მოთუშვა.
როგორც კი მოითუშება, გადმოიღეთ ჯამზე და დააყარეთ შავი პილპილი გემოვნებით.
სანამ ფარში გაგრილდება, შეგიძლიათ, ცომის მომზადებას შეუდგეთ.
ბლინის ცომის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:
ფქვილი - 300 გრ
კვერცხი - 3 ცალი
წყალი (შეგიძლიათ, წყალი რძით ჩაანაცვლოთ) - 0,5 ლიტრი
ზეთი - 100 გრ
მარილი - გემოვნებით
ათქვეფილ კვერცხს შეურიეთ ნახევარი ლიტრი წყალი და დაიწყეთ მიქსერით მორევა.
შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, მარილი გემოვნებით, 100 გრამი ზეთი და განაგრძეთ მორევა, დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში.
ბლინის ცომი მზად არის.
მიღებული მასა აუცილებლად თხელი და ერთგვაროვანი უნდა გამოვიდეს.
ეცადეთ, გამოცხობამდე, დაახლოებით, 15 წუთი გააჩეროთ.
ბლინის გამოსაცხობ თხელ და პატარა ტაფას წაუსვით ფუნჯით ზეთი და კარგად გააცხელეთ.
შემდეგ ოდნავ დაუკელით ცეცხლს და ტაფაზე ერთი ჩამჩა მომზადებული ცომი დაასხით, მოავლეთ მთელ ტაფას თხელ ფენად და ზედმეტი მასალა ტაფიდან გადმოღვარეთ (შეგიძლიათ, ცომიან ჯამში ჩააბრუნოთ).
ბლინის ფირფიტა მხოლოდ ცალი მხრიდან შეწვით.
როგორც კი ზედა მხარე შეშრება და ქვედა გამოცხვება, ტაფა გაზქურიდან აიღეთ, გადმოაბრუნეთ და ბლინი თეფშზე გადმოაცურეთ - ისე, რომ გამომცხვარი ფენა თეფშზე ზემოდან მოაქციოთ.
ასე განაგრძეთ დანარჩენი ცომის ცხობა.
გამომცხვარი ფირფიტები ერთმანეთზე დაალაგეთ.
როგორც კი ფირფიტების ცხობას დაასრულებთ, ოდნავ შეაგრილეთ.
შემდეგ კი თითოეულ ფირფიტაზე გამომცხვარი მხრიდან დადეთ უკვე მომზადებული და გაგრილებული ფარში და გადაახვიეთ.
გადახვეული ბლინები ორივე მხრიდან შეწვით ზეთმოსხმულ ტაფაზე.
შენიშვნა:
იცოდეთ, რომ, თუკი შავ პილპილს ფარშს მოთუშვის დროს დაუმატებთ, ფარში აუცილებლად გაშავდება.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბლინის ცომი მხოლოდ ერთი მხრიდან უნდა გამოაცხოთ.
თუკი მთელი რაოდენობის ერთად შეწვა არ გინდათ, შეგიძლიათ, გამზადებული/გადახვეული ბლინები პარკში ჩადოთ, გაყინოთ და მაშინ შეწვათ, როცა დაგჭირდებათ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან