ორქიდეა ბრასია - ტროპიკული ეგზოტიკა თქვენს ოთახში

მებაღის რჩევები

2 ივლისი 12:00, 2016 წელი
121

ორქიდეის ამ უჩვეულო სახეობას „ორქიდეა-ობობა“ უწოდეს, რადგან მისი ყვავილები ობობას მოგვაგონებს.

ბრასია (ლათ. Brassia) - ორქიდეათა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც 30-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, ამერიკის ტროპიკულ ტყეებშია გავრცელებული. ბრასიას უჩვეულო ფორმის ყვავილები აქვს, რომლებიც ობობას წააგავს, ამიტომაც შეარქვეს „ორქიდეა-ობობა“. ყვავილების შეფერილობა მუქი ან ღია ყვითელია, ყავისფერი ან მოყვითალო-მომწვანო ლაქებით დაფარული. ყვავილის ჯამი წაგრძელებულია, ზოგჯერ სიგრძით 15 სმ-მდეც კი აღწევს. ერთ ყვავილედზე შესაძლოა, განვითარდეს 6-8 ყვავილი ან მეტი და მთლიანობაში მსხვილ ობობას მოგვაგონებს.
ორქიდეა ბრასიას საკმაოდ ძლიერი სპეციფიკური არომატი აქვს, რომელსაც ზოგიერთი სასიამოვნოდ მიიჩნევს, ზოგს კი არცთუ ისე მოსწონს.  

განათება
ორქიდეების უმრავლესობის მსგავსად, ბრასიასაც გაფანტული შუქი უყვარს. ამიტომ კარგად გრძნობს თავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფანჯარაზე, ხოლო, თუ სამხრეთის ფანჯარასთან დადგამთ, შუადღის პირდაპირი სხივები თხელი ფარდით მოუჩრდილეთ. ზამთარში კარგი იქნება, დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყოთ, ხელოვნური შუქი მცენარეს დღე-ღამეში 8-10 საათით დასჭირდება.



 


ტემპერატურა
იდეალურ ტემპერატურად 23-25 გრადუსი ითვლება, თუმცა ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურაც  პრობლემას არ წარმოადგენს. ის კი არა, მცენარე 15 გრადუსზეც კი არ იღუპება. უკეთესი ყვავილობისთვის სასარგებლოა დღისა და ღამის ტემპერატურა 5-6 გრადუსით მაინც განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ასეთი ტემპერატურული რეჟიმის მისაღწევად ბრასია მაისიდან სექტემბრის ბოლომდე აივანზე უნდა გაიტანოთ, სადაც შუქიც საკმარისია და დღისა და ღამის ტემპერატურაც ბუნებრივად იცვლება.

ჰაერის ტენიანობა
ბრასია ბუნებრივად ტენიან ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს, ამიტომ ჰაერის მაღალი ტენიანობა მისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად მცენარეს ხშირ-ხშირად შეასხურეთ წყალი.

მორწყვა
ზაფხულობით უმჯობესია, ბრასია ზემოდან კი არ მორწყოთ, არამედ ქოთანი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადგათ 20-30 წუთით. მცენარე საჭირო წყალს ფესვებიდან შეიწოვს. ზამთარში მცენარე შედარებით იშვიათად მორწყეთ, მაგრამ არც  ნიადაგის ბოლომდე გამოშრობაა დასაშვები.

ნიადაგი და გადარგვა
ბრასია იშვიათად უნდა გადარგოთ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. უმჯობესია, ორქიდეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სუბსტრატი გამოიყენოთ, რომელიც შედგება არყის ხის ქერქით, სფაგნუმითა და ტორფით. შეგიძლიათ, მზა სუბსტრატში ხის ნახშირის ნატეხებიც ჩაამატოთ.

განოყიერება
ბრასია გაზაფხულსა და ზაფხულში თვეში ერთხელ უნდა გაანოყიეროთ. ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ მხოლოდ ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქი. ზამთარში განოყიერება საჭირო არ არის, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ტემპერატურა ძალიან დაბალია.

გამრავლება
ბრასია ყველაზე მარტივად ბუჩქის დაყოფით მრავლდება. ბუჩქის დაყოფა შეგიძლიათ, განახორციელოთ ადრიან გაზაფხულზე ან მას შემდეგ, რაც მცენარე გადაიყვავილებს.

დაავადებები და მავნებლები
ზოგჯერ მცენარეს ობობას ტკიპა უჩნდება, რის საწინააღმდეგოდაც საჭიროა ორქიდეას თბილი (45 გრადუსამდე) შხაპი მოუწყოთ.