როგორ მოვუაროთ ამარილისს?!

მებაღის რჩევები

3 თებერვალი 12:00, 2016 წელი
259

ეს ულამაზესი ყვავილდეკორატიული მცენარეა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული როგორც ღია გრუნტში, ისე საოთახო მემცენარეობაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად, ამარილისის მოვლისა და გამრავლების თავისებურებებს გაგაცნობთ.


ამარილისი (ლათ. Amaryllis)
- ამარილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბოლქვოვანი მცენარეა, რომელიც ბუნებაში ხარობს ენდემურად და, ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის ტყეებსა და უდაბნოებში, სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და ავსტრალიაში.
ამარილისს მსხლისებრი ბოლქვი აქვს, რომლის დიამეტრი 4-6 სმ-ს აღწევს და მონაცრისფრო-ყავისფერი ქერქითაა დაფარული.
გრძელი და ბრტყელი ფოთლები მწვანე შეფერილობისაა და ორ რიგადაა განლაგებული.
რაც შეეხება ყვავილებს, ის გრძელ ყვავილედზე ქოლგისებურადაა შეკრული და შეფერილობით შეიძლება იყოს - წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი და ა.შ.
არსებობს, ასევე, ამარილისის ფერადი სახეობებიც.

განათება
მოყვავილე ამარილისი აუცილებლად გაფანტულ შუქზე უნდა დადგათ, რადგან მზის პირდაპირი სხივები ყვავილებს მალე გაახუნებს და  დააჭკნობს.
ყვავილობის შემდეგ კი პირიქით - ფოთლებისა და ბოლქვის უკეთ განვითარებისთვის მცენარე ოთახის ყველაზე განათებულ ადგილას უნდა გადადგათ.


 


ტემპერატურა
ყვავილობის დროს ამარილისს ზომიერი ტემპერატურა სჭირდება (17-23 0C -ის ფარგლებში), მოსვენების პერიოდში კი ქოთანი შედარებით გრილ ადგილას (10-12 0C) უნდა გადაიტანოთ.

ჰაერის ტენიანობა
ამარილისი ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს, ამისთვის კარგი იქნება, დროდადრო ფოთლებზე წყლის შესხურება, ან ქოთნის სველი კენჭებითა და კერამზიტის ნატეხებით სავსე სადგამზე მოთავსება.

მოსვენების პერიოდი
მოსვენების პერიოდში ამარილისს ფოთლები და ფესვები უჭკნება - ამ დროს ქოთანი გრილ და ბნელ ოთახში მოათავსოთ და 2-3 თვის განმავლობაში (მოსვენების პერიოდის დასრულებამდე) არ მორწყოთ.

მორწყვა
ყვავილობის პერიოდში ამარილისი უხვად უნდა მორწყოთ ისე, რომ მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს.
ყვავილობის დასრულების შემდეგ კი, მორწყვა თანდათან შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.
მოსვენების პერიოდში (როცა მცენარეს ფოთლები დასცვივდება) თუ ამარილისის ბოლქვს გრილ და ბნელ ოთახში აზამთრებთ, ის მორწყვას მოსვენების პერიოდის დასრულებამდე არ საჭიროებს.

განოყიერება
ამარილისი ყვავილობის პერიოდში, 2 კვირაში ერთხელ, ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
ყოვლად დაუშვებელია ამ მიზნით ორგანული სასუქების გამოყენება

ნიადაგი და გადარგვა
ამარილისის ბოლქვი 3-4 წელიწადში ერთხელ, მხოლოდ მოსვენების პერიოდში უნდა გადარგოთ.
ბოლქვი მიწაში ისე უნდა ჩარგოთ, რომ მისი ზედა ნაწილი ნიადაგის სიმაღლეზე ჰქონდეს.
დროდადრო საჭიროა ძველ  ბოლქვზე განვითარებული „შვილეული“ ბოლქვების განცალკევებაც.
ეს შეგიძლიათ, გადარგვისას გააკეთოთ, თუმცა თუ ამარილისი ბოლქვების განცალკევების გარეშეც მშვენივრად გაიზრდება, უფრო გახშირდება და ეფექტურ ფორმას მიიღებს.
ამარილისის ბოლქვი მსუბუქ და ფხვიერ ნიადაგში უნდა ჩარგოთ.
ასეთი ნიადაგის მოსამზადებლად შეგიძლიათ, 1 წილი კორდის მიწა, 1 წილი გადამწვარი ნაკელი და 2 წილი ქვიშა ერთმანეთში გადაურიოთ.


გამრავლება
ამარილისი შეგიძლიათ, თესლით, ბოლქვის გაყოფით, ან „შვილეული“ ბოლქვების მეშვეობით გაამრავლოთ.
თესლის გამრავლებისთვის საჭიროა:
კარგად დამწიფებული თესლი მოაგროვოთ და დაუყოვნებლივ დათესოთ (5 მმ-ის სიღრმეზე). ნათესი დროდადრო უნდა მორწყოთ და გაანიავოთ.
ბოლქვის გაყოფით გამრავლებისთვის საჭიროა:
ბოლქვს ზემოთა ნაწილი მოაჭრათ ისე, რომ თავად ბოლქვი ნიადაგიდან არ ამოთხაროთ. შემდეგ ეს ბოლქვი ოთხ ნაწილად უნდა ჩაჭრათ (ვერტიკალურად), გაყოფის ადგილებში 5-6 მმ დიამეტრისა და 15 მმ სიგრძის მეტალის ან ხის „სპიცები“ ჩაამაგროთ და უკვე რამდენიმე ახალი მცენარის განვითარებას დაელოდოთ.
ამ შემთხვევაში, თქვენ, ერთის ნაცვლად, ოთხ მცენარეს მიიღებთ, რომელიც უკვე მომდევნო წლის გაზაფხულზე ცალ-ცალკე ქოთანში უნდა გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
რაც შეეხება „შვილეული“ ბოლქვებით გამრავლებას, ამისთვის „დედა“ მცენარეს ძველ  ბოლქვზე განვითარებული „შვილეული“ ბოლქვები უნდა მოაშოროთ და ცალკე ქოთანში გადარგოთ.
უმჯობესია, ეს ზაფხულობით გააკეთოთ.